Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდერ ქული: ხელშეკრულებით სოხუმი რუსეთს მიეჯაჭვება


სოხუმი, აფხაზეთი
სოხუმი, აფხაზეთი

ნიუ იორკში, ამერიკელმა ექსპერტებმა კრემლის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებული ალიანსისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების შესახებ იმსჯელეს. კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრ ქული დასავლეთის პასიურობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ კონფლიქტის მოწესრიგების მექანიზმი და სტრატეგია უნდა შეიცვლოს. რა გეგმები აქვს ევროკავშირს რუსეთთან დაკავშირებით და რა რეალობა არსებობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ-ამ თემაზე "ამერიკის ხმა" ექსპერტებს ესაუბრა.

ყირიმის ანექსიის შემდეგ ყოველთვის არსებობდა მოლოდინი, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე აფხაზეთი გახდებოდა, აფხაზეთი, სადაც სეპარატიზმის პოლიტიკას უფრო მეტი მხარდაჭერი ჰყავს, ვიდრე რუსეთთან იურიდიული, სამხედრო, ეკონომიკური ფორმით ინტეგრაციას. კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი ალექსანდრ ქული დასავლეთს აკრიტიკებს და ამბობს, რომ თუ აფხაზეთი რუსეთთან ხელშეკრულებას გააფორმებს, საბოლოოდ ის რუსეთზე დამოკიდებული გახდება.

"რუსეთთან ინტეგრაციის საქმეში ეს აფხაზეთისთვის წინგადადგმულ ნაბიჯს ნიშნავს. აფხაზებისთვის ნათელი იყო, რომ უსაფრთხოების კუთხით მთლიანად დამოკიდებული იყვნენ რუსეთზე. თუმცა ახლა, უკვე ამ ხელშეკრულებით ყველა სფერო იქნება მოცული. ბევრ გადაწყვეტილებას აფხაზეთის მაგივრად უკვე რუსეთი მიიღებს.

რაც შეეხება მომავალ ურთიეთობებს აფხაზეთსა და საქართველოს შორის: ჯერ არ ვიცით რა მოხდება. ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ დასავლეთი კონფორმისტულად იქცევა ამ სიტუაციაში. როცა არ გაქვს შენი პოზიცია ამ შეთავაზებასთან მიმართებაში ეს კარგი არ არის. დასავლეთი სამწუხაროდ არ არის ხელსაყრელ პოზიციაში. ფაქტია, რომ სარგებელს ვერ მოიტანს ის პოტენციური საფრთხე, რომელიც რუსეთ-აფხაზეთის ახალ ხელშეკრულებაშია ჩადებული."

მოვლენების პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აფხაზეთს ავტონომიური უფლებების ძველი მოდელი შესთავაზა. თუმცა ალექსანდრ ქული თვლის, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ეს წინადადება აფხაზეთმა მიიღოს.

"მე მგონი აფხაზები ძალიან არიან დაიტერესებული იმით, რომ დამოუკიდებლები იყვნენ. მათ დიდად არ სურთ რუსეთთან ინტეგრაცია და სამწუხაროდ, არც საქართველოს შემადგენლობაში ყოფნა სურთ. არ მგონია ეს ორი პოზიცია შეიცვალოს. აფხაზებს შეიძლება აინტერესებდეთ გაზრდილი უფლებები, გაზრდილი ავტონომიური უფლებები, ამასთან, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა ან რაც შეიძლება მეტი ავტონომია. თუმცა არ მგონია პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ვარიანტად აფხაზეთის საქართველოში რეინტეგრაცია განიხლებოდეს."

ალექსანდრ ქული აცხადებს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკას ართულებს, რადგან ალიანსს არ სურს მისი წევრი გახდეს ქვეყანა, სადაც სადავო ტერიტორიული საკითხები და კონფლიქტური სიტუაციები არსებობს. თუმცა, ქულის განცხადებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უფლება აქვს თვითნებურად იმოქმედოს. დასავლეთისთვის რუსეთთან ურთიერთობის პრობლემებზე კოლუმბიის უნივერისტეტში ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, იუსტიციის და საშინაო საკითხების კომიტეტის წევრი ანა გომესიც საუბრობდა. იგი ევროკავშირის იმ დელეგაციაში იმყოფებოდა, რომელიც გასულ წელს მაიდანზე უკრაინის ოპოზიციის მხარდასაჭერად ჩავიდა.

"დარწმუნებული ვარ, რომ ევროპამ ბევრად უფრო მეტი უნდა გააკეთოს უკრაინაში. მითუმეტეს არჩევნების შემდეგ. უნდა უფრო აქტიურად ვითანამშრომლოთ უკრაინის ხელისუფლებასთან, და დავეხმაროთ მას სტრუქტურის შესაცვლელად. ყველა ვთანხმდებით იმაში, რომ პრობლემა სამხედრო გზით არ უნდა მოგვარდეს. საჭიროა პოლიტიკური გზა. ცვლილებები საჭიროა თავად რუსეთში. თუმცა ეს ძალიან, ძალიან გრძელვადიანი პროცესია."

XS
SM
MD
LG