Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 6 აპრილი 2011


დღევანდელი ქართული პრესის მიმოხილვას, ტრადიციულად, „რეზონანსით“ დავიწყებთ, რომელიც დღეს აგრძელებს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებული მოლაპარაკების, უფრო სწორად, მოლაპარაკების მცდელობის გაშუქებას. " ‘რვიანი’ პასუხს ხელისუფლებისგან ელოდება” - ასეთია სათაური სტატიისა, რომელშიც ავტორი წერს, ”ვინც საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესებს ადევნებს თვალყურს, იცის, რომ პროცესი რამდენჯერმე სწორედ ხელისუფლების პოზიციის გამო შეფერხდა. ჯერ საკუთარი პოზიციის გამჟღავნება არ სურდათ, შემდეგ თითქმის არაფრის შეცვლა შესთავაზეს და ბოლოს ოპოზიციას დააბრალეს, რომ ისინი მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვენ და ეს მათთვის მიუღებელიაო”. - იქვე ავტორი ამატებს: არადა, ”ოპოზიცია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას კი არ ითხოვდა, არამედ ამომრჩეველთა რაოდენობისა და მანდატის წონადობის თანაბრობასო”.

თუ რას ითხოვს ოპოზიცია, ამას ”ახალ თაობასთან” საუბარში რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს: ”დღეს მაჟორიტარულ ოლქებში არჩეულად ითვლება ის, ვინც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას და თუ ეს რაოდენობა 30%-ზე მეტია. საკმარისია ერთმა კანდიდატმა 30%-ზე მეტი მიიღოს და სხვებმა უფრო ნაკლები, ის უკვე არჩეულად ითვლება. ამომრჩევლის დაახლოებით 70%-ის მოსაზრება შეიძლება საერთოდ არ იქნეს გათვალისწინებული. ჩვენ ვამბობთ, რომ ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქში გამარჯვებულად უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ის, ვინც მიიღებს არჩევნების მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს.”

პრესის ძირითად განსახილველ თემას რაც შეეხება, ეს კვლავინდებურად რევოლუციაა. ასეა უკვე რამდენიმე თვეა. დღესაც „ვერსიის“ პირველ გვერდს ამშვენებს წარწერა დიდი ყვითელი ასოებით: „რევოლუცია მოდის“, გვერდზე კი ამონარიდებია სხვადასხვა ინტერვიუებიდან, რომლებიც რევოლუციას ეხება. ჯანყის შესაძლებლობასა თუ შეუძლებლობაზე გაზეთს სოზარ სუბარი, ეკა ბესელია, გოჩა ჯოჯუა და ფილიპ დიმიტროვი ესაუბრნენ. ეს უკანასკნელი ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელია საქართველოში. ანუ გაზეთის ლამის ნახევარზე მეტი ამაზეა - იქნება თუ არა რევოლუცია, უნდა იყოს თუ არა, საშიშია თუ არა... სოზარ სუბარი ამბობს, არ არის საშიშიო.

”24 საათი” გვამცნობს დღეს, თბილისში შუქნიშნები ახალი რეჟიმით მუშაობსო. 195 შუქნიშნიდან 175-ზე ყვითელი ფერი აღარ აენთება, მხოლოდ წითელი და მწვანე. მერიაში გაზეთს უთხრეს, ყვითელი ფერის ხანგრძლივობაც მწვანეს მიემატება და გავლის ხანგრძლივობა გაიზრდებაო.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG