Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა, 26 მარტი 2011


ძალოვანი სტრუქტურები არაადეკვატურ ქმედებაში და მათ უკან მდგომი ხელისუფლება კი ავტორიტარულ გადაწყვეტილებებში კიდევე ერთხელ არიან შემჩნეულნი დღევანდელი „რეზონანსის“ მთავარ სტატიაში, სათაურით "გამოცხადებული ტერორის ქრონიკა". მთავარი მარტივი იურიდიული შეკითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის შემდეგი: რამდენი ადამიანი იმყოფებოდა გუშინ სასჯელაღსრულების სამინისტროს შენობის წინ ან რა ზომისაა ფართობი, რომელსაც ეს ადამიანები იკავებდნენ? და, აი, რატომ: აქციის მონაწილენი ამბობენ, რომ მათ ყველა დოკუმენტი ჰქონდათ აქციის გასამართავად, თუმცა, როგორც სტატიიდან ირკვევა, ის, თუ რა შემთხვევაში შეიძლება გზის გადაკეტვა, წყდება სუბიექტური შეფასებით. ანუ, თუ პროტესტანტთა რაოდენობა იმდენია, რომ ისინი გზის არასავალ ნაწილზე არ ეტევიან, როგორც სტატიიდან ირკვევა, მათ შეუძლიათ გზის გადაკეტვა. თუ მხოლოდ რამდენიმე კაციაო და გზა, შესაბამისად, ხელოვნურად იკეტება, მაშინ არაო. მოკლედ, აქციის მონაწილენი ამბობენ, დიახ, აქციაზე იმდენი ხალხი იყო, რომ ისინი ფეხით მოსიარულეთა გზაზე ვერ დაეტეოდნენო. როგორც ჩანს, სხვა შეხედულებისაა პოლიცია, რომელმაც არა მარტო გზის გახსნა მოითხოვა, არამედ შვიდი ადამიანი სასამართლოს ჩააბარა, სასამართლომაც კურსი განაგრძო და ჯარიმები დაარიგა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად. „რეზონანსის“ გვერდზე აქციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ აქცია ბევრ ტელეკამერას აქვს გადაღებული და იმის დადგენა, თუ რამდენი ადამიანი იყო აქციაზე, ადვილია. თუმცა ამ მთავარ დეტალს სტატიაში ნაკლები დრო ეთმობა და უფრო მეტი სივრცე პოლიტიკურ განცხადებებს უკავია.

როგორია კავკასიის სეისმური მდგომარეობა, როგორია მიწისძვრათა სტატისტიკა და ატომური საფრთხეები? არა, პოლიტიკას ვერც აქ გაექცა „რეზონანსი“. ინტერვიუში მწვანეთა მოძრაობის ლიდერ გიორგი გაჩეჩილაძესთან წინა პლანზე წამოიწია სომხეთის ატომური ელექტროსადგური და რუსეთის ხელში არსებული ბერკეტები, გამოიწვიონ ხელოვნური მიწისძვრები რეგიონში. ასეა თუ ისე, ინტერვიუში ბევრ საინტერესო დეტალზეა ყურადღება გამახვილებული. მაგალითად, აქ წაიკითხავთ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიიდან“ ფრაგმენტს, რომელიც გიორგი გაჩეჩილაძეს მოჰყავს. „უსაფრთხოების სტრატეგიაში“ ყოფილა ცალკე თავი, რომელიც ეძღვნება საქართველოს წინაშე მდგარ ეკოლოგიურ საფრთხეებს. ამ თავში ზოგადი საფრთხეების ხსენების შემდეგ, მერვე პუნქტში, წერიაო: ”საქართველოს განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ეკოლოგიური ზიანი, რომელიც გამოწვეულია რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის საქმიანობით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, აფხაზეთის სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე.” - ამ ციტატის მოყვანის შემდეგ გიორგი გაჩეჩილაძე დასძენს: ”ამით მთავრდება ეკოლოგიური გამოწვევები საქართველოსთვის, თურმე ყველაზე დიდი გამოწვევა ყოფილა სოჭის ოლიმპიადა.”

მწვანეთა პარტიის ლიდერის თქმით, ქვეყნისთვის უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს სომხეთის ატომური სადგური, რომელიც საკმაოდ დაუცველია და მისი დაზიანებისა და ქარის არასასურველი ტრაექტორიის შემთხვევაში რამდენიმე საათში შესაძლოა თბილისის ევაკუაციის საჭიროება შეიქნეს. საფრთხეებზე მეტს არ ვიტყვი. არის ერთი საინტერესო დეტალი, რომლის დამატებასაც თურმე მწვანეთა პარტია ცდილობს ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტში. გიორგი გაჩეჩილაძის თქმით, ამ დეტალით ნაციონალური ტელევიზიები არ ინტერესდებიან. მწვანეთა პარტიას სურს, ხელისუფლებამ ქმედითობისათვის სტრატეგიაში გაწეროს, პირველი, ის, რომ არ შეიძლებოდეს ატომური იარაღის, მოწყობილობათა ტრანზიტი ქვეყანაში; მეორე, აიკრძალოს ატომური სადგურის ან ბირთვული ობიექტების მშენებლობა ქვეყნის ტერიტორიაზე, რადგან, პარტიის აზრით, სეისმურად საქართველო მსგავსი ობიექტებისთვის საშიში ტერიტორიაა (გიორგი გაჩეჩილაძე იხსენებს საფრანგეთში პრეზიდენტ სააკაშვილის ფარულ მოლაპარაკებებს, როცა პრეზიდენტი, მისი თქმით, ცდილობდა ეს გაეკეთებინა.) და, მესამე, რასაც მწვანეები ითხოვენ, არის თავის დაცვა რადიაქტიული ნარჩენებისგან, რომელთა გადამუშავება ან სხვა მიზნისთვის შემოტანა ქვეყანაში უნდა აიკრძალოს. გიორგი გაჩეჩილაძე ეჭვობს, რომ სომხეთის ატომური სადგურისთვის მასალისა და ნარჩენის ნაკადები შესაძლოა საქართველოზე გადიოდეს: ”რადიაციული უსაფრთხოების ტრანზიტის აკრძალვის შესახებ კანონი არსებობს, მაგრამ კონცეფციაში ამ პუნქტების შეტანით გვსურს დაადასტურონ (ხელისუფლება იგულისხმება), რომ რაც კანონში წერია, შესრულდება.”

"საქართველო ინოვატორი ბიზნესისა და მენეჯმენტის სწავლებაში"- ამ სათაურის ქვეშ „ოცდაოთხ საათში“ ვხვდებით შეხედულებას, რომ მართვის ახალი მოდელების შექმნაში საქართველო და ქვეყნები, რომელთაც მენეჯმენტის ნაკლები გამოცდილება აქვთ, მეტად არიან მიდრეკილნი ინოვაციებისკენ, უფრო მეტადაც, ვიდრე ევროპა ან ამერიკის შეერთებული შტატები. მოკლედ, სტატია იმაზეა, რომ სექტემბრის თვეში საქართველოში იგეგმება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მენეჯმენტის განვითარების ასოციაციის ეგიდით კონფერენცია, სახელწოდებით "მენეჯმენტის განვითარება ცვალებად სამყაროში". კონფერენციას 250-მდე ბიზნესსასწავლებლის დეკანები დაესწრებიან.

"განვითარების პროექტი ერთი რაიონის მაგალითზე", - წერს „24 საათი“ და გულისხმობს, რომ მოდელი შესაძლოა სხვა რეგიონებსაც მოედოს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ, დასავლური პროგრამების მხარდაჭერით, დუშეთის რეგიონში იწყება ინსტიტუციური მართვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებაზე მიმართული პროგრამები. ძირითადი აქცენტები ტურიზმსა და ხალხურ რეწვაზე დაისმება. ანუ ეს ნიშნავს, განვითარდეს კულტურული ტრადიცია - მაგალითად, ხალხური რეწვის - და არა მარტო განვითარდეს, არამედ გაიყიდოს, რეკლამირება მოხდეს... ეს ფაქტორი მცირე სტატიაში ტურიზმზეა გადაბმული, სულისკვეთება იგივეა - შეიქმნას რუკები, დადგინდეს კულტურული მარშრუტები და ასე შემდეგ… მოკლედ, დიდ ბაზარში დუშეთის ჩართვისათვის მზადების პროგრამებზე წერს „24 საათი“. პროექტები იწყება და გაგრძელდებაო, წერს გაზეთი.

კვირის განმავლობაში პრესა აქტიურად აშუქებდა მთავრობის წარმომადგენელთა საპარლამენტო გამოსვლებს; კითხულობდა, გადააქცია თუ არა ხელისუფლებამ ქვეყანა ერთ დიდ ციხედ; სჯერათ თუ არა დასავლეთში კარგად შეფუთული "დემოკრატიული სინგაპურის" იდეისა; შიგადაშიგ ურევდა სარეკლამო დანიშნულების სტატიებს, რომლებიც იყიდება როგორც ახალი ამბავი ან თემა; ბევრს ჭორაობდა, ვინ ვის რა უთხრა და რა შეიძლება ეგულისხმა; კულუარებიდან, როგორც ყოველთვის, აცნობდა მკითხველს ზურგს უკან ვინ ვის უგებს მახეებს; აქცენტირებდა საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და დანიშნულებაზე მსოფლიოში; გვთავაზობდა რელიგიის დანიშნულებისა და მოტივაციის გადახედვა-გადასინჯვას ყოველდღიურ ცხოვრებაში; საუბრობდა მოახლოებულ არჩევნებზე და იმაზე, თუ რას გეგმავს ხელისუფლება ან ოპოზიციური „რვიანი“; ასევე ბევრს საუბრობდა მსოფლიოში მიმდინარე რევოლუციურ ტალღაზე, რომელსაც საქართველოს ჭრილში განიხილავდა; წინა პლანზე წამოიწია ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმემ, სათაურით "ღონღაძის საქმე კუჩმას წინააღმდეგ".
XS
SM
MD
LG