საელჩოს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ირანს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. შეხვედრაზე აღინიშნა პოზიტიური თანამშრომლობა ტურიზმის მიმართულებით.
„შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო რეგიონში არსებულ ვითარებას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დიალოგისა და დიპლომატიური ძალისხმევის განსაკუთრებულ მნიშვნელობას დეესკალაციისა და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
თანამშრომლობა „პრაქტიკულ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს“ - ფეზეშქიანი
ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული პრესრელიზის თანახმად, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრისას მან საქართველოსთან ურთიერთობების გასაძლიერებლად „მკაფიო ჩარჩოსა და დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა“.
ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის მზარდი ეკონომიკური, კულტურული და ტურისტული კავშირები პრაქტიკულ თანამშრომლობაში უნდა გადაიზარდოს.
განცხადების თანახმად, ფეზეშქიანმა აღნიშნა, რომ თეირანსა და თბილისს ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად „გამჭვირვალე მექანიზმები და კონკრეტული ვადები სჭირდებათ“.
პრესრელიზის მიხედვით, ირანის პრეზიდენტმა შეხვედრისას აშშ-ის მიერ მისი ქვეყნის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა. მან ეს ზომები ჰუმანიტარული პრინციპების საწინააღმდეგოდ შეაფასა, ხოლო ირანზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმებს „გაუმართლებელი და არაადამიანური“ უწოდა.
ფეზეშქიანმა ასევე განაცხადა, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას არ ცდილობს და უარყო ის, რასაც ქვეყნის წინააღმდეგ გავრცელებულ „ცრუ პროპაგანდას“ უწოდებს. მისივე თქმით, ირანი ყოველთვის მზად იყო დიალოგისთვის, თუმცა ზეწოლას არ დაემორჩილება.
კობახიძის ვიზიტი
კობახიძე ერევანში გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა მე-17 კონფერენციის (COP17) ლიდერთა სამიტში მონაწილეობს.
სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, კობახიძემ ძირითადად გარემოს დაცვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ეკონომიკური განვითარების საკითხებზე ისაუბრა.
მისი განცხადებით, გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოში ტყის აღდგენისა და გაშენების სამუშაოები 7 ათას ჰექტარზე მეტ ფართობზე ჩატარდა, ხოლო 2030 წლისთვის ხელისუფლება ამ მაჩვენებლის სულ მცირე 20 ათას ჰექტრამდე გაზრდას გეგმავს.
ურთიერთობები ირანთან
ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფონზე თბილისს თეირანთან პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები არ შეუწყვეტია.
მაგალითად, 3 ივლისს „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტად არჩეული მიხეილ ყაველაშვილი თეირანში ჩავიდა, სადაც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში ის ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანსაც შეხვდა.
აქტიურია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებიც. მაგალითად, 2026 წელს საქართველოდან ირანში ავტომობილების რეექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.
ამასთან, სექტემბერში, აშშ-ის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ, ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ბოლო რეისი 20 სექტემბერს შესრულდა. ირაკლი კობახიძე აცხადებდა, რომ საქართველო ითვალისწინებს საერთაშორისო შეზღუდვებს, თუმცა ირანს ორმხრივ სანქციებს არ უწესებს.
საქართველოში ირანის ელჩი სეიედ ალი მოჯანი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ისტორიულ საკითხებზე აქტიურად აკეთებს განცხადებებს. მის არაერთ განცხადებას ხელისუფლების მხრიდან ოფიციალური რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა 30 სექტემბერს ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.
ამის მიზეზი ქეთევან დედოფლის შესახებ ელჩის განცხადება გახდა. მოჯანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქეთევან დედოფლის ისტორიის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს და ამ საკითხზე საკუთარი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას გეგმავდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩს განუმარტეს, რომ მისი განცხადებები დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს სცდებოდა და მოუწოდეს, თავი შეეკავებინა საქართველოს ისტორიისა და შიდა საკითხების ინტერპრეტირებისგან.
ფორუმი