ორგანიზაცია იცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ორი პირის უფლებებს. ორივე საქმე ეხება მათთვის გადაუდებელ და სხვა სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვას, მათი ინდივიდუალური, მათ შორის კომუნიკაციისა და ქცევითი საჭიროებების გაუთვალისწინებლობასა და შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციას.
PHR-ის განცხადებით, 2026 წლის 13 აგვისტოს სახალხო დამცველმა ორი საქმის ერთობლივი შესწავლის საფუძველზე დაადგინა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებების მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობა და გამოავლინა სისტემური პრობლემები, რომლებიც შშმ პირებს ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე თანასწორ და უსაფრთხო წვდომაში უშლის ხელს.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის მინისტრს და მოუწოდებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სამედიცინო მომსახურების ერთიანი პროტოკოლის შემუშავებისკენ.
ამასთან, ომბუდსმენმა საჭიროდ მიიჩნია სამედიცინო მომსახურებაზე უარის შემთხვევების სავალდებულო აღრიცხვა და სამედიცინო პერსონალის გადამზადება.
რა საქმეებზე დაადგინა ომბუდსმენმა დისკრიმინაციის ფაქტები?
19 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელიც ვერ საუბრობს, უსინათლოა და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, 2025 წლის 21 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და ძლიერი ტკივილის ნიშნების გამო დედამ რამდენიმე კლინიკაში მიიყვანა, თუმცა მის მიღებასა და გადაუდებელი დახმარების გაწევაზე უარს ამბობდნენ და მის მდგომარეობას, ქცევითი და კომუნიკაციის თავისებურებების გამო, ფსიქიატრიულ საჭიროებას უკავშირებდნენ.
საბოლოოდ ის დაგვიანებით მოათავსეს კლინიკაში. მალევე მისი მდგომარეობა კრიტიკულად დამძიმდა - დასჭირდა ინტუბაცია და რეანიმაციაში 28 დღე გაატარა.
სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დარღვევები სამ კლინიკაში გამოავლინა: „წმინდა მიქაელის ჰოსპიტალსა“ და „გლობალმედის საუნივერსიტეტო კლინიკაში“ პაციენტს გადაუდებელი დახმარება არ გაუწიეს, „ჯეო ჰოსპიტალსში“ კი მისი ჰოსპიტალიზაცია და დახმარება დაგვიანდა. სახალხო დამცველმა პირველი ორი კლინიკის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციაც დაადგინა.
რაც შეეხება მეორე შემთხვევას, 2021 წლის 26 ნოემბერს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შშმ პირი მშობელმა თბილისის ოთხ სხვადასხვა კლინიკაში მიიყვანა, თუმცა PHR-ის ინფორმაციით, შესაბამისი სამედიცინო დახმარება არცერთ მათგანში არ გაუწიეს. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში უარი იმით ახსნეს, რომ პაციენტი მომსახურებაზე თანხმობას არ გამოხატავდა, მიუხედავად იმისა, რომ დედამ კლინიკას სასამართლოს გადაწყვეტილება წარუდგინა, რომლის თანახმადაც იგი შვილის მხარდამჭერი იყო. პაციენტის მდგომარეობა მოგვიანებით კიდევ უფრო დამძიმდა და 2022 წლის 29 იანვარს, მე-5 კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაციის დროს გარდაიცვალა.
გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დღემდე მიმდინარეობს. სახალხო დამცველმა ღუდუშაურის ცენტრის მხრიდან შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. საქმემ კიდევ ერთი პრობლემა გამოავლინა: კლინიკები მომსახურებაზე უარისას პაციენტს ხშირად არ არეგისტრირებენ და უარს დოკუმენტურად არ აფიქსირებენ, რაც შემდგომ შესაძლო დარღვევისა და დისკრიმინაციის დამტკიცებას ართულებს.
ფორუმი