ტრამპმა 19 აგვისტოს თავის სოციალურ ქსელ Truth Social-დაწერა, რომ ირანს მან მისცა შეთანხმების მიღწევის ყველაზე დიდი შესაძლებლობა, რაც არ გამოიყენა, ამიტომ „იქნება ეკონომიკური ომი და იზოლაცია უპრეცედენტო მასშტაბის“. აშშ-ის პრეზიდენტს დეტალები არ დაუკონკრეტებია.
ტრამპმა მოსალოდნელი „უზარმაზარი ეკონომიკური შედეგების" შესახებ გააფრთხილა ქვეყნები, რომლებიც ირანს რაიმე სახის დახმარებას გაუწევენ.
კერძოდ, თავიანთ საფინანსო ინსტიტუტებს, საწარმოებს, ან სამთავრობო სტრუქტურებს მისცემენ ირანისთვის ნებისმიერი სახის დახმარების გაწევის შესაძლებლობას. ტრამპის თანახმად, დაუყოვნებლივ უნდა დასრულდეს ნავთობის კონტრაბანდა, ფულადი გადარიცხვები, გადამცვლელი პუნქტები, გემების რეესტრები და ფასადური კომპანიები.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, სჭირდებათ ყველა მოკავშირის მხარდაჭერა ირანის იზოლაციისა და ირანული საფრთხის დასამარცხებლად.
წინა მოვლენები
აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ 2026 წლის თებერვლის ბოლოს დაწყებულ მასშტაბურ სამხედრო ოპერაციას, რომელსაც ირანმა რეგიონში ვაშინგტონის მოკავშირეებზე დარტყმებით და ნავთობისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით უპასუხა, აპრილში მოჰყვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამოცხადება და მოლაპარაკებების გაგრძელება.
აშშ-ის მთავარი მოთხოვნაა ირანმა უარი თქვას ბირთვულ პროგრამაზე.
ივნისში შეერთებულმა შტატებმა და ირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს და საბოლოო შეთანხმების მისაღწევად შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკებები გაგრძელდა.
ივლისში შეერთებულმა შტატებმა ირანი დაადანაშაულა მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში და ირანზე დარტყმები განაახლა. თავის მხრივ, ირანმა, რომელიც გემების მასთან შეთანხმებული მარშრუტით მოძრაობას მოითხოვდა, განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა. შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.
მემორანდუმით გათვალისწინებული 60-დღიანი ვადა, რომლის განმავლობაშიც მხარეებს მოლაპარაკებების შედეგად საბოლოო შეთახმებისთვის უნდა მიეღწიათ, უშედეგოდ ამოიწურა.
ბოლო ხანს დასავლეთის არაერთმა მედიასაშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს უარყო და დაპატიმრებით დაემუქრა მათ, ვინც მსგავს „მოღალატეობრივ განცხადებებს" ავრცელებს.
19 აგვისტოს, სანამ ირანს ეკონომიკურ ომს გამოუცხადებდა, პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანთან მოლაპარაკება შესაძლოა, რაღაც მომენტში გაგრძელდეს. მან გაიმეორა, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი.
ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-ის ცნობით, უზენაესი ლიდერის მრჩეველმა მოჰამად მოხაბერმა განაცხადა, რომ ირანი დიალოგისთვის ისევ მზად არის, სამხედრო ზეწოლა და სანქციები კი ირანის სიმტკიცეს ვერ გასტეხენ.
ირანის წინააღმდეგ ათწლეულებია მოქმედებს აშშ-ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები.
პრეზიდენტ ტრამპის მიერ ირანისთვის ეკონომიკური ომის გამოცხადებამდე ცნობილი გახდა, რომ ირანთან ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციები შეაჩერა არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა. ამ ქვეყნის ხელისუფლებამ ირანი დაადანაშაულა იმაში, რომ საამიროების სანაპიროსთან მყოფი გემების მიმართულებით ორი რაკეტა ისროლა. თეირანმა ეს ბრალდება უარყო.
ფორუმი