გადაწყვეტილება 19 აგვისტოს გამოაცხადა მოსამართლე ლევან ნუცუბიძემ, რასაც ბრალდებულის მხარდამჭერთა პროტესტი მოჰყვა.
პროკურატურა მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში აზუსტებს, რომ ცეკვის მასწავლებელს ედავებოდნენ სამი არასრულწლოვანისადმი გარყვნილ ქმედებას - „წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი სამი პირის მიმართ ნდობის და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით გარყვნილი ქმედების ჩადენას“.
ბრალდების თანახმად:
- კერძო საცეკვაო სტუდიის დამაარსებელმა და ამავე სტუდიის პედაგოგმა, - 59 წლის მამუკა მესხიშვილმა - 2026 წლის 17 მარტს, „თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი მოსწავლის მიმართ, ნდობისა და ავტორიტეტული მდგომარეობის გამოყენებით, განახორციელა გარყვნილი ქმედება“;
- „ბრალდებულმა ასევე, 2021 წლის თებერვლის თვეში და 2023 წლის ოქტომბრის თვეში ანალოგიური ხასიათის ქმედებები განახორციელა მისი სტუდიის ორი სხვა მოსწავლის მიმართ“.
მასწავლებელი 2026 წლის 17 მარტს დააკავეს.
დაზარალებული ბავშვის ოჯახის წევრმა განაცხადა, რომ „პედოფილია დასჯადია და იმედია, ეს იქნება საბოლოო წერტილი... და აწი აღარავინ არ გააკეთებს ასეთ რამეს“.
- როგორც რადიო თავისუფლება წერდა, საქართველოში ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტები ხშირია.
- სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მხოლოდ 2022 წლის რვა თვის მონაცემებით, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრმა, მხოლოდ თბილისის მასშტაბით, მომსახურება გაუწია სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 80 ბავშვს.
ფორუმი