აშშ-ში სამშაბათს, 18 აგვისტოს, სასამართლომ დაიწყო ფეისბუკისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანია Meta-ს წინააღმდეგ შეტანილ სარჩელის განხილვა. სარჩელი 29 შტატისგან შემდგარმა კოალიციამ შეიტანა.
ოთხი წამყვანი შტატი - კალიფორნია, კოლორადო, კენტუკი და ნიუ-ჯერსი - Meta-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მან კომერციული სარგებლის მიღების მიზნით განზრახ გამოიყენა ტექნოლოგიები, რომლებიც ახალგაზრდებში სოციალურ ქსელებში ურთიერთობისადმი დამოკიდებულებას იწვევს. ამასთან, როგორც ირწმუნებიან, კომპანიას ახალგაზრდა მომხმარებლები მოსალოდნელი ზიანის შესახებ არ გაუფრთხილებია.
მოსარჩელეები Meta-სგან მორალური ზიანის კომპენსაციის სახით ითხოვენ 1,4 ტრილიონ დოლარს, ასევე მისი პროდუქტების დიზაინის შეცვლას. დიზაინი, მათ მიერ წარმოდგენილი პოზიციით, შესაბამისობაში უნდა მოვიდეს მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნებთან, რომელსაც, მათი აზრით, Meta არღვევს. გარდა ამისა, მათ მიაჩნიათ, რომ დაირღვა ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის აქტიც (COPPA).
„მზად ვართ დავამტკიცოთ, რომ მათ [კომპანია Meta - რ. თ.] შეცდომაში შეჰყავთ მომხმარებლები ფეისბუკისა და ინსტაგრამის საფრთხეებთან დაკავშირებით, განაცხადა მედიაკომპანია NPR-თან ინტერვიუში ნიუ-ჯერსის შტატის გენერალურმა პროკურორმა ჯენიფერ დევენპორტმა. „ისინი მოგებას ახალგაზრდების მთელი თაობის ჯანმრთელობაზე მაღლა აყენებენ“.
სარჩელში ნათქვამია, რომ თავის სოციალურ ქსელებში Meta იყენებს ტექნოლოგიებს, რომლებიც იპყრობს მომხმარებლის ყურადღებას და აიძულებს მას, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს სოციალურ ქსელებში: პოსტებზე „ლაიქების“ დასმის შესაძლებლობას, უსასრულო სკროლინგის შესაძლებლობასა და ისეთი ალგორითმების ჩართვის რეკომენდაციებს, რომლებიც „აქეზებს ქსელში დარჩენის აკვიატებულ სწრაფვას“. მოსარჩელეთა აზრით, ამას კომპანიისთვის მოგება მოაქვს რეკლამის ჩვენებიდან. რაც უფრო დიდხანს რჩებიან ბავშვები სოციალურ ქსელში და რაც უფრო მეტად არის რეკლამა მათს სამიზნე ჯგუფზე მიმართული, მით უფრო მეტ მოგებას იღებს Meta.
ასევე სარჩელში აღნიშნულია, რომ Meta უგულებელყოფს ბავშვებისა და მოზარდების უსაფრთხოებას და ქმნის პროდუქტებს, რომლებიც ბავშვებს სწავლასა და ძილს სწყვეტს, ხოლო ფოტოების ვიზუალურმა ფილტრებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებასა და კვებითი ქცევის დარღვევებს. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ Meta-მ იცის იმის შესახებ, რომ მისი „მილიონობით“ მომხმარებელი 13 წელზე ნაკლები ასაკისაა - მიუხედავად იმისა, რომ მან თავად დააწესა ასეთი ასაკობრივი ბარიერი თავისი სოციალური ქსელებისთვის - და რომ კომპანია მათ პერსონალურ ინფორმაციას მშობლების თანხმობის გარეშე აგროვებდა.
Meta-ს იურისტებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ კომპანია ყოველთვის ზრუნავს თავისი ყველა მომხმარებლის უსაფრთხოებაზე, ხოლო „სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება“ არ არსებობს. მათ სინანული გამოთქვეს იმის გამო, რომ მოსარჩელეები არ ითვალისწინებენ, რამხელა სარგებელი მოაქვს სოციალურ ქსელებს ურთიერთობის, განათლებისა და შემოქმედებისთვის ახალი შესაძლებლობების გახსნით. Meta-ს წამყვანმა ადვოკატმა პოლ შმიდტმა წარმოადგინა სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ დაახლოებით ყოველი მეხუთე ბავშვი აღიარებს, რომ სოციალური ქსელების გამო ის თავს უარესად გრძნობს, მაშინ როდესაც ბავშვების 41% ამტკიცებს, რომ სოციალური ქსელები მათ ცხოვრებას უკეთესს ხდის, ხოლო კიდევ 41% ვერ ხედავს სოციალური ქსელების ვერანაირ გავლენას ცხოვრების ხარისხზე.
სასამართლო მოსმენები სულ მცირე ექვს კვირას გაგრძელდება.
ფორუმი