Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას - გამოხმაურებები აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე

18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან.
18 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან.

პარტნიორი ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე კვლავ უცვლელია მოწოდება: რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები.

  • აშშ-ს საელჩო: „დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას“.
  • საფრანგეთის, გერმანიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროები: „კიდევ ერთხელ ვგმობთ რუსეთის სამხედრო ძალის ყოფნას ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს არღვევს საერთაშორისო სამართლისა და რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე მილიტარიზაცია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, ასევე რეგიონულ და ევროპულ სტაბილურობას“.
  • უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსულმა სამყარომ“ საქართველოს მიწაზე მოიტანა სიკვდილი, ნგრევა, უკანონობა და სიღარიბე - ისევე, როგორც ყველგან მსოფლიოში, სადაც კი მან ფეხი მოიკიდა. საქართველოს რეგიონები, რომლებსაც წარმატებული განვითარების პერსპექტივა ჰქონდათ, რუსმა აგრესორმა და მისმა მარიონეტულმა ძალებმა გადააქციეს დეპრესიულ ზონად, სადაც ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა“...

    ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ქართული მიწების ოკუპაციას და ამ პოლიტიკის ერთგულნი დავრჩებით მანამ, სანამ რუსი ოკუპანტი საქართველოს არ დატოვებს“.
  • ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „2008 წლის აგვისტოში რუსეთის ჯარები შეიჭრნენ საქართველოში. 18 წლის შემდეგაც კი ოკუპაცია გრძელდება. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოში ისევე, როგორც უკრაინაში, შეწყვიტოს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და პატივი სცეს მეზობლების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
  • პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის მე-18 წლისთავზე, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს. პოლონეთი ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“.
  • ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „18 წლის წინ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი დაიწყო და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები დაიპყრო. ლიეტუვა გმობს ამ რეგიონების მიმდინარე უკანონო ოკუპაციას და მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.
  • ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი: „2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ოკუპირებული რჩება. ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“.

რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა.

ხუთდღიანმა ომმა საქართველოს 400-ზე მეტი მოქალაქის - სამხედრო და სამოქალაქო პირების - სიცოცხლე იმსხვერპლა და 30 000-მდე დევნილად აქცია.

რუსეთის მიერ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიის 20%.

ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების 169 სამხედრო მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 თანამშრომელი და 220-ზე მეტი სამოქალაქო პირი.

აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა საქართველოს ორი ტერიტორია, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG