Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს, თუმცა ამას მალევე გეგმავს

„ოცნება“ ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებს თვითმმართველობის არჩევნებამდე არ აკრძალავს, თუმცა ამას მალევე გეგმავს


„ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გეგმავს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ფოტოზე: პარტიის ლიდერები ამბროლაურში 2024 წელს
„ქართული ოცნება“ არჩევნების შემდეგ გეგმავს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას. ფოტოზე: პარტიის ლიდერები ამბროლაურში 2024 წელს

"ოცნება“ აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს, - რომლებსაც იგი „კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს, - არ აკრძალავს ადგილობრივ არჩევნებამდე. ამის საფუძვლად იგი ასახელებს პარტიების გაუქმებისათვის საჭირო პროცედურებისთვის არასაკმარის დროს - რაც საგამოძიებო კომისიის მუშაობის ვადის გაზრდამ განაპირობა.

სადავო პარლამენტში „ქართული ოცნების“ საგამოძიებო კომისიას მუშაობის თავდაპირველად დათქმული 3-თვიანი ვადა 5 მაისს ეწურებოდა, თუმცა მცირე ხნის წინ, - 10 აპრილის სხდომაზე, - კომისიამ ამ ვადის ერთი თვით გახანგრძლივება ითხოვა.

14 აპრილს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისში პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ვადის გახანგრძლივების თხოვნას ეთანხმებიან, თუმცა თქვა, რომ ეს გარკვეულ ცვლილებებს გამოიწვევს:

„კომისიის მხოლოდ 3-თვიანი ვადის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თვითმმართველობის არჩევნებამდე ყველა პროცედურის [პარტიების აკრძალვის შესახებ - რ.თ.] შესაბამისი წესის დაცვით მოსწრება. თუმცა თუ ჩვენ ვადას 1 თვით ვახანგრძლივებთ, ამ პროცესის ამ ვადაში პროცესის დასრულება შეუძლებელია“.

„შესაბამისად, მივიღებთ ობიექტურ რეალობას, როდესაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას კიდევ ერთხელ ექნება არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ კომისიის ვადის გაგრძელებაზე უარს არ ვიტყვით, რადგან ჩვენი გუნდისთვის არც ერთი და არც მეორე შემთხვევა პრობლემას არ წარმოადგენს. ზოგი ჭირი მარგებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძემ ასევე გამოიყენა სიტყვათშეთანხმება „გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - ეს არის 1921 წელს საბჭოთა ჯარების მიერ მოკლული მოწყალების დის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სიტყვები, რომლებიც პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების ერთგვარ სიმბოლოდ იქცა:

„მზად ვართ, რომ მიმდინარე წლის თვითმმართველობის არჩევნებზე აგენტურულ პარტიებს ჯერ ხალხმა გასცეს საკადრისი პასუხი და სახელოვნად გავიმარჯვოთ“, - თქვა მან.

მდინარაძის თქმით, არჩევნების შემდეგ მოამზადებენ საკონსტიტუციო სარჩელს, „რომელიც, თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ობიექტურად უნდა გახდეს კოლექტიური ნაცმოძრაობის აკრძალვის საფუძველი წელსვე, თვითმმართველობის არჩევნებიდან ძალიან ახლო პერიოდში“.

მდინარაძემ განაცხადა ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის შესასწავლი საკითხების ნუსხა ვრცელია, რომ „კომისიის სახელზე ასობით განცხადება შედის“, რომლებშიც „ენმ-ისა და მისი სატელიტი პარტიების შემზარავ ისტორიებს“ მოუთხრობენ: „ყველა მათგანის საგამოძიებო კომისიაზე გატანა, შესწავლა პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მოასწროს“.

ამასთან, მდინარაძემ კიდევ ერთხელ უწოდა „აგენტურა“ ოპოზიციურ პარტიებს და განაცხადა, რომ აქვს მოლოდინი, „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის“ „პატრონები და დამფინანსებლები“ პარტიებს „დაავალებენ“ არჩევნებში მონაწილეობას.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შესასწავლად „ქართულმა ოცნებამ“ კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შექმნა.

27 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ გააფართოვა კომისიის მანდატი და ის აღარ შემოიფარგლება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით - იგი გაგრძელდა 2024 წლამდე.

არაერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომლებიც დაიბარეს, კომისიაზე არ გამოცხადდა. ამის გამო მათ „ქართული ოცნების“ მთავრობის პირობებში პატიმრობა ემუქრებათ.

რამდენიმე მათგანის წინააღმდეგ პროკურატურამ საქმე აღძრა და სასამართლომ გირაო შეუფარდა. მათ შორის არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ირაკლი ოქრუაშვილი და სხვები.

ფორუმი

XS
SM
MD
LG