გადაწყვეტილებებში წერია, რომ პარტიის, „კონსერვატორები საქართველოსთვის“
- წარდგენილი ბეჭდის ესკიზი არ შეესაბამება წესდებაში მითითებულ აღწერილობას.
- პარტიის დამფუძნებელთა მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადობის მოწმობის ნომერი, სამუშაო ადგილი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და ტელეფონის ნომრები) არ იყო დადგენილი წესით წარდგენილი.
განაცხადი პარტიის რეგისტრაციაზე რეესტრის ვებსაიტზე 27 თებერვალს გამოჩნდა. პირველი ხარვეზი რეესტრის თანამშრომელმა 27 მარტს აღმოაჩინა, მეორე კი - 8 აპრილს. მონაცემების განსაახლებლად პარტიას, „კონსერვატორები საქართველოსთვის“, 10-დღიანი ვადა აქვს.
„ვარეგისტრირებთ იმიტომ, რომ არ გვაქვს პარტია და ხალხის მოთხოვნაა და ჩვენი მხარდამჭერების, რომ პარტია იყოს და პარტიული საქმიანობა გავაგრძელოთ...“ - უთხრა 28 თებერვალს რადიო თავისუფლებას „ალტ-ინფოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა კონსტანტინე მორგოშიამ.
„ალტ-ინფოს“ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში გაიმართა არაერთი აქცია, რომლებიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა. მათ შორის 2021 წლის 5 ივლისს, როცა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო, „ალტ-ინფოს“ ლიდერებმა და სასულიერო პირებმა მოქალაქეებს ქუჩაში გასვლისკენ მოუწოდეს. იმ დღეს 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ძალადობის ორგანიზატორებიდან დღემდე არავინ დასჯილა.
„ალტ-ინფოს“ პარტია („კონსერვატიული მოძრაობა“) გასულ წლებშიც ჰქონდა, თუმცა საჯარო რეესტრმა მას რეგისტრაცია 2024 წლის 8 აპრილს გაუუქმა. გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნა ამ პარტიის დოკუმენტების შესწავლის შესახებ.
ფორუმი