Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ესტონეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა

ესტონეთმა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა


საილუსტრაციო ფოტო. საარჩევნო უბანი ესტონეთში
საილუსტრაციო ფოტო. საარჩევნო უბანი ესტონეთში

ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მესამე ქვეყნების, მათ შორის რუსეთისა და ბელარუსის, მოქალაქეებს მუნიციპალურ არჩევნებში ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

შესაბამისი ცვლილებები ესტონეთის კონსტიტუციაში შევიდა. ამის შესახებ ესტონეთის ეროვნულმა სამაუწყებლო კორპორაციამ (ERR) განაცხადა.

კანონი ხმის მიცემის უფლებას ართმევს ესტონეთში მცხოვრებ ე.წ. "არამოქალაქეებს". მიღებული ცვლილებების თანახმად, ისინი არჩევნებში მონაწილეობას ბოლოჯერ, 2025 წლის 19 ოქტომბერს შეძლებენ და მომავალ არჩევნებში, 2029 წელს, ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ.

"გადაწყვეტილება, რომ ადგილობრივ არჩევნებში ხმის მიცემას მხოლოდ ესტონეთისა და ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები შეძლებენ, უდავოდ ლეგიტიმურია. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ მათ, ვინც ხმის მიცემის უფლების გარეშე დარჩნენ, არ იფიქრონ, რომ სახელმწიფოს სურს მათი გამორიცხვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ან მათ ქვეყნისთვის საფრთხედ მიიჩნევს," - განაცხადა ალარ კარისმა.

26 მარტს გამართულ შეხვედრაზე ესტონეთის პარლამენტმა, ხმათა უმრავლესობით, მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნის მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლებას ართმევს.

ესტონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის 1 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ცხოვრობდა რუსეთის 78 623 მოქალაქე, 2 667 ბელარუსის მოქალაქე და 60 517 მოქალაქეობის არმქონე პირი, რომლებსაც აქვთ მოქმედი ბინადრობის ნებართვა ან მუდმივი ბინადრობის ნებართვა. საერთო ჯამში, ესტონეთში 1.3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ესტონეთში ადგილობრივი თვითმმართველობის ასამბლეების არჩევნები ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. ესტონეთის პარლამენტის წევრები მიიჩნევენ, რომ ამ დროის განმავლობაში ესტონეთის არამოქალაქეებს შეეძლებათ შეიტანონ განცხადება ესტონეთის მოქალაქეობაზე, რათა მომდევნო ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ქვეყნის მოქალაქეებმა მიიღონ მონაწილეობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG