Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
არასამთავრობოები: არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას

არასამთავრობოები: არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას


სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომლის მიღების შემთხვევაშიც, ორგანიზაციისთვის გრანტის გასაცემად მთავრობის ნებართვა იქნება საჭირო, მიზნად ისახავს მოქალაქეების დატოვებას მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ამ საკანონმდებლო ინიციატივას „ქართველი ხალხის დევნის აქტს“ უწოდებენ.

„არალეგიტიმური პარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებას... არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს ქართველ ხალხს ჩამოაშოროს მეგობრების მხარდაჭერა და თანადგომა და დაუცველი დატოვოს - ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურებიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. უიმედოდ აქციოს თითოეული მოქალაქე, რომელიც რაიმე ფორმით საჭიროებს მიიღოს დასავლური ცივილიზაციის სიკეთე“, - წერია განცხადებაში.

გუშინ, 7 აპრილს, „ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლის მიხედვითაც, ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“.

კანონპროექტი დაჩქარებული წესით უნდა განიხილონ, რაც მის მიღებას ერთ კვირაში ხდის შესაძლებელს. დოკუმენტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების უმრავლესობა უცხოეთიდან მიღებული გრანტებით ახორციელებს პროექტებს. მათ შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ არაერთი კანონი მიიღო - მათ შორის, „აგენტების კანონი“ და „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი“. დამატებით მაუწყებლებისთვის შეზღუდა უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტების განთავსება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG