Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საერთაშორისო ორგანიზაციები პარტიებისთვის ღონისძიებებს ვეღარ ჩაატარებენ - „ოცნების“ კანონპროექტი

საერთაშორისო ორგანიზაციები პარტიებისთვის ღონისძიებებს ვეღარ ჩაატარებენ - „ოცნების“ კანონპროექტი


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

საერთაშორისო ორგანიზაციებს აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის ლექციის, სემინარის ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა. ეს წესი ამოქმედდება მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ ახალ საკანონმდებლო ინიციატივას დაჩქარებული წესით დაამტკიცებს.

პარტიებისთვისა და საარჩევნო მიზნების მქონე პირებისთვის ღონისძიებებს ვერ ჩაატარებენ არა მხოლოდ საერთაშორისო, არამედ ადგილობრივი ორგანიზაციები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

ახალი კანონპროექტით, ცვლილება შედის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს კანონში და შემოწირულების მიღების უფლების შესახებ ჩანაწერი ასე იქნება ფორმულირებული:

„პოლიტიკური პარტია და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირი ვეღარ შეძლებენ შემოწირულების სახით მიიღონ საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირისგან ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებისგან ლექციის, სემინარის, ან სხვა მსგავსი საჯარო ღონისძიების მოწყობა“.

როგორია შემოწირულების მიღების მოქმედი წესი?

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს კანონით, პარტიები და გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირები შემოწირულებას ვერ მიიღებენ, თუ შემწირველი:

  • საჯარო დაწესებულებაა;
  • სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელია;
  • ანონიმურია;
  • საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირია;
  • საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანებაა.

მოქმედი წესით, აკრძალვის ეს წესი არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი და საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან/და პირთა სხვა სახის გაერთიანება ლექციას, სემინარს ან სხვა მსგავს საჯარო ღონისძიებას აწყობს უსასყიდლოდ.

„ქართული ოცნება“ განმარტებით ბარათში წერს, რომ ეს გამონაკლისი წესი „ტოვებს სივრცეს, რა დროსაც შესაძლებელია კანონის მოთხოვნის (არ მიიღონ შემოწირულება პოლიტიკურმა პარტიამ და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირმა) გვერდის ავლა, კერძოდ, საქართველოში ან საქართველოს ფარგლების გარეთ რეგისტრირებულმა იურიდიულმა პირმა ლექციის, სემინარის ან სხვა, მსგავსი საჯარო ღონისძიების უსასყიდლოდ მოწყობის გზით განახორციელოს პოლიტიკური პარტიისთვის და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისთვის შემოწირულება“.

საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორია „ქართული ოცნება“, მომხსენებელი კი ირაკლი კირცხალია. ავტორები კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ.

საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის „ქართულ ოცნებასთან“, საარჩევნო, დემოკრატიულ თუ პარტიულ საკითხებზე თანამშრომლობის ისტორია აქვთ. ამ ორგანიზაციებს შორისაა NDI, IRI, IFES. ისინი ხშირად მართავდნენ ტრენინგებსა თუ გადამზადებას პარტიების შიდა დემოკრატიული გაძლიერებისა და ინსტიტუციური განვითარებისთვის, ქირაობდნენ ექსპერტებსაც, რომლებიც გრანტის ან სერვისის ფარგლებში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისთვის სხვადასხვა ღონისძიებას წარმართავდნენ.

„ბოლოს გაეროს პროექტში ვიყავით ჩართული, ქალთა ორგანიზაციების გაძლიერება ხდებოდა, შიდა დემოკრატიას აძლიერებდნენ, სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებზე მუშაობდნენ პარტიებთან, ამომრჩეველთა საჭიროებებზე ორიენტირებულ პოლიტიკის წარმოებაში ამზადებდნენ", - ამბობს „ღია სივრცე-კავკასიის“ თავმჯდომარე ირმა პავლიაშვილი.

ირმა პავლიაშვილი, იურისტი
ირმა პავლიაშვილი, იურისტი

მისი შეფასებით, ამ ცვლილებით, „ქართული ოცნება“ „სახელმწიფო რესურსსა და დაფინანსებას“ სრულად ხელში იგდებს, რადგან პარტიებისთვის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა იყო ინსტიტუციური განვითარებისა და შემდგომი გაძლიერების შესაძლებლობა.

„ახალი ჩანაწერები ამ რესურსის გადაჭრაა. პარტიას თუ დამოუკიდებლად არ შეუძლია ამის[რ.თ. განვითარება] გაკეთება, დაფინანსება არ აქვს, მაგალითად, რა თქმა უნდა, ინსტიტუციურად ვერ გაძლიერდება და სუსტი პარტია დაგვრჩება“, - ამბობს იურისტი.

კანონპროექტის მიხედვით, თუ პარტია ან პოლიტიკოსი მაინც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ან ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში, ის ვალდებულია, მოახდინოს აღნიშნულის დეკლარირება. შესწავლისა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, პარტიამ ამ შემოწირულების/საწევრო შენატანის ეკვივალენტი თანხა ან ბიუჯეტში უნდა ჩარიცხოს, ან ორმაგი ოდენობით დააბრუნოს.

„ქართულმა ოცნებამ“ სადავო პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დააინიციირა, რომლითაც ორგანიზაცია გრანტს ვერ მიიღებს, თუ მას არ ექნება „მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“. დონორი ორგანიზაცია ვალდებული იქნება, წარადგინოს ხელშეკრულების პროექტი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG