Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ ზურა ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დატოვეს

ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ ზურა ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დატოვეს


ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დატოვეს
ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დატოვეს

პოლიტიკოსებმა, ცოტნე კობერიძემ და ბორის (ჩელე) ყურუამ, რომლებიც პარტიის თანადამფუძნებლები არიან, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ და, შესაბამისად, „კოალიცია ცვლილებისთვის“ დატოვეს. ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ სამივე მათგანს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. ჯერ სხვა განცხადება არ გაუკეთებია.

ინფორმაციას თავად პოლიტიკოსები ავრცელებენ. პარტია დატოვა კიდევ ერთმა წევრმა ბადრი გრიგალაშვილმა.

ცოტნე კობერიძე ამომრჩეველს ბოდიშს უხდის, მისი ხედვით, პარტიის დაშვებული შეცდომების გამო.

„მგონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ახალი აღარაფერია – ყველაფერი იგივეა. მე არ მჯერა, რომ იგივეთი ცვლილება შეიძლება“, - წერს ცოტნე კობერიძე.

„არ მჯერა გამარჯვების იმ ფორმულის, რომლის მთავარი იარაღი სალომე ზურაბიშვილია – ბიძინა ივანიშვილის მიერ ყველაზე ცუდი არჩევნებით მოყვანილი პრეზიდენტი“, - აცხადებს კობერიძე.

„არ მჯერა, რომ შეცდომების აღიარების გარეშე, ბოდიშის მოხდის გარეშე, რამე გამოვა. ბოდიში, რომ არჩევნების შედეგები აღტკინებულმა მოგილოცეთ და 15 წუთში სხვა შედეგები ნახეთ. ბოდიში, რომ არჩევნების შემდეგ საჯაროდ არ გამოვჩნდი და არ ვისაუბრე. ბოდიში, რომ ჩავთვალე – ტყუილის ართქმა საკმარისი იყო“, - წერს იგი.

ჩელე ყურუა კი წერს, რომ „საქართველოში რუსეთი აღარ იქნება არასდროს, მაგრამ ცვლილებები ჰაერივით საჭიროა, ცვლილებებს კი ვერ მოვახდენთ თუ ჯერ ჩვენში არ შევცვლით რაღაცებს და იგივეს კეთებას და ერთ წრეზე სიარულს არ მოვეშვებით“.

„ამ პროცესს სასიცოცხლოდ ჭირდება შეცდომების გააზრება და მათ გამოსწორებაზე ზრუნვა“, - აცხადებს ის.

პოლიტიკოსები ჯერ არ საუბრობენ სამომავლო გეგმებზე:

„ჯერ მინდა გავთავისუფლდე. არ მინდა, ჩემმა ნაბიჯებმა პრობლემა შეუქმნას არც „გირჩს“, არც კოალიციას და არც ვინმე კონკრეტულ ადამიანს. თუ რამეს გავაკეთებ პოლიტიკაში, ის აუცილებლად იქნება ახალი – დაფუძნებული სიმშვიდეზე, კომპეტენციაზე, გულწრფელობაზე და სილაღეზე. თუ ვერ შევძელი, ვიტყვი, რომ მაინც ვცადე“, - წერს კობერიძე.

„სამომავლო გეგმებზე უფრო მეტს ვიტყვი, უახლოეს მომავალში“, - წერს ყურუა.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი ემუქრება, პოლიტიკური გზები გაიყო და მიწევს ამ მძიმე, მაგრამ სწორი გადაწყვეტილების მიღება“, - აცხადებს ყურუა.

კობერიძეც და ყურუაც პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, საპარლამენტო სიაში იყვნენ - მე-6 და მე-12 ადგილებზე. მათ მანდატები მოიპოვეს, თუმცა პარტია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და მანდატებზე უარი განაცხადა.

პარტია დატოვა კიდევ ერთმა წევრმა, ბადრი გრიგალაშვილმა.

„მოვდივარ, რადგან ამ ფორმით და ამ შინაარსით პოლიტიკაში ყოფნის აზრს ვეღარ ვხედავ“, - წერს ის.

„ზოგადად, რაც ახლა ოპოზიციაში ხდება ეს გზა არსად არ მიდის, უბრალოდ ამისთვის თვალის გასწორება არავის უნდა და დარწმუნებული ვარ, იმის ფუფუნება აღარ დაგვრჩა, რომ თავი ავარიდოთ, პირველ რიგში, ჩვენში ცვლილებებს“, - აცხადებს გრიგალაშვილი

ჯაფარიძის გამოხმაურება

თანაპარტიელების გადაწყვეტილებას ასევე ფეისბუკზე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

პარტიის ლიდერმა მადლობა გადაუხადა მათ და წარმატებები უსურვა:

„მადლობა რომ ჩემს გვერდით იყავით ყველაზე რთულ პერიოდში და ყველა, თქვენი აზრით სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების დროს. წარმატებები ნებისმიერ ახალ წამოწყებაში“!

„ბარიკადებზე ერთად ვიქნებით“, - მიმართავს მათ ჯაფარიძე.

„გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2020 წლის დეკემბერში დაარსდა პარტია „გირჩის“ ლიდერებს შორის უთანხოებისა და პარტიის გაყოფის შედეგად.

„გირჩი“ ვახო მეგრელიშვილს, იაგო ხვიჩიას, სანდრო რაქვიაშვილსა და ჰერმან საბოს დარჩათ, ზურა ჯაფარიძემ კი თანამოაზრეებთან ერთად „გირჩი - მეტი თავისუფლება“ დააარსა.

2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პარტიამ ხმების 1,44% მიიღო. ბარიერი მხოლოდ თბილისში გადალახა და საკრებულოში ერთი დეპუტატი - ცოტნე კობერიძე შეიყვანა.

2024 წლის ივლისში პარტია გაერთიანდა ჯერ ელენე ხოშტარიას „დროასთან“ და ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას „ახალთან“, არჩევნებში კი გაერთიანებამ მონაწილეობა მიიღო პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, სახელით.

არცერთი მათგანი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. ისინი უერთდებიან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG