Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აშშ-ში სენატორმა ბუკერმა ახალი რეკორდი დაამყარა წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობით

აშშ-ში სენატორმა ბუკერმა ახალი რეკორდი დაამყარა წარმოთქმული სიტყვის ხანგრძლივობით


სენატორი კორი ბუკერი
სენატორი კორი ბუკერი

ამერიკელი დემოკრატი სენატორი კორი ბუკერი აშშ-ის სენატში გამოვიდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკის სიტყვით, რომელიც შესვენების გარეშე გაგრძელდა 25 საათსა და 5 წუთს. ეს სენატში გამოსვლების ხანგრძლივობის ისტორიული რეკორდია.

ამ დრომდე რეკორდი ეკუთვნოდა სენატორ სტრომ ტერმონდს, რომელიც 1957 წელს 24 საათისა და 18 წუთის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით, ზოგიერთ შტატში იმ დროს არსებული სეგრეგაციის კანონების დასაცავად.

ბუკერმა თავისი გამოსვლა დაიწყო ორშაბათს, აღმოსავლეთ ამერიკის დროით საღამოს 7 საათზე და პირობა დადო, რომ ილაპარაკებდა მანამ, სანამ "ფიზიკური მდგომარეობა" ამის საშუალებას მისცემდა. CNN-ის თანახმად, ბუკერი აცხადებდა, რომ თან არაფერი ჰქონდა, გარდა "ბიბლიიდან ნაწყვეტისა ჯიბეში". მისი გამოსვლა მომდევნო დღის საღამომდე გაგრძელდა.

"მხოლოდ 71 დღის განმავლობაში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამდენი ზიანი მოუტანა ამერიკელების უსაფრთხოებას, ფინანსურ სტაბილურობასა და ჩვენი დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს", - განაცხადა ბუკერმა.

ნიუ-ჯერსელმა სენატორმა ტრამპი გააკრიტიკა, მათ შორის, საგარეო პოლიტიკის გამო, კერძოდ, უკრაინასთან და ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებით. ამასთან, ბუკერმა ილაპარაკა დემოკრატების პასუხისმგებლობაზეც ტრამპის და მისი იდეების პოპულარობის ზრდაში და აღიარა, რომ მისმა თანაპარტიელებმა დიდი შეცდომები დაუშვეს. ბუკერის აზრით, მთავარი შეცდომა იყო ის, რომ დემოკრატები კონცენტრირდნენ პირადად ტრამპთან ბრძოლაზე, ნაცვლად იმისა, რომ თავიანთი ხედვა წარმოედგინათ "აღდგენილ ამერიკულ ოცნებაზე". ბუკერს განიხილავენ დემოკრატთა ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ხანგრძლივი გამოსვლები იშვიათობას არ წარმოადგენს აშშ-ის სენატში, სადაც წარმოთქმული სიტყვა დროში რეგლამენტირებული არ არის. ამგვარ გამოსვლები გამოიყენება, როგორც ე.წ. "ფილიბასტერის" ტაქტიკის ნაწილი - განხილვათა უსასრულოდ გაგრძელება, რათა არ მოხერხდეს გადაწყვეტილებების მიღება კანონპროექტებზე, რეზოლუციებზე, შესწორებებზე ან სხვა საკითხებზე. წარსულში ამგვარი ტაქტიკა გამოყენებული აქვთ რესპუბლიკელებსაც - მაგალითად, 2013 წელს ტედ კრუზი 21 საათის განმავლობაში გამოდიოდა სიტყვით.

იმისთვის, რომ დღე-ღამეზე მეტხანს ელაპარაკა, ბუკერი ამბობს, რომ გამოსვლის წინ კვება შეწყვიტა და ფაქტობრივად, უარი თქვა სითხეების მიღებაზეც.


ფორუმი

XS
SM
MD
LG