ეს სააგენტო უკრინფორმს აცნობა ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელმა, დმიტრო შევჩუკმა. ასევე გახსნილია მშვიდობიან მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის 35-ზე მეტი ეპიზოდი, რომლებიც მოიცავს წამებას და გაუპატიურებას.
შევჩუკის თქმით, იმ პირთა უმრავლესობა, რომლებსაც გამოძიება დამნაშავეებად მიიჩნევს, არის რუსეთის არმიის 234-ე სადესანტო-შემტევი პოლკის 76-ე დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე. საერთო ჯამში ამოცნობილია ორ-ნახევარ ათასამდე რუსი სამხედრო, რომლებიც იმ პერიოდში ბუჩაში იყვნენ განლაგებულნი. უკრაინის უწყებები მუშაობენ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე როგორც დანაშაულთა უშუალო ჩამდენთათვის, ისე მათი მეთაურებისთვის.
ამ ეტაპზე სისხლისსამართლებრივ წარმოებაში მიმდინარეობს 358 სამოქალაქო პირის სიკვდილის გარემოებათა გამოძიება. სასამართლო ექსპერტიზის პროცესები გრძელდება. ამ დრომდე არ ხერხდება ბუჩაში მცხოვრები 13 ადამიანის გვამების ამოცნობა, ისინი დაწვეს.
31 მარტს სამი წელიწადი შესრულდა ბუჩის უკრაინელი სამხედროების მიერ გათავისუფლებიდან. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისმა მეუღლემ, ელენა ზელენსკაიამ ორშაბათს პატივი მიაგეს ამ ქალაქში რუსების მიერ მოკლულ უკრაინელთა ხსოვნას. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის 22 ქვეყნის პარლამენტთა ხელმძღვანელებმა, რომლებიც კიევში ჩავიდნენ.
ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მხრიდან ბუჩის ოკუპაცია 33 დღე გრძელდებოდა - 2022 წლის 27 თებერვლიდან 31 მარტამდე. ამ პერიოდში რუსეთის აგრესიის შედეგად ქალაქში დაიღუპა 561 მშვიდობიანი მოსახლე, მათ შორის 12 ბავშვი.
ქალაქი ბუჩა მდებარეობს კიევიდან 30-მდე კილომეტრის მოშორებით. მას შემდეგ, რაც ქალაქიდან რუსეთის ჯარისკაცები გავიდნენ, იქ აღმოაჩინეს ბევრი მშვიდობიანი მოქალაქის გვამები. გადარჩენილი თვითმხილველები ჰყვებოდნენ სიკვდილით მასობრივად დასჯის შემთხვევებზე, რომლებსაც რუსეთის ჯარისკაცები ახორციელებდნენ, ასევე წამების, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის, მასობრივი მაროდიორობის შემთხვევებზე.
რუსეთი აცხადებდა, რომ მის არმიას კავშირი არ აქვს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებთან და კიევს სდებდა ბრალს ინსცენირებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვერსიაში ეჭვის შეტანის გამო რუსეთის მოქალაქეებს სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრებათ, "ყალბი ცნობების" გავრცელების და "რუსეთის არმიის დისკრედიტაციის" მუხლებით.
ფორუმი