Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა

უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობამ 100 ათასს გადააჭარბა


სამხედრო სასაფლაო. ტულა, 24 მარტი, 2023.
სამხედრო სასაფლაო. ტულა, 24 მარტი, 2023.

უკრაინაზე თავდასხმის დაწყების შემდეგ, რუსეთმა დაღუპულების სახით დაკარგა 100 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ნათქვამია BBC-ის რუსული სამსახურისა და „მედიაზონის“ მიერ მოხალისეთა გუნდთან ერთად მომზადებულ ცნობაში.

ღია მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ომის დროს დაღუპული 100 ათასი ჯარისკაცის ვინაობის დადგენა. მოხალისეებს ამჟამად ხელთ აქვთ 10 ათასზე მეტი ნეკროლოგი, რომლებიც საჭიროებენ შემოწმებას და ინფორმაციის დუბლირების გამორიცხვას.

დაღუპულ რუს სამხედროებს შორის მინიმუმ 4800 ოფიცერია. მათი წილი საერთო დანაკარგებში მცირდება. ომის დასაწყისში, როდესაც უკრაინაში შეჭრაში მონაწილეობა მიიღო საკონტრაქტო არმიამ, ისინი შეადგენდნენ დაღუპულთა რიცხვის 10%-ს. 2024 წლის ნოემბრისთვის მათი წილი 2-3%-მდე შემცირდა, წერს „მედიაზონა“ და ამას მიაწერს სამხედრო ოპერაციების ხასიათის ცვლილებას და ომში კერძო მოხალისეების აქტიურ რეკრუტირებას, რომლებიც უფრო ხშირად იღუპებიან, ვიდრე წოდებით უფროსები.

შესაძლებელი გახდა თითქმის 85500 დაღუპული რუსი სამხედრო მოსამსახურის ასაკის დადასტურება. მათგან თითქმის 10 ათასი დაიღუპა 33-დან 35 წლამდე ასაკში.

დაღუპულთა ყველაზე მაღალი პროცენტი - თითქმის მეოთხედი - კვლავაც მოხალისეებს შორისაა. ამ კატეგორიაში შემდეგი არიან პატიმრები (16%) და მობილიზებულები (თითქმის 12%).

რუსეთის რეალური ზარალი, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე შეიძლება დადგინდეს ღია წყაროებით. სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ ანალიზმა შეიძლება შეადგინოს დაღუპულთა რეალური რიცხვის 45%-დან 65%-მდე. „მედუზასა“ და „მედიაზონის“ მიერ სამემკვიდრეო საქმეებზე ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ გასული წლის ბოლოსთვის რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინასთან ომის დროს შეადგინა არანაკლებ 165 ათასი ადამიანი.

რუსეთი და უკრაინა ოფიციალურად აცხადებენ, რომ ფრონტზე დანაკარგები თითქმის არ არის. დასავლური დაზვერვის შეფასებით, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის დანაკარგები ასობით ათასი მოკლული და დაშავებულია. რუსეთის დანაკარგები უფრო მაღალია.


ფორუმი

XS
SM
MD
LG