ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, რობერ კიუტის განცხადებით, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც 2020 წელს დააკავეს და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 30 მარტს დატოვებს საპატიმროს.
მან უარყო ინფორმაცია, რომ ბებუა იზოლატორს დადგენილ ვადაზე ადრე დატოვებს.
"ის დაკავებულ იქნა 2020 წლის 30 სექტემბერს, ალბათ ყველასთვის ცნობილია ეს ფაქტი. მან ჩაიდინა სახელმწიფო დროშის დაწვის აქცია, რაზეც დაეკისრა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მთლიანობაში ის უნდა მჯდარიყო 4 წელი და 6 თვე. 30 მარტს მას ეწურება იზოლატორში ყოფნის ვადა, შესაბამისად, ჩვენ ვალდებული ვიქნებით, გავათავისუფლოთ იგი. არავინ გეგმავს ამ ადამიანის ნაადრევად გაშვებას. ეს ყველაფერი (ხდება) იმ მუხლის და იმ პირობების შესაბამისად, რომლებიც მას სასამართლომ მიუსაჯა", - აღნიშნა კიუტმა.
როგორც მანამდე წერდა რადიო თავისუფლების პროგრამა "ეხო კავკაზა", ოკუპირებულ აფხაზეთში საპატიმრო კოლონიები არ არის, არის მხოლოდ დაკავების იზოლატორი. რის გამოც პატიმრობის ვადა, "კანონით", საერთო რეჟიმის პირობებში უტოლდება "ერთი ორს".
ირაკლი ბებუას, რომელიც დე ფაქტო სასამართლომ „სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფის“, „სხვისი ქონების განზრახ დაზიანებისა“ და „საბრძოლო მასალის უკანონოდ შენახვის“ მუხლებით გაასამართლა, 2020 წლის 7 დეკემბერს 9 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა.
თბილისში ბებუას გათავისუფლების მოთხოვნით რამდენიმე აქცია გაიმართა, აქციის მონაწილეები საქართველოს ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდნენ. ბებუას გათავისუფლების საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში. ირაკლის ახლობლების ინფორმაციით, მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ფორუმი