აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, 25%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესოს ავტომობილების იმპორტს. ტრამპმა 26 მარტს განაცხადა, რომ ტარიფი 2 აპრილიდან ამოქმედდება.
აშშ-ისთვის ავტომობილების ერთ-ერთი ძირითადი მიმწოდებელი ევროკავშირის წევრი გერმანიაა. გერმანელმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირს მტკიცე რეაგირებისკენ მოუწოდეს.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა. მისი განცხადებით, ტარიფები არის გადასახადები, რომლებიც აზიანებს როგორც ბიზნესს, ასევე მომხმარებლებს აშშ-სა და ევროკავშირში.
ფონ დერ ლაიენის თანახმად, ევროკავშირი განაგრძობს საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების დაცვით.
აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადით შესრულების დაწყებიდან ორ თვეში, დონალდ ტრამპმა უკვე დააწესა ან დააანონსა არაერთი ტარიფი. მათ შორის, მარტიდან აამოქმედა 25%-იანი გადასახადი იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე. აშშ-ის პრეზიდენტი იმუქრება, რომ 200%-იან გადასახდს დაუწესებს ევროკავშირში წარმოებულ ალკოჰოლურ პროდუქციას.
ტრამპი ტარიფებს მიიჩნევს სხვა სახელმწიფოებზე ზეწოლის, სავაჭრო ბალანსის დაცვის და ამერიკის ეკონომიკის გაძლიერების საშუალებად. აშშ-ის პრეზიდენტის ოპონენტები აცხადებენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები რეცესიას და ფასების ზრდას გამოიწვევს.
ფორუმი