"მე მოვედი არა მხოლოდ მადლიერების გამო, არამედ მოქმედებისკენ რომ მოგიწოდოთ", - თქვა გამოსვლის დასაწყისში სალომე ზურაბიშვილმა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირმა მეტი მხარდაჭერა უნდა გამოხატოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართ.
ლიეტუვის პარლამენტში გამოსვლისას ის შეეხო კავკასიის გეოპოლიტიკურ როლს და აღნიშნა, რომ რეგიონში ძლიერდებიან რუსეთი და ჩინეთი. ამ ფონზე, მან ევროპას გააქტიურებისკენ მოუწოდა და თქვა, რომ განვითარებული მოვლენები "ტესტია ევროპისთვის".
"აუცილებელია შავი ზღვის და კავკასიის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია, რომელიც ევროპისთვის უზრუნველყოფს გასასვლელს ცენტრალურ აზიაზე, გააძლიერებს ნატოს პოზიციებს და წინ აღუდგება რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის გაფართოებას", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
"ასეთ სტრატეგიას სჭირდება პარტნიორი, ერთადერთი შესაძლო პარტნიორი კი სტაბილური და დემოკრატიული საქართველოა, რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს იმ გზას, რომელსაც ახლა ადგას მისი მეზობელი სომხეთი".
ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი ბალტიის ქვეყნებში ვიზიტის ფარგლებში სტუმრობს. პარლამენტში სიტყვით გამოსვლის გარდა, ის ვილნიუსში შეხვდა ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას.
ფორუმი