ეს ინფორმაცია თბილისის მერმა კახა კალაძემ გამოაცხადა 24 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში.
„ვვარაუდობდით, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს სამი თვე დაჭირდებოდა და ვაპირებდით მაისის ბოლოს დაწყებას, თუმცა ამ ეტაპზე მოგვიწევს, მომავალ წელს გადავიტანოთ სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, „უფრო მეტი დროა საჭირო კომუნიკაციების მოსაწესრიგებლად“.
მან განმარტა, რომ „რუსთაველის გამზირი ცენტრალური გამზირია და მისი დიდი ხნით დაკეტვა ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს დედაქალაქში“.
მანამდე კალაძემ თქვა, რომ ჩატარებული კვლევების საფუძველზე გამოჩნდა, რომ მიწისქვეშ „საკმაოდ მასშტაბური“ სამუშაოებია საწარმოებელი.
„რუსთაველის გამზირზე მიწისქვეშ არის ერთი კოლექტორი, რომელიც არის ავარიულ მდგომარეობაში. არც სანიაღვრე სისტემაა, არც წყლის სისტემებია მოწესრიგებული, არც საკანალიზაციო სისტემაა, ყველაფერი არეულია ერთმანეთში... რაც მოედინება, ყველაფერი ერთად არეულია, ატარებს და გარკვეულ შენობებს უქმნის პრობლემებს“, - თქვა მან.
რუსთაველის გამზირი არის ადგილი, რომელიც ყველაზე ხშირად იქცევა ხოლმე ხელისუფლების მიღებული გადაწყვეტილებების საპროტესტო სივრცედ, - 117-ე დღეა, სწორედ ეს ადგილია უწყვეტი საპროტესტო აქციების ეპიცენტრი.
კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდება.
კალაძემ დღეს ასევე თქვა, რომ გმირთა მოედნის მიმდებარედ, „ლაგუნა ვერესთან“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მარტის ბოლოსთვის დასრულდება და შუქნიშნები მოეწყობა.
ფორუმი