Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე

ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე


ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე.
ავსტრიის სპეცსამსახურები აცხადებენ რუსეთის სადეზინფორმაციო უჯრედის გამოვლენაზე.

ავსტრიის ეროვნული უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამმართველოს (DSN) განცხადებით, გამოვლენილია უჯრედი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ გეგმავდა და ახორციელებდა ავსტრიის საზოგადოებაზე გამიზნულ, მასშტაბურ სადეზინფორმაციო კამპანიას. კამპანიის მიზნად სპეცსამსახური ასახელებს "საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეხედულებებით მანიპულირებას, უკრაინის საზიანოდ და რუსეთის სასარგებლოდ".

კამპანიის კოორდინატორად გამოძიება ასახელებს ბულგარეთის მოქალაქე ქალს, რომლის სახელი დაკონკრეტებული არ არის. განცხადებაში ნათქვამია, რომ ხსენებულ ქალს წაუყენეს ჯაშუშობის ბრალდება, და რომ მას "ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა დეზინფორმაციის გამავრცელებელი ოპერაციების ჩატარებაზე". განცხადების თანახმად, კამპანია რუსეთიდან იმართებოდა, თუმცა ტექსტში მართვის ფორმები დაზუსტებული არ არის.

"მცდარი მონაცემების, ყალბი ამბებისა და მანიპულირებული შინაარსის გავრცელება ძირს უთხრის ნდობას ჩვენი ინსტიტუტებისადმი და საფრთხის წინაშე აყენებს სოციალურ ერთიანობას", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა იორგ ლეიხტფრიდმა და დასძინა: "არ უნდა დავუშვათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი აზრის გარედან კონტროლირება".

DSN-მა ოპერაციის შესახებ შეიტყო გასული წლის დეკემბერში ბულგარეთის მოქალაქე ეჭვმიტანილი ქალის სახლის ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ელექტრონული მოწყობილობების ანალიზით. იუწყებიან, რომ ეს ქალი კოორდინაციას უწევდა რუსეთის სპეცსამსახურებისთვის მომუშავე უჯრედს, რომელიც გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან სულ რამდენიმე კვირაში. ეს ჯგუფი, განცხადების თანახმად, ახორციელებდა "დეზინფორმაციის მასშტაბურ კამპანიას გერმანულენოვან ქვეყნებში", განსაკუთრებული ყურადღებით ავსტრიის მიმართ. იუწყებიან ასევე, რომ ეჭვმიტანილმა ბრალი აღიარა.

კამპანიის უშუალო მიზანი, როგორც ვკითხულობთ, იყო "უარყოფითი გავლენის მოხდენა საზოგადოებრივ აზრზე" და მისი მიმართვა უკრაინისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის წინააღმდეგ. კამპანიის მონაწილეები მუშაობდნენ როგორც ინტერნეტით, ისე ფიზიკურ სივრცეებში - ავრცელებდნენ პროკლამაციებს და კედლებზე წარწერებს აკეთებდნენ, თითქოს უკრაინის მომხრე აქტივისტების მხრიდან. ამ დროს ისინი განზრახ იყენებდნენ ექსტრემისტულ მემარჯვენე და ნაციონალისტურ სიმბოლოებს, ასევე სიძულვილის ენას რუსებისა და ებრაელების მისამართით. ამით, ავსტრიის სპეცსამსახურის განცხადებით, მიზნად ისახავდნენ "ეჭვის დანერგვას უკრაინის დემოკრატიული ღირებულებების მიმართ". განცხადების თანახმად, "მოცემულ კონტექსტში მსგავსი დეზინფორმაცია და კამპანიები წარმოადგენს რუსეთის ჰიბრიდული ომის მნიშვნელოვან ფაქტორს".

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმაზე, იმყოფება თუ არა საპატიმროში ბულგარეთის მოქალაქე ქალი ან ვინმე სხვა პირს თუ დაეკისრა სამართლებრივი პასუხისმგებლობა ამ საქმიდან გამომდინარე.

რუსეთის ხელისუფლებას ჯერჯერობით განცხადება არ გაუვრცელებია ავსტრიის სპეცსამსახურების პასუხად.

ფორუმი

XS
SM
MD
LG