Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მესიჯი, ცხადია, მშვიდობაა, Freedom ჰქვია სიმღერას - მარიამ შენგელია „ევროვიზიაზე“

მესიჯი, ცხადია, მშვიდობაა, Freedom ჰქვია სიმღერას - მარიამ შენგელია „ევროვიზიაზე“


„მშვიდობა“, Freedom ჰქვია სიმღერას და, შესაბამისად, ნათელი და ცხადია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი“ - მარიამ შენგელია
„მშვიდობა“, Freedom ჰქვია სიმღერას და, შესაბამისად, ნათელი და ცხადია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი“ - მარიამ შენგელია

მომღერალი მარიამ შენგელია, რომელიც 2025 წლის „ევროვიზიის“ სიმღერის კონკურსზე საქართველოს სახელით იასპარეზებს, აცხადებს, რომ მისი წლევანდელი სიმღერის გზავნილი „მშვიდობაა“, - მიუხედავად იმისა, რომ სიმღერას „თავისუფლება“ ჰქვია.

24 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე, გადაცემა „ახალ დღეში“, წამყვანების კითხვაზე სიმღერის გზავნილთან, „მესიჯთან“ დაკავშირებით, მარიამ შენგელიამ განაცხადა:

„ჰო, მესიჯი, ნუ, რა თქმა უნდა, ცხადია. „მშვიდობა“, Freedom ჰქვია სიმღერას და, შესაბამისად, ნათელი და ცხადია, რომ ეს არის ძალიან დიდი მესიჯი“.

„ყველაზე აქტუალური, რაც დღეს არის მსოფლიოში“, - ჩაერთო ერთ-ერთი ტელეწამყვანი.

„კი, კი. ყველაზე მნიშვნელოვანიც, ამასთან ერთად“, - დასძინა მომღერალმა.

წლევანდელი „ევროვიზიისათვის“ საქართველოს შერჩეულ სიმღერას სინამდვილეში ჰქვია „თავისუფლება“ (ინგლისურად - Freedom). „მშვიდობა“ კი „ქართული ოცნების“ ბოლო წლების დევიზთან და გზავნილებთან ასოცირდება.

სწორედ „მშვიდობა“ იყო 2024 წლის სადავო არჩევნებში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავარი გზავნილი, - ოპონენტების შეფასებით, პროპაგანდისტული გზავნილი. პარტიის პროგრამას ერქვა „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ“.

როგორც მარიამ შენგელიამ დღეს თქვა, სიმღერის კომპოზიტორია ქეთი გაბისიანი, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის.

„როგორც ვიცი, წელს 18 სიმღერა იყო დაახლოებით გამოგზავნილი ამ პროექტისთვის, თუმცა ჩვენი სიმღერა აირჩიეს, რადგან აქ არის ქართული ელემენტები და ეს იყო ძალიან პრიორიტეტული წლევანდელი ევროვიზიისთვის“, - თქვა მან.

მომღერალმა ასევე თქვა, რომ მასთან ერთად „ევროვიზიის“ სცენაზე იდგება ოთხი მოცეკვავე ანსამბლ „ერისიონიდან“, რომლებიც „ხორუმს“ შეასრულებენ.

14 მარტს გახდა ცნობილი, რომ „ევროვიზიაზე“ საქართველოს მარიამ შენგელია წარადგენს. ის ჯგუფ „მიქსტურის“ (Mix2ra) სოლისტია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG