Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
საუდის არაბეთში დაიწყო აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები

საუდის არაბეთში დაიწყო აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები


საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში. 11 მარტი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო: აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებები საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში. 11 მარტი, 2025.

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში დაიწყო აშშ-სა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა.

„დავიწყეთ რიადში ამერიკის გუნდთან შეხვედრა. ჩვენ ვასრულებთ უკრაინის პრეზიდენტის დავალებებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ღირსეულ მშვიდობასთან მისაახლოებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგიდაზე, კერძოდ, არის წინადადებები ენერგეტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების შესახებ“, - დაწერა მან ფეისბუკში.

უმეროვის თქმით, დღეს მხარეები განიხილავენ უამრავ „კომპლექსურ ტექნიკურ საკითხს“. დელეგაციაში შედიან „ენერგეტიკის სპეციალისტები, ასევე სამხედრო წარმომადგენლები“.

რიადშივე ცალკე გაიმართება აშშ-სა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები. მხარეები სავარაუდოდ ორშაბათს, 24 მარტს შეხვდებიან ერთმანეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან.

აშშ-ის მხარეს ჯერ არ განუცხადებია მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.

როგორც ადრე თქვა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველმა მაიკ უოლცმა, კვირისთვის და ორშაბათისთვის ერ-რიადში დაგეგმილ მოლაპარაკებებს ფაქტობრივად შეიძლება ეწოდოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ერთ მოედანზე. მისი სიტყვებით, საუბარი შეიძლება სხვათა შორის შეეხოს შავ ზღვაში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. მან ასევე თქვა, რომ ისაუბრებენ ცეცხლის შეწყვეტის შესაძლო რეჟიმის ვერიფიკაციის მექანიზმებზე.

Reuters-ი და The New York Times-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ ორშაბათს აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციებს შორის შეხვედრის შემდეგ შეიძლება შედგეს ამერიკისა და უკრაინის დელეგაციების კიდევ ერთი შეხვედრა შესაძლო შეთანხმებების თაობაზე მოსალაპარაკებლად.

ერ-რიადის მოლაპარაკებების წინ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა სტივენ უიტკოფმა ოპტიმისტურად ისაუბრა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უახლოეს ხანებში მიღწევის შესაძლებლობებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG