Accessibility links

თავისუფალი სივრცე – თქვენი პუბლიკაციებისთვის
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რკინის ყუთის სიზმარი

რკინის ყუთის სიზმარი


ავტორი: ირაკლი ლომოური

(ნამდვილი ამბავი)

საზმაუს საპროტესტო აქცია რუსთაველისკენ დაიძრა შეძახილით „არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!..“ თვალი გავაყოლე, ამოვიოხრე, გავტრიალდი და საწინააღმდეგო მხარეს წავბორიალდი წელში მოხრილი...

შინ მივდიოდი - ჩემდა სამწუხაროდ, მარშებში ვერ ვმონაწილეობ, 65 წლის პენსიონერს, მეორე ჯგუფის შშმ პირს, ფეხი მაქვს მოტეხილი და დიდ მანძილებზე სიარული მიჭირს. მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი, ავტობუსით მინდოდა სახლში დაბრუნება, თუმც კი საზმაუსთან ახლოს ვცხოვრობ, დოლიძეზე. კიბეებზე ფრთხილად დავეშვი, თავჩაქინდრული კედელს მივუყვებოდი, და უცებ თვალთ დამიბნელდა - რაღაც მომხვდა თავში! შევბარბაცდი, წონასწორობა დავკარგე, კინაღამ წავიქეცი, თავი ავწიე და რას ვხედავ, კედელზე მოზრდილი რკინის ყუთი ჰკიდია.

„ამას ვძუძგე თავი!“ - გამიელვა. ანუ რკინის ყუთს. უფრო ზუსტად, ყუთის კიდეს.

არადა, არავითარი ყუთი იქ მანამდე არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, არ შემიმჩნევია.

ნაქსოვი ქუდი მოვიხადე, ხელი მოვისვი - მადლობა ღმერთს, სისხლი არ მდიოდა. თუმცა ვიგრძენი, დარტყმის ადგილას კანი აქერცლილი მაქვს. თავი გავაქნიე, ქუდი დავიხურე და, ცოტა არ იყოს, დაგვიანებით ჩავიბურტყუნე: „ეს რა მარაზმია, ამის დედაც!“ მარცხნივ გადავდგი ორიოდე ნაბიჯი და ყუთს, ასე ვთქვათ, ანფასში ავხედე. წარწერა ჰქონია: „უსაფრთხოების საქალაქო სამსახური“, რომლის ქვეშ თბილისის გერბი გამოესახათ (აი, ის, ასო-ბგერა „თ“ ხოხობ-მიმინოს პონტში რომ აქვს). უფრო ქვემოთ კი ინგლისურად ეწერა: „TBILISI.GOV.GE”

“ესაა უსაფრთხოება?! უსაფრთხოება კი არადა, კაი ზორბა საფრთხეა!” - გამიელვა და ცალყბად ჩავიცინე. მერე ხელჯოხი ავწიე და ყუთს რატომღაც მსუბუქად მივარტყი გვერდიდან. ყრუ რაკუნი გაისმა ოდნავ გასაგონად.

“ნეტავი შიგნით რა არის?” - გავიფიქრე. მერე დავინახე, უფრო ზუსტად, მივაქციე ყურადღება, რომ ყუთზე მარკერით რაღაც პიქტოგრამის მსგავსი ნაჯღაბნიცაა…

თავი გავაქნიე და გზა განვაგრძე. ამოვედი თუ არა გადასავლელიდან, გამოწერილივით გამოჩნდა #352 ავტობუსი, დოლიძეზე რომ მოძრაობს. სახლამდე უპრობლემოდ მივედი.

ღამით სიზმარი ვნახე:

ისევ საზმაუსთან ვიყავი. ყველაფერი ჩვეულებრივად ხდებოდა, როგორც ყოველ საღამოს, ბოლო სამი თვის განმავლობაში. შენობის წინ, კიბეებთან, ჩემს მომცრო, ლითონის გასაშლელ სკამზე ვიჯექი (სახლიდან ვატარებ ყოველ ჯერზე, მხარზე გადავიკიდებ ხოლმე). შუშის შესასვლელის შიგნით მყოფი დაცვის პოლიციელები ზემოდან დამყურებდნენ, პერიოდულად მობილურით ვიდეოს გვიღებდნენ იქ შეკრებილებს. ყოველ საღამოს ათიოდე პოლიციელი დგას კედლის მიღმა. უკვე სახეზე ვცნობ. პოლიციელს გავუღიმე, რომელიც აშკარად მე მიღებდა, ხელი მეგობრულად დავუქნიე. არ შეიმჩნია, გატრიალდა.

ვუყურებდი, როგორ გააკრეს ახალგაზრდებმა დიდი ბანერი წარწერით “ხალხი იმსახურებს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ მაუწყებელს”, რომელსაც ყოველდღე შლიდნენ “პანელის” დაწყების წინ, (ანუ პირდაპირ ინტერნეტეთერში საუბრებამდე), დასრულების შემდეგ კი ხსნიდნენ და მარშით მიჰქონდათ რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან. ქვის კიბის ზედა ბაქანზე წითლად შეღებილი, კუბურების ფორმის ხის ოთხი დასაჯდომი დადგეს, გვერდით კი - დინამიკი, დაიწყეს შემოწმება, კარგად ისმის თუ არა ხმა მიკროფონში. კარგად ისმოდა. ცოტაც და “პანელი” დაიწყება. “ნეტა რა თემაზე ისაუბრებენ დღეს?” - გავიფიქრე.

უცებ საზმაუს შუშის კარი გაიღო და ბაქანზე გამოცხადდნენ… ბატონი ვასილი და ქალბატონი თინათინი! გავშტერდით. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ქუჩაში თითქოს მანქანების მოძრაობაც კი შეჩერდა. ხსენებული პატივცემული პირების გამოჩენას არათუ არ ველოდით, არამედ, ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ შენობაში იქნებოდნენ და თავის ნებით გამოვიდოდნენ ხალხთან. ანუ ჩვენთან.

ბატონი ვასილი გოტასთან მივიდა, მიკროფონი სთხოვა და ხანმოკლე პაუზის მერე ხმამაღლა მოგვმართა:

- ქართველებო!!!

ხალხმა გაოცებისაგან ჯერ ხმა ვერ გავიღეთ, მერე კი ერთიანად ვიხუვლეთ, როგორც სტადიონზე უცაბედი ავტოგოლისას: “უაუაა!”

- ქართველებო!!! ღირსეულო საზოგადოებავ! - გაიმეორა ბატონმა ვასილმა დინჯად, ღიმილით, - გილოცავთ! თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ საზოგადოებრივი მაუწყებელი! სამაგალითოდ იქცეოდით! ტესტი წარმატებით ჩააბარეთ!

- რა ტესტი?! - ვიღაც გოგომ იკივლა.

- ტესტი ეროვნულ გამძლეობაზე, მედეგობაზე, თავდადებაზე! მეგობრებო, უნდა გაგიმხილოთ დიდი საიდუმლო, ეს ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა, რეპრესიები, დაჭერები, დაჯარიმებები, მხოლოდ და მხოლოდ გამოცდა იყო!

- რა გამოცდა? ვისი გამოცდა?! ვინ მოიგონა?! ზღაპარია! არ გვჯერა! დაგვიმტკიცეთ! - გაისმა აღელვებული შეძახილები.

- თქვენი გამოცდა! ხალხის გამოცდა! ერის გამოცდა! - ბატონმა ვასილმა მტკიცედ გაიმეორა სამჯერ, - ვინ მოიგონა და, ბატონმა ბიძინამ! ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით მიდიოდა. ფოლადი ხომ ცეცხლში იწრთობა! ერი გაცოცხლდა, გამოიწრთო! და რადგან ხალხმა გაამართლა, “ქართული ოცნება” უახლოეს მომავალში ჩაატარებს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს. ყველა პოლიტპატიმარი დაუყოვნებლივ გათავისუფლდება! გილოცავთ!

ამჯერად ხალხმა სიხარულის ყიჟინა დასცა. გულწრფელი აღტაცების ღრიალი იყო. ხალხმა ისე ვიხუვლეთ, როგორც უთუოდ მთელი საქართველო იხუვლებს, როდესაც ევროპის ერთ-ერთი მომავალი ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში კვარა გამარჯვების მაუწყებელ გოლს გაიტანს. ჩემს გვერდით ბევრი ადამიანი ტიროდა. მეც მომადგა ცრემლი.

- მადლობა ბიძინას! მადლობა მხსნელს! ვაშა! - ისმოდა აქეთ-იქიდან.

- მეგობრებო! - გამოაცხადა ბატონმა ვასილმა, მას მერე, რაც ხალხი ოდნავ დაშოშმინდა, - მეგობრებო! გთავაზობთ წინადადებას, რომ ახალი, გამოღვიძებული, გამოწრთობილი საქართველოს შემოქმედს, ბატონ ბიძინას, მივანიჭოთ ქვეყნის მამა-მარჩენალის წოდება! ქართლის დედასთან დავდგათ რკინის ბაობაბის ქანდაკი, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს ახალ საქართველოს!

- რკინის ბაობაბს ბაბაია ხომ არ დავუძახოთ? - ვიღაცამ რეპლიკა ისროლა, მაგრამ ხალხს ამაზე რეაგირება არ ჰქონია, რადგან ბატონმა ვასილმა გააგრძელა, - და კიდევ ერთი ახალი ამბავი მინდა გითხრათ, კრემლში გადატრიალება მოხდა, რუსეთის რეგიონებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს!

- ვაშა! ვაშააა!

ამაზე გამეღვიძა. გათენებულიყო. რა ხდებოდა, ვერ გავიგე. ეზოში ვიღაც მართლა ყვიროდა: “ვაშა! ვაშააა!” მივაყურადე. თურმე იძახის: “ლაშა! ლაშააა!”

აი, ასეთი “საოცნებო” სიზმარი ვნახე იმ ღამეს. მას მერე თვალს მოვხუჭავ თუ არა, რაღაც აბსურდები მელანდება. მე მგონი, „უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის“ რკინის ყუთთან შეჯახებას უნდა დავაბრალო...

დაბრალება "გრეხია"?

11.03.25

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG