22 მარტს, დილიდან გაიფიცნენ კომპანია „რუსთავის ფოლადის“ ორი საამქროს მუშები, რომლებიც ხელფასების მომატების და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოითხოვენ.
გაფიცვის გამო, პროდუქციის გამოშვება შეწყვიტეს ფოლადსადნობმა და ე.წ. სორტულმა საამქროებმა. გაფიცულებს მხარს უჭერს გაერთიანებული პროფკავშირები, რომელიც საწარმოს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.
ქარხნის წინ გაიმართა მცირე მიტინგი, რომელზეც გაერთიანებული პროფკავშირების ლიდერმა ირაკლი პეტრიაშვილმა მუშებს სოლიდარობისკენ მოუწოდა.
„ნურავის ექნება ილუზია, რომ ადმინისტრაცია ორ დღეში დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, გაფიცვა კანონის ჩარჩოშია მოქცეული და ნუ გექნებათ იმის შიში, რომ ვინმე დაგსჯით, კანონი თქვენს მხარესაა, ვერავინ დაგსჯით“, - განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომლის თქმითაც, მუშებმა გაფიცვის შესახებ ადმინისტრაციას 21 დღით ადრე აცნობეს ოფიციალურად, რაც შრომის კანონმდებლობითაა განსაზღვრული.
„მაგრამ, რამდენიმე მიმართვის მიუხედავად, „რუსთავის ფოლადის“ ადმინისტრაცია მედიაციაზე არ მოდის “, - თქვა პეტრიაშვილმა.
მეტალურგები მიმდინარე წელსაც გაიფიცნენ ხელფასების 500 ლარით გაზრდის მოთხოვნით, თუმცა, მაშინ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პროტესტი შრომითი კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა. გაფიცულები ამბობენ, რომ მაშინ სამსახურიდან არავინ გაუშვიათ, თუმცა განაცდურის ანაზღაურება არ მომხდარა.
„ჩემი ხელფასი 1400 ლარია, დღესაც 500 ლარით მომატებას ვითხოვთ, მაგრამ ეს კატეგორიული მოთხოვნა აღარ არის, მთავარია, მოგვიმატონ იმდენით, რომ ჩვენი მძიმე შრომის შესაბამისი იყოს“, - ამბობს ერთ-ერთი გაფიცული.
კიდევ ერთი მეტალურგის თქმით, თებერვლის საპროტესტო დღეების შემდეგ, ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში ხელფასს 40-40 ლარით გაზრდიდნენ, ჯამში 160 ლარით, რაზეც მუშები არ არიან თანახმა.
„რუსთავის ფოლადის“ ადმინისტრაცია კომენტარზე უარს ამბობს
კომპანიას, სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ფლობს ნიდერლანდში რეგისტრირებული შპს „ტოლანიუს ბიჰეერ ბი.ვი“. „ტოლანიუსს“ კი, თავის მხრივ, ფლობს Hunnewell Partners-ი. საწარმოში ჯამში დაახლოებით 1500 ადამიანი მუშაობს. სამი ძირითადი საამქროს მეშვეობით, ის აწარმოებს სამშენებლო არმატურას და სხვადასხვა დანიშნულების მილებს, ძირითადად - საექსპორტოდ.
ფორუმი