აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა მონაწილეობა საერთაშორისო ჯგუფებში, რომლებიც რუსეთის მიმართ სანქციების დაცვას აკონტროლებენ. ამის შესახებ Bloomberg-ი იტყობინება რამდენიმე ევროპელ მოხელეზე დაყრდნობით. მათი სიტყვებით, ვაშინგტონი პრაქტიკულად არ მონაწილეობს იმ მცდელობებში, რომ აღიკვეთოს რუსეთის მიერ შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა.
სააგენტოს წყაროები აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი ამერიკული ჯგუფი პასიურად რეაგირებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების კომპონენტებისა და აღჭურვილობის ექსპორტზე. მეორემ ფაქტობრივად შეწყვიტა „დიდი შვიდეულის“ მიერ რუსეთის ნავთობზე დაწესებული ფასების ზედა ლიმიტის კონტროლი.
არ არის ნათელი, ასეთი ნაბიჯი მოსკოვზე ზეწოლის შემცირების გაცნობიერებული სტრატეგიაა თუ საკადრო პრობლემებთანაა დაკავშირებული.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს. 18 მარტს აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესეტმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას გადაწყვეტილი აქვს, გაამკაცროს სანქციები დოლარის მიმართ მუქარის საპასუხოდ. მისი სიტყვებით, თეთრი სახლი ასევე მზადაა, მოსკოვს მოუხსნას შეზღუდვები, რათა სანქციების პოლიტიკა მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს აშშ-ის ინტერესებისთვის.
ფორუმი