Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
უკრაინის ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა

უკრაინის ცნობით, რუსეთმა მორიგი შეტევისთვის 200-ზე მეტი დრონი გამოიყენა


რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში. 2025 წლის 21 მარტი
რუსული დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეული ხანძარი ოდესაში. 2025 წლის 21 მარტი

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 21 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული საღამოდან დღეს დილამდე რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 214 დრონი.

სარდლობის თანახმად, საჰაერო და თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებმა 114 ე.წ. დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს უკრაინის სამხრეთ, ჩრდილოეთ და ცენტრალურ რეგიონებში, ხოლო 81 „უპილოტო-იმიტატორი ლოკალურად დაიკარგა ნეგატიური შედეგების გარეშე“.

უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის მასირებული შეტევის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ოდესა იყო. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა სამი მოზარდი. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და რამდენიმე მაღაზიაში. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული ტექნიკა.

ოდესაზე დრონებით შეტევა 20 მარტს, ღამით დაიწყო. ამ დროს ქალაქში იმყოფებოდა ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი.

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უნდა განახლდეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG