Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტრო “ფსოუს საგუშაგოზე” შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო სამინისტრო “ფსოუს საგუშაგოზე” შეზღუდვების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება


საილუსტრაციო ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა და რუსეთის სახელმწიფო დროშა
საილუსტრაციო ფოტო: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო დროშა და რუსეთის სახელმწიფო დროშა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ცნობას, რუსეთის მხრიდან „ფსოუს საგუშაგოზე“ შეზღუდვების შემოღებაზე.

მედიის ინფორმაციით, შეზღუდვა ეხებათ „აფხაზეთის მოქალაქეებს“, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობაც აქვთ. რუსეთის მოქალაქეებს, რომლებიც „აფხაზური პასპორტით“ კვეთენ დე ფაქტო საზღვარს, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ რუსეთის პროფილურ უწყებებთან მიმდინარეობს კონსულტაციები. მოცემულ მომენტში აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის კვეთის რეჟიმთან დაკავშირებით არავითარი ცვლილება არ მოქმედებს“, - აცხადებენ სოხუმში.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, დე ფაქტო საზღვრის კვეთის პროცედურა რეგულირდება „2009 წლის 2 ოქტომბრის სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლის შესახებ“. ამ „დოკუმენტის“ მიხედვით, მოქალაქეებს შეუძლიათ გამოიყენონ ნებისმიერი მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს „აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეობას“.

„აფხაზეთის მოქალაქეებისთვის“ შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია მანამდე გამოჩნდა. 2024 წლის თებერვალში, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კრასნოდარის მხარის დირექტორმა კომენტარი გამოაქვეყნა, რომლითაც, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები "ფსოუს საგუშაგოს“ გადაკვეთას მხოლოდ რუსული პასპორტებით შეძლებდნენ.

„რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც სხვა მოქალაქეობაც აქვთ, რუსეთის სახელმწიფო საზღვარს რუსული პასპორტით კვეთენ“, - აღნიშნული იყო მის კომენტარში.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის გადაწყვეტის საკითხი დააყენა.

„დარჩენილია მექანიზმის განსაზღვრა, რომელიც დაუშვებს აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის ორმაგი მოქალაქეობის - რუსეთის მოქალაქეობის მინიჭებასაც. იცით, რომ თქვენი მხარდაჭერით იქნა მიღებული ასეთი გადაწყვეტილება და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70 პროცენტზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეცაა. არიან ადამიანები, რომლებმაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა ვერ მოასწრეს. თუ ის შენარჩუნდება, ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ შესაბამისი პროგრამა განხორციელებულიყო“, - თქვა გუნბამ.

პუტინმა განაცხადა, რომ პროგრამა გაგრძელდება, შესაბამისი საკითხები „დამუშავდება“.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასსის" ცნობით, აფხაზეთში მცხოვრები 243 ათასი ადამიანიდან 130 ათასს რუსეთის მოქალაქეობა აქვს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG