ავტორი: ნათია სადღობელაშვილი
ადამიანებს დიდი ხანია აწუხებთ კითხვა, მარტო ვართ სამყაროში? სხვადასხვა პლანეტაზე ადამიანის მსგავსი არსებებისა და სიცოცხლის მრავალწლიანი უშედეგო ძიების შემდეგ კვლავ დედამიწაზე გადმოვინაცვლეთ და ჩვენი მსგავსი რომ ვერა ვპოვეთ რა, თავად დავიწყეთ შექმნა. რა ვგულისხმობ?- რობოტებს.
ფსიქოლოგებისთვის კვლევის საგანი უნდა გახდეს, რატომ გადაწყვიტა ადამიანმა შემქნას თავის ხატად და მსგავსად რაღაც, რაც არ იქნება ადამიანი, მაგრამ ექნება ადამიანის მსგავსი შესაძლებლობები და ჰომოსაპიენსი იბატონებს მასზე, ნებისმიერ დროს ჩართავს, გამორთავს და საკუთარ სურვილებს დაუქვემდებარებს. ვფიქრობ, ადამიანის ეს ქმედება ჩვენი ბუნების, შინაგანი სწრაფვების მნიშვნელოვანი გამოხატულებაა და იმაზე მეტს მიუთითებს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს- გვყავდეს უბრალოდ დამხმარე და საქმის შემამსუბუქებელი .
სიტყვა რობოტი ბევრ ჩვენგანს შიშს ჰგვრის, ამის მიზეზი შეიძლება ის სამეცნიერო ფანტეზის ჟანრის ფილმებიცაა, რომლებიც ესოდენ პოპულარულია საზოგადოებში, მაგრამ თუ დავფიქრდებით, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ დიდი ხანია უკვე რობოტების გვერდით ვცხოვრობთ. კი, ნამდვილად ასეა, და თუ აქამდე არ აღმოგვიჩენია ეს იმიტომ, რომ სიტყვა რობორტი ჩვენში სწორედ იმ მძაფრ რეაქციებს იწვევს, როგორიც ზემოაღნიშნულ ფილმებშია, სადაც დედამიწაზე რობოტები ბატონდებიან, ადამიანებს ანაცვლებენ და ათასგვარ უბედურებას ახდენენ. სინამდვილეში რობოტს შეიძლება უბრალოდ მექანიკური მკლავის სახე ჰქონდეს, მაგალითად, მანქანებისა და ტელეფონების დამამზადებელ ქარხნებში დიდი ხანია იყენებენ რობოტებს, რათა საქმე გაიდვილონ და მოკლე დროში შექმნან პროდუქტი.
აქვე მოკლედ განვმარტოთ რა არის რობოტი. პირველ რიგში, ეს არის ავტომატური მანქანა, რომელიც დაპროგრამებულია, რათა გაადვიალოს ადამიანის საქმიანობა და ზოგიერთ საქმეში ჩაანაცვლოს კიდეც. მათ შეუძლია მოგვაწოდონ გარკვეული სერვისები, აღმოგვიჩინონ დახმარება და ა.შ. ადამინმა ცხოვრების გარკვეულ ნაწილში უკვე ისწავლა რობოტებთან ერთად თანაცხოვრობა, მაგრამ კიდევ მოგვიწევს სწავლა და მათთვის ჩვენი ცხოვრების გაზიარება.
ასეთი რამ წარმოიდგინეთ, სახლში ბრუნდებით დაღლილი, არ გაქვთ თავი გააკეთოთ საოჯახო საქმეები, მომზადოთ საჭმელი, გარეცხოთ და ა.შ. ამ დროს სახლში ყველაფერი მოწესრიგებული გხვდებათ, რადგან Papper-მა უკვე ყველაფრი მოაწესრიგა, შეკითხვაც კი დაგისვათ თუ როგორ ჩაიარა დღემ, საღამოს გატარება როგორ გირჩევნიათ, მასთან ერთად ხომ არ ითამაშებდით და ა.შ. ამ ქმედებებისა და კითხვების ავტორი არის არა ვიღაც, არამედ რაღაც, ე.წ. ჰუმანოიდი რობოტი. Papper ნამდვილად არსებობს, ფრანგულ-იაპონური(Softbank Robotics.) კომპროდუქციის შედეგია და მსოფლიოში პირველი ჰუმანოიდი რობოტია, რომელსაც შეუძლია სენსორების მეშვეობით თქვენი სახის, მიმიკებისა და ხმის საშუალებით ამოიცნოს ყველა ემოცია. აქვს მახსოვრობის უნარიც, მაგალითად თუ ერთხელ მაინც ეტყვით, რომ არ გინდათ უყუროთ ფეხბურთის მატჩს, რადგან ფეხბურთი არ გიყვართ, ის აღარასდროს შემოგთავაზებთ ფეხბურთის ყურებას. Papper-ს აქვს უნარი თქვენთან ერთად განვითარდეს, ისწავლოს და საუკეთესო კომპანიონად ჩამოყალიბდეს. თუ თქვენ უკვე დაინტერესდით ამ არსებით, გეტყვით, რომ არც ისე ხელმისაწვდომია, მისი ღირებულება დაახლოებით 1500 ევროა და თვეში დამატებით 200 ევრო უნდა იხადოთ, რომ გაუმართაობის შემთხვევაში დახმარება გაუწიონ.
Softbank Robotics სხვა ტიპის რობოტებსაც აწარმოებს, მაგალითად, Romeo, რომელიც ასევე ჰუმანოიდია აქვს თავი, ტანი, კიდურები, მისი სიმაღლე 140 სანტიმეტრია და კეთილშბილურ მიზანს ემსახურება- დაეხმაროს მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში, იქნება ეს კიბეზე ასვლა, კარის გაღება, მაგიდიდან ნივთების აღება, ძებნა თუ სხვა.
Softbank Robotics- ის კიდევ ერთი რობოტია Nao, სხვებთან შედარებით პატარა ზომის, 58 სმ., მაგრამ შეუძლია სიარული, საუბარი, მოსმენა, ინტერნეტთან დაკავშირება. Nao-ს ძირითადად იმ სკოლებში შეხვდებით, სადაც აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანები სწავლობენ. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს კომუნიკაციასა და სოციალიზაციაში.
სანამ რობოტებს პირდაპირ ჩვენს მტრებად მოვნათლავთ უნდა გვახოვდეს, რომ ისინი ჩვენივე შექმნილნი არიან, ჩვენივე საჭიროებებიდან გამომდინარე და მათ არსებობას სიკეთეებთან ერთად საფრთხეებიც ახლავს, რომელთა მართვაც ადამიანის ხელშია, ისე, როგორც სხვა ყველაფერში აქაც მორალთან და ეთიკასთან მივდივართ, რამდენად სამართლიანი და ეთიკური იქნება თუ რობოტს გამოიყენებენ, როგორც ემპათიის არმქონე იარაღს, ხოლო მეორე მხრივ, როგორც დამხმარესა და თანაშემწეს მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ფორუმი