ავტორი: ანა პაპავა
ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიფიქრია, რომ რაღაც ერთის ნაწილები ვართ ყველანი. მაშინ, როცა მთაზე ასულთ ფილტვები გვევსება უცხოეთიდან ჩვენამდე მოღწეული ცივი ჰავის ჩასუნთქვით, ვხვდებით, რაღაც ნაცნობიც ურევია თითქოს გასინჯულს... ყველას თუ არა ზოგს მაინც გვინატრია სხვა სხეულად მოვლენა ამქვეყნად: ზოგი ფარფატა პეპელას ხანმოკლე და დაუკმაყოფილებლობით საინტერესო ცხოვრებას მისტირის, ზოგი კი ჩიტებრ მომავალს შეკედლებული ფიქრობს, გახდება თუ არა მუდამ ფრთების მოძრაობით ტანჯული „თავისუფლება“ ოდესმე მისი...
მე?! მე კი მგონია, რომ მგლები ვართ ყველა... სხგვაგან ანჩხლები, „ჩვენში“ კი ფარისევლურად ტკბილმოუბარნი,რადგან რა ვიცით, იქნებ „ჩვენშია“ სწორედ შემდეგი სამიზნე; საშიშები და თანაც „ადამიანის საუკეთესო მეგობრისაგან“ ერთი ნაბიჯით დაცილებულნი; მუდამ მშივრები, აროდეს მაძღარნი, თუმცა კი ვინ უწყის რა გვშია- სხვისი გაძეძგვა თუ სამართალი?! ან იქნებ...
უსაზღვრონი ვართ, განა ბოჭილნი, თუმცა კი გვსურს საწყისთან არსობა, არარაობის ტკეპნა თუ გვირჩევნია ჩვენში არსებული მგლის მოთვინიერება, მარცვლის მორწყვა, რომელიც ურჩსა თესლს აქცევს იმად, რადაც დაბადებულია იგი რომ იყვეს?!
- აჰ, პე, ირონიას ნუ იყენებ!- შემომძახა ჩემმა მეგობარმა ბნელეთიდან- განა არ იცი, ხალხს ლუკმას სანამ მისცემ, ჯერ უნდა დაუღეჭო, თორემ შეიძლება გადასცდეთ და შენ დაგაბრალონ პურის მოტანა?!
- ეჰ, ჩემო მეგობარო, ძველებურ „ამხანაგობასა“ და მგლურ ცხოვრებას ჩვეულმა ხალხმა პოტენციალი არ იცის რაში დახარჯოს. ხროვად ქცეულ, დამარხული წადილებითა და გონების სითეთრით მოცულებს, განა მოუნდებათ გათავისუფლება გაურკვევლობისაგან, რომელსაც შუშის კარებით ამაგრებს მცველი?! შუშა კარგია, იხედება მაინც გარე სამყარო, თუმცა სწორედ ისაა დამღუპველი, რომ არც ერთს არა უჩნდება სურვილი მისი ჩატეხვისა, ზღურბლის გადალახვისა...
- ჩემო პე, ისევ გამოცანებით საუბრობ. ვერ გამიგია რას გულისხმობ. განა ენამ ასე გიმტყუვნა, რომ ჩვენი, შენი თქმის არ იყოს, „მგლური“ ენა დაგავიწყდა?
- ჩვენს ენას რა დამავიწყებს, პირიქით, ნეტავ შემეძლოს სიბრალულით ნაწამები ენის ამოშლა გონებიდან...
- რატომ? განა ჩვენ „შენი ხალხი“ არა ვართ, შენი თანამოძმენი?! როგორებიც არ უნდა ვიყოთ, „ყველა ერთისთვის და ერთი ყველასთვისო“, ხომ გაგიგია?! ხოდა შენც უნდა ემსახურო იმას, ვინაც მოგცა შენ პირი სალაპარაკო, ხმა სასაუბრო და ყური სასმენი. მისი მსახურება კი კაცთათვის ზრუნვას ნიშნავს, ჩემო პე.
- განა ეგ პირი და ხმა ჩემსავე აზრებისათვის არ მომცა უზენაესმა?! განა გალიაში ჩემი ჩაკეტვა სურდა დღემუდამ მსგავსისა თქმით?! განა შემიძლია მე პოტენციალი ყოფნისა დავტოვო ხელშეუხებლად, ისე, რომ ვერ განარჩიოს ვერავინ თუ ვინ დაიწყო ეს დაუსრულებელი „შედევრი“?!
- ვერ მიგიხვდი მე შენ... განა არა გწამს?! აზრები შენია, გონება კი არა; გრძნობები შენია, გული კი არა. რაცაა ნაკარნახები, აღსრულებულიც ის უნდა იყოს. ფიქრები კი არრას გარგებს თუ ცუდსა წადილსა არა უყავი რა.
- შენ რაი გადარდებს? ან კი საიდან უნდა ვიცოდე, რა ფიქრია კარგი და რა ცუდი, თუ არ გამოვეყავ სხვასა?! მეც ხომ ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელსაც არ სურს მგლობა; ნუთუ განწირული ვარ, რომ უნდა დავისაჯო იმისათვის, რათა შევერწყა ბუნდოვანებას, სადაც იხუთება ჩემი სული ?!
- და ვინ გხუთავს, მითხარი, პე.
- არსებობა, რომელსაც არ მოაქვს განვითარება, ეს უკანასკნელი კი ჩემით თუ არ ვეძიე, არ გამოვა.
- ეჰ... თქვენ ახალგაზრდებმა რა იცით განვითარების შესახებ... მეც მეწადა თავის დროზე გაცლა, განმარტოება, ანაც კი ჩემნაირად მოაზროვნე ხალხთან ერთად სადმე შორს წასვლა, მაგრამ მივხვდი, ფუჭია ყოველი ცდა, რადგან ვერ ვიპოვეთ ჩვენ ის, რაც გვინდოდა.
- ალბათ შორს იყო ძალიან ის, რასაც ეძებდი.
- არ ვიცი, ბოლომდე არ მივსულვარ...
- იქნებ საჭირო იყო გზის გაგრძელება?!
- არამგონია. რა უნდა ყოფილიყო იქ ისეთი, რომ მე არ მნდომებოდა უკან დაბრუნება?.. სისულელე იყო და ეგ არის, მეტი არაფერი.
- მე კი ასე არ მგონია...
- შენი გონება შესაძლოა ბევრსა ვერ წვდება, თანაც უკვე გვიანია ამბების მოყოლისათვის. ხვალ სამსახური გველის, სჯობს, ადრე დავიძინოთ. ამაზე საუბარს სულ შევძლებთ, ძილს კი ვერა.
- ნუთუ?!..
ფორუმი