Accessibility links

პოლიტიკა
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რამდენი დაკარგეს დაყადაღებულმა ფონდებმა და რაზე უნდა დაეხარჯათ ეს ფული

რამდენი დაკარგეს დაყადაღებულმა ფონდებმა და რაზე უნდა დაეხარჯათ ეს ფული


ფოტოილუსტრაცია
ფოტოილუსტრაცია

„საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების“ ბრალდებით დაყადაღებული საქველმოქმედო ფონდების გაჩერება მხოლოდ აქციების მონაწილეებს არ შეეხებათ. ამ ფონდების ნაწილი დემონსტრანტების გარდა, ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური სირთულეების მქონეებსაც ეხმარებოდა.

რას აკეთებდნენ დაყადაღებული ფონდები, გარდა პროტესტის მხარდაჭერისა? - სტატიაში წაიკითხავთ.

ამ ფონდებს შორის არიან:

  • საქველმოქმედო ფონდი „ნანუკას ფონდი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფროსფერითი“;
  • საქველმოქმედო ფონდი „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“;
  • არასამთავრობო ორგანიზაცია „სირცხვილია“.

ფონდების დაყადაღების უფლება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გასცა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა.

„ეს ყადაღა, ერთი მხრივ, უფლებადაცვითი საქმიანობის შეზღუდვაა, მეორე მხრივ, კი სოლიდარობის დანაშაულად გამოცხადება“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუშითბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი, ნათია თავბერიძე.

ორგანიზაცია საქართველოში 2010 წლიდან არსებობს და ერთიანებს ხუთ ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, ,,უფლებები საქართველო”, „მედიის ინსტიტუტი“, „საფარი“ და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“. ყადაღა მათ არ შეხებიათ.

ადამიანის უფლებათა სახლის 2023 წლის ანგარიშში წერია, რომ ამ წელს სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერა მიიღო მათმა 124-მა ბენეფიციარმა. ისინი იცავდნენ გამოხატვის თავისუფლებას, სწავლობდნენ უფლებადამცველების მდგომარეობას და სთავაზობდნენ ფსიქოსოციალურ და იურიდიულ დახმარებებს. ანგარიშების დაყადაღებით, შეჩერდა მუშაობა ყველა მიმართულებით.

„ჩვენ გვყავს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ათობით ბენეფიციარი, რომლებსაც წლების განმავლობაში ვთავაზობდით ფსიქოსოციალურ მხარდაჭერას. პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით, დემონსტრანტთან ერთად ამ ადამიანებსაც ვეღარ დავეხმარებით“, - ამბობს ნათია თავბერიძე.

ნათია თავბერიძე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი.
ნათია თავბერიძე, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ კოორდინატორი.

28 თებერვალს „ადამიანის უფლებათა სახლის“ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაზაფხულის აქციებიდან დღემდე, ადმინისტრაციული ჯარიმა 322 ადამიანს დაუფარეს, ჯამში ეს 666 034 ლარი გამოვიდა.

ფონდს ფულს სწირავდნენ კერძო მოქალაქეებიც, თუმცა ყველაზე დიდი თანხა 5 მილიონი ლარი მათ ორი - საქართველოსა და თიბისი - ბანკისგან მიიღეს. დანიშნულებით დახმარებოდნენ აქციაზე დაზარალებულებს.

ამ 5 მილიონიდან ზუსტად ნახევარი ამ სამ ფონდში გადანაწილდა.

  • #ერთმანეთისთვის;
  • სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia;
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.

სამივე ფონდის ანგარიშები ამავე ბანკებში ახლა დაყადაღებულია.

შესაძლებელია თუ არა გამოძიების სამიზნე თავად ბანკები გახდნენ და ხომ არ დაჰკავშირებია მათ ვინმე უკვე ამ უწყებიდან? - ამ კითხვაზე ბანკებში რადიო თავისუფლებას არ პასუხობენ.

„მსგავსი კითხვის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“, - გვითხრეს თიბისი ბანკის პიარსამსახურში.

„ერთმანეთს არ უკავშირდება“, - გვითხრეს საქართველოს ბანკში.

დააყადაღეს „ნანუკას ფონდიც“, რომელიც აქციების მიმდინარეობისას დემონსტრანტებისთვის ყიდულობდა აირწინაღებს, პირბადეებს, საწვიმრებს და სხვა ნივთებს, ეხმარებოდა დაკავებულების ოჯახის წევრებს, იხდიდა დემონსტრანტებისთვის გამოწერილ ადმინისტრაციულ ჯარიმებს...

ტელეწამყვანი საქველმოქმედო მარათონებზე აგროვებდა ფულს მათთვისაც, ვისაც ჯანმრთელობის და ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

ფონდის გვერდზე 18 ოქტომბერს გამოქვეყნებულია ვიდეოთხოვნა და ბანკის ანგარიშები. მოქალაქეები ორი თვის მარიამს ეხმარებიან, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის. კომენტარებში ათობით სხვა ადამიანი ითხოვს დახმარებას, მკურნალობის თუ ოპერაციის თანხებს.

„ყველაზე მეტად ვდარდობ იმ დანაკლისებზე და დანაკარგზე, რომელიც ანგარიშზე გვქონდა. ჩვენი დაყადაღებით მხოლოდ ჩვენი მხარდამჭერები არ გაანაწყენეს იმიტომ, რომ გურიის სტიქიის დროს მათ მიერ მიტოვებულ მათივე მხარდამჭერებსაც ვეხმარებოდით. როცა დახმარებას გვთხოვენ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით, ჩვენ არ ვკითხულობდით ვის უჭერთ მხარს. მიზანი არის პანიკა, რომ უიმედობამ შეგვიპყროს, არაა ასე, არ აჰყვეთ პანიკას გამოსავალს ვიპოვით“, - ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი
ნანუკა ჟორჟოლიანი, ჟურნალისტი

ჟურნალისტი საგამოძიებო სტრუქტურების უნდობლობის გამო სამართლებრივ დავას არ გეგმავს და არც იმას გამორიცხავს, რომ დააკავებენ. მას თითქმის ნახევარი მილიონი ლარი დაუყადაღეს.

„ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, ხელი შეეწყოთ ამისათვის, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. როდესაც რაღაცას აშავებთ და გეუბნებიან, რომ დააშავე, მე გადაგიხდი ჯარიმას, ეს არის სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმების მცდელობა და არანაკლები მავნებლობაა, შეიძლება უფრო მეტიც, ვიდრე თავად იმ დანაშაულის ჩადენა“, - ამ არგუმენტებით გაამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ ფონდების ანგარიშების დაყადაღება.

პარტიაში სრულად იზიარებენ საქართველოს პროკურატურის განცხადების შინაარსს და საქველმოქმედო ორგანიზაციებს „რადიკალებს“ და „დიფ სთეითისა“ თუ „გლობალური ომის პარტიის“ დამქაშებს ეძახიან.

მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“
მამუკა მდინარაძე, „ქართული ოცნება“

იმ არასამთავრობო და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, რომელსაც სასამართლომ ანგარიშები დაუყადაღა, პროკურატურა „კანონსაწინააღმდეგო და დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების“ წახალისებაში სდებს ბრალს.

პროკურატურა 2025 წლის 17 მარტს გავრცელებულ განცხადებაში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტს ძალადობრივად ახასიათებს. წერს, რომ დემონსტრანტები გასცდნენ კანონით დადგენილ წესებს, ისროლეს „მოლოტოვის კოქტეილები“, დააზიანეს კერძო და მუნიციპალური საკუთრება, ისროლეს პიროტექნიკა, დააშავეს 55 ადამიანი - „უმრავლესობა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები“.

2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ 100 დღეზე მეტია გასული - ამ დროის განმავლობაში არ წყდება დემონსტრაციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. ხალხმრავალი აქციები გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ დღის წესრიგში აღარ დააყენებდნენ ევროკავშირთან გაწევრებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

აქციების დაწყების შემდეგ, დემონსტრაციების შესაზღუდად „ქართულმა ოცნებამ“ კანონები გაამკაცრა - შეკრებებზე აკრძალა ლაზერებისა გამოყენება და სახის დაფარვა, გაზარდა ჯარიმები გზის გადაკეტვასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის. ასევე 15-დან 60 დღემდე გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადაც. ამ შეზღუდვების ამოქმედების მიუხედავად, დემონსტრაციები არ წყდებოდა, აღნიშნული ფონდები კი დაჯარიმებულ მოქალაქეებს სახდელის გადახდაში ეხმარებოდნენ.

„ტრანზაქციის დროს პირდაპირ მითითებულია შემდეგი დანიშნულები: ,,აქციის საჭირო აღჭურვილობისთვის“, ,,რაც საჭიროა ბრძოლისთვის“, ,,აქციებისთვის ინვენტარის შეძენა“, ,,პიროტექნიკის შესაძენად“, ,,აირწინაღის შეძენა წინახაზის ბავშვებისთვის“.

დიდი ოდენობით თანხები დანიშნულებით: ,,წინახაზის ბავშვებისთვის აირწინაღების შეძენა“, განკუთვნილი იყო იმ ძალადობრივი ჯგუფების დაფინანსებისთვის, რომლებიც სამართალდამცავებზე თავდასხმისას ე.წ. „წინა ხაზზე“ იმყოფებოდნენ...

ე.წ. „ფონდები“, შეგროვებული ფინანსების ძირითად ნაწილს ახმარენ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე ბრალდებულ პირთა და მათი ოჯახის წევრთა ფინანსურ უზრუნველყოფას.

... ძალადობრივი ქმედების დაფინანსებით ქმნიან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით უკანონო ქმედებებში პირთა ჩართვის წამახალისებელ საფუძვლებს”, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

გამოძიება საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით მიმდინარეობს.

დემონსტრანტებს ფინანსურად არ დახმარებია, თუმცა დაყადაღებული ორგანიზაციების სიაში მაინც მოხვდა ორგანიზაცია „სირცხვილია”. მისმა წარმომადგენელმა მარიამ დოლიძემ რადიო თავისუფლებას განუმარტა, რომ არჩევნების შემდეგ ორგანიზაცია გააჩერეს, დონორებს თანხები უკან დაუბრუნეს და ოფისი დაკეტეს.

მარიამ დოლიძე, მოძრაობა „სირცხვილია“
მარიამ დოლიძე, მოძრაობა „სირცხვილია“

„არ ვიცი, რატომ შეგვიყვანეს ჩვენ ამ სიაში, არ დავხმარებივართ დემონსტრანტებს, იმიტომ კი არა, რომ არ გვქონდა სურვილი, უბრალოდ ორგანიზაცია აღარ ფუნქციონირებს. ალბათ სჭირდებათ ჩვენი სახელი ამ ორგანიზაციების ჩამონათვალში, რადგან წლებია მათთვის პრობლემას წარმოვადგენთ... მეამაყება ის, რომ დახურული ორგანიზაციის აჩრდილს დასდევენ, რაც მათ შიშზე მეტყველებს“, - ამბობს მარიამ დოლიძე.

საქველმოქმედო ფონდ #ერთმანეთისთვის დამფუძნებელი გიგა ხელაია ფეისბუქზე წერს, რომ ისინი თანხებს გამჭვირვალედ განკარგავდნენ, იხდიდნენ სახელმწიფო გადასახადს, ავსებდნენ დეკლარაციებს და არასდროს დაურღვევიათ კანონი.

„ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, საბანკო ვალდებულების, ქირის, საკვების, მედიკამენტების, ექიმის მომსახურების და ელემენტარული თვითგადარჩენისთვის საჭირო რეალობის მისაღწევად.

ამ თვეში 30-ზე მეტი ოჯახი ელოდებოდა ჩვენგან ჩარიცხვას, რომ ყოველთვიური ხარჯები ოდნავ მაინც დაგვებალანსებინა... ხოდა აი ამის პასუხად ასე პირდაპირ ადგნენ, გაგვაუქმეს და სისხლის სამართალიო და 7-დან 12 წლამდეო“, - წერს ხელაია.

ფონდი ფეისბუკზე პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას ხარჯების შესახებ. 19 თებერვალს გამოქვეყნებულ ამავე შინაარსის განცხადებაში წერია, რომ საქართველოსა და თიბისი ბანკებისგან 400 000 ლარიანი შემოწირულება მიიღეს, საიდანაც 150 000 ლარი დაკავებული დემონსტრანტების ოჯახებს მოახმარეს.

„გაწეული დახმარება მოიცავს მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრებას, სავალდებულო იურიდიული მომსახურების ხარჯების დაფარვას და სხვა აუცილებელი საჭიროებების უზრუნველყოფას.

დარჩენილი 250 000 ლარი მომდევნო სამი თვის განმავლობაში სრულად იქნება მობილიზებული იმავე მიმართულებით“, - წერია განცხადებაში.

მილიონ 246 302 ლარის შემოწირულება მიიღო 2024 წლის 6 დეკემბრიდან 2025 წლის 7 მარტის ჩათვლით საქველმოქმედო ფონდმა „ფროსფერითი ჯორჯია“. ისინი 346 მოქალაქეს დაეხმარნენ, მათ ნაწილს ხელფასი გადაუხადეს, ნაწილს საოჯახო ხარჯები დაუფარეს, 156 დემონსტრანტს გადაუხადეს ჯარიმა, სამედიცინო ხარჯები დაუფინანსეს 20 მოქალაქეს.

აქციაზე ნაცემი მოქალაქეების დასახმარებლად შექმნილი ფონდის „ფროსფერითი ჯორჯიას“ დამფუძნებელია ბიზნესმენი ნიკა გილაური, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობაში ჯერ ენერგეტიკის მინისტრის (2004-07), ფინანსთა მინისტრის (2007-09) და შემდეგ პრემიერ-მინისტრის (2009-12) პოსტებს იკავებდა.

2012 წლის შემდეგ ბიზნესში დაბრუნდა და დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა „რეფორმატიკსი“ (Reformatics).

ნიკა გილაური, ფოტო გადაღებულია 2012 წლის თებერვალში
ნიკა გილაური, ფოტო გადაღებულია 2012 წლის თებერვალში

„ორგანიზაცია სრულად კონცენტრირებულია ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერასა და დახმარებაზე“, - წერია ფონდის ოფიციალურ საიტზე.

დახმარება მოიცავს მკურნალობას, ჯარიმის გადახდას,აზარალებულების ოჯახებისა და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულების ფინანსურ დახმარებას.

შემომწირველთა ვინაობა მათი სურვილისამებრ ქვეყნდება ორგანიზაციის ვებგვერდზე.

ეს ფონდი ეხმარება სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც, ტელევიზიებს, ონლაინმედიებს და მათთვის ფულის გადარიცხვის შესაძლებლობას მესამე პირებსაც აძლევს.

„იურისტებთან ერთად განვიხილეთ განჩინება და მათთან კონსულტაციის საფუძველზე გვინდა განვაცხადოთ, რომ აღნიშნული საქმე წარმოადგენს სამართლებრივ ნონსენსს.

მოცემული გადაწყვეტილებით ადამიანების თანადგომა ცხადდება დანაშაულად;

არადა ფონდის მიზანი სწორედ დაზარალებული ხალხის დახმარებაა.

ფონდი მუშაობს წესდებით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად და ჩვენი საქმიანობა შემოიფარგლება საჯაროდ გაცხადებული ჰუმანიტარული ქმედებებით“, - ამ შინაარსის განცხადება გაავრცელა ფონდმა დაყადაღების პასუხად ფეისბუკზე.

საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით გამოძიების დაწყების საფუძველი 2024 წლის 10 ივლისს დაფუძნებული„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პროკურატურისადმი მიმართვა გახდა - ეს მოძრაობა ხშირად იმეორებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ გზავნილებს.

ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი ვატო შაქარიშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაინახეს „აგენტურული კვალი“, რომლის შესახებაც საგამოძიებო უწყებას აცნობეს - საქმე კი 2025 წლის თებერვალში აღიძრა.

რადიო თავისუფლებამ მას სთხოვა, დაესახელებინა ერთი ფაქტი, რომლის შესახებაც საგამოძიებო უწყებები ჩააყენა საქმის კურსში:

„აქ არის ლოგიკური ბმა, მოქმედებათა ჯაჭვი. ეს არის ძალიან ფართო და მოიცავდა იმ პროცესებს, რომელიც იყო პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში - პირდაპირ ხდებოდა კონკრეტული ფონდების მიერ დანაშაულის წახალისება, დანაშაულის ჩადენისკენ მოწოდება და შემდგომ იმ მატერიალური საშუალებების შეძენას, რომელიც სჭირდებოდა დანაშაულის ჩადენას“, - ამბობს ვატო შაქარიშვილი და დასძენს, რომ მათ მიერ დასახელებულ ორგანიზაციებს შორის იყო „ნანუკას ფონდი“ და „სირცხვილია“.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ შესახებ

მოძრაობის დამფუძნებლები არიან ორგანიზაციის, „ყოფილი პოლიტპატიმრები საქართველოსთვის“, წარმომადგენლები ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრი და სატყეო დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი ბიძინა გიორგობიანი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ნიკოლაიშვილი. მოძრაობას ასევე შეუერთდა პარლამენტის ყოფილი წევრი პეტრე მამრაძე.

ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრები მიიჩნევენ, რომ „საქართველო უნდა გათავისუფლდეს ევროინტეგრაციის თემის პოლიტიკური მძევლობისგან“.

მოძრაობის სამიზნე, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, არიან პოლიტიკური პარტიების, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“, ლიდერები მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია. „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ ორივე პოლიტიკოსს ჯაშუშებს უწოდებს და მათი ამომრჩევლების პასუხისმგებლობის დაყენებასაც ითხოვს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ, რომ სხვადასხვა ფონდისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების და მათი ფულადი სახსრების დაყადაღების მიზანია საპროტესტო მუხტის შემცირება და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას.

ჩვენი შეფასებით “[ფონდების დაყადაღება] ქართული ოცნების” ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიული მცდელობაა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას ორგანიზაციაში.

დაყადაღებული ფონდები და ორგანიზაციები, ანგარიშებზე თანხების გაყინვის შემდეგ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკას ელოდებიან.

„კომპიუტერიდან არაფერს ვშლი. ყველა ინფორმაცია დარჩება, რაც დეტალურად აღწერს, რა გაუკეთებია ფონდს“, - დაწერა ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუკზე,

არავინ გამორიცხავს, რომ საბოტაჟის საქმის გამოძიების კულმინაცია ფონდების წარმომადგენლების დაკავება შეიძლება გახდეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG