18 მარტს ევროკომისარმა მარტა კოსმა X-ზე დაწერა, რომ შეხვდა ჩეხეთის მთავრობის ევროპულ საქმეთა მინისტრს, მარტინ დვორჟაკს.
ჩეხეთია ქვეყანა, სადაც რადიო თავისუფლების შტაბ-ბინა მდებარეობს და რომელმაც წამოაყენა შეთავაზება ევროკავშირის მხრიდან რთე/რთ-ის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობის შესახებ.
„მედიის თავისუფლება დღეს იმაზე მეტად არის მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე“, - წერს მარტკა კოსი X-ზე დვორჟაკთან შეხვედრის შემდეგ.
„მინისტრ დვორჟაკთან ერთად განვიხილე „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდაჭერის გზები“, - წერს ის. „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ხმას აწვდენს 47 მილიონ ადამიანს, ხშირად ისეთ არეალებში, სადაც სიმართლეზე ცენზურაა დაწესებული“, - აცხადებს იგი.
„ყველაფერს ვიღონებ, რაც შემიძლია, რათა მხარი დავუჭირო მათი მუშაობის გაგრძელებას“, - დაწერა ევროკომისარმა X-ზე.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ მედიაორგანიზაციის შესაძლო მხარდაჭერის საკითხი გუშინ წამოჭრა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ჩეხეთი ინიციატორია განცხადების პროექტისა, რომელშიც ლაპარაკია ევროკავშირის მხრიდან რთე/რთ-ის ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობაზე.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ინიციატივას შემდეგი ქვეყნები უჭერენ მხარს: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, ბელგია, გერმანია, ავსტრია, შვედეთი, სლოვენია და ნიდერლანდი. ინიციატივას ასევე აქვს პოლონეთის ვერბალურ მხარდაჭერა.
ევროკავშირის არაერთმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ევროკავშირს, იკისროს მედიაორგანიზაციის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება.
ისინი მიუთითებენ რადიო თავისუფალი ევროპის/რადიო თავისუფლების მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც მიმართულია იმ ქვეყნების აუდიტორიაზე, სადაც თავისუფალი პრესა საფრთხის ქვეშაა ან ხელისუფლების მხრიდან იდევნება.
ორშაბათს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა კაია კალასმა თქვა, რომ ევროკავშირი განიხილავს რადიო თავისუფლების უწყვეტი მუშაობის დაფინანსებას საკუთარი წყაროებიდან, მაგრამ ევროპა ჯერჯერობით ვერ დადებს პირობას, რომ ეს საკითხი „ავტომატურად“ გადაწყდება.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება არის კონგრესის მიერ დაფინანსებული დამოუკიდებელი მედიაკორპორაცია, რომელიც დაარსდა 1953 წელს. ორგანიზაცია აშშ-ის კონგრესის მიერ ფინანსდება შეერთებული შტატების გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) მეშვეობით. რადიო თავისუფლების ქართულმა სამსახურმა მაუწყებლობა 1953 წლის 18 მარტს დაიწყო.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 14 მარტს ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომლის მიზანია, შეამციროს შვიდი სააგენტო - მათ შორის აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტო (USAGM), რომელიც ზედამხედველობს რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებას და სხვა ფედერალურ მაუწყებლებს.
აღმასრულებელი ბრძანებულების პუბლიკაციიდან რამდენიმე საათის შემდეგ USAGM-მა გამოაგზავნა წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ რთე/რთ-ს, რომლის შტაბ-ბინა პრაღაში მდებარეობს, კონგრესის მიერ დამტკიცებული გრანტი უწყდება.
რთე/რთ-ის პრეზიდენტმა და მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივენ კაპუსმა განაცხადა, რომ გრანტის შეწყვეტა „დიდი საჩუქარი იქნება ამერიკის მტრებისთვის“. მის ამ მოსაზრებას მთელს მსოფლიოში ფართოდ დაუჭირეს მხარი მედიის უფლებების მეთვალყურეებმა, დემოკრატიის დამცველებმა და პოლიტიკოსებმა.
ფორუმი