ეს ინფორმაცია ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა გააცნო.
ბეჟაშვილის თქმით, პარტიის ინფორმაციით, ვარშალომიძე დააკავეს ყაზახეთში, აეროპორტში, საზღვრის კვეთისას.
„სავარაუდოდ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც ლევან ვარშალომიძეს ეხება და უკავშირდება მის პოლიტიკურ- საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“, - აცხადებს ბეჟაშვილი.
მისი თქმითვე, არსებობს ექსტრადიციის საფრთხე.
„ამიტომ ახლა, ამ წუთას, ჩვენი ყველა რესურსი ჩართულია იმისათვის, რომ სწორი კომუნიკაცია გვქონდეს, როგორც უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ასევე ყაზახეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია და ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც შედის საქართველოს და ყაზახეთის საუკეთესო ინტერესებში“, - თქვა ბეჟაშვილმა.
მისი განცხადებით, „რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლისსამართლებრივი საქმე ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული“.
„გასაგებია, რატომაც არის ეს საქმე აღძრული, ამიტომ სწორი კომუნიკაცია საჭიროა იმისათვის, რომ დავიხსნათ ლევან ვარშალომიძე უკანონო დაკავებისგან“, - თქვა ბეჟაშვილმა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
„ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2004-12 წლებში ლევან ვარშალომიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე იყო. ის ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეგობარი და თანამებრძოლია.
ის იყო 2020 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი, თუმცა 2021 წლის თებერვალში ჯერ თავად ითხოვდა დეპუტატის სტატუსის მოხსნას პროტესტის ნიშნად, მოგვიანებით, 2022 წელს კი, სტატუსი მოუხსნეს, რადგან სხდომებს არ ესწრებოდა.
2020 წელს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობისათვის შიდა ბრძოლაში ვარშალომიძე დამარცხდა ნიკა მელიასთან.
ფორუმი