Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპის თქმით, პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, გარშემორტყმული უკრაინელი მეომრები დაინდოს

ტრამპის თქმით, პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, გარშემორტყმული უკრაინელი მეომრები დაინდოს


ტრამპის თქმით, აშშ-ს გუშინ „კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან. ფოტოზე: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი იაპონიაში, 2019 წლის 28 ივნისი
ტრამპის თქმით, აშშ-ს გუშინ „კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები“ ჰქონდა ვლადიმირ პუტინთან. ფოტოზე: დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი იაპონიაში, 2019 წლის 28 ივნისი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს „მტკიცედ სთხოვა“, რომ დაინდოს რუსეთის ჯარების მიერ „მთლიანად გარშემორტყმული“ უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლე. უკრაინა კი აცხადებს, რომ ცნობები „ალყის“ შესახებ „რუსების მიერაა შეთითხნილი“.

„ჩვენ გუშინ ძალიან კარგი და პროდუქტიული მოლაპარაკებები გვქონდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და ძალიან კარგი შანსია, რომ ეს საშინელი, სისხლიანი ომი საბოლოოდ დასრულდეს“, - დაწერა 14 მარტს დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ში.

„მაგრამ ამ წუთას ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი გარშემორტყმულია რუსეთის ჯარის მიერ და ძალიან ცუდ და მოწყვლად მდგომარეობაში არიან“, - წერს დონალდ ტრამპი. მას არ დაუზუსტებია, რომელ ტერიტორიას გულისხმობს.

„მტკიცედ ვთხოვე პრეზიდენტ პუტინს, დაინდოს ისინი. ეს იქნება საშინელი ხოცვა-ჟლეტა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. უფალმა დაიფაროს ყველა მათგანი“, - წერს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

განახლება: „ცნობები კურსკის რეგიონში მტრის მიერ უკრაინული შენაერთების სავარაუდო „ალყის“ შესახებ მცდარია და რუსების მიერაა შეთითხნილი პოლიტიკური მანიპულაციის, ასევე, უკრაინასა და მის პარტნიორებზე ზეწოლის მიზნით“, - განაცხადა მოგვიანებით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.

ტრამპის განცხადებამდე მცირე ხნით ადრე დონალდ ტრამპის მრჩეველმა სტივ ვიტკოფმა განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია „ფრთხილი ოპტიმიზმითაა“ განწყობილი საუდის არაბეთში უკრაინის დელეგაციასთან გამართული ბოლო შეხვედრის, ასევე, ვლადიმერ პუტინის ბოლო განცხადების შემდეგ.

ჯედაში გამართული მოლაპარაკებების შედეგად, უკრაინა 30-დღიან ზავზე თანახმაა. აშშ ახლა ამბობს, რომ ჯერი რუსეთზეა, თუმცა კრემლი ჯერჯერობით თავს იკავებს მკაფიო პოზიციის გამოხატვისგან. პარალელურად, ევროპელი ლიდერები მსჯელობენ უკრაინის ახალ უსაფრთხოების არქიტექტურაზე.

13 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა უკრაინაში შეწყდეს ცეცხლი, მაგრამ იმგვარად, რომ აღმოიფხვრას კრიზისის ძირეული მიზეზები.

პუტინის პასუხი შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს უკრაინის მზადყოფნას ცეცხლის შეწყვეტისთვის, ასეთი იყო:

„თანახმა ვართ შეწყდეს საბრძოლო მოქმედება, მაგრამ ეს წინადადება უნდა იყოს იმგვარი, რომ მოიტანოს ხანგრძლივი მშვიდობა და აღმოფხვრას“ ომის „ძირეული მიზეზები", - თქვა პუტინმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც მან ბელარუსის მმართველ ალიაქსანდრ ლუკაშენკასთან ერთად გამართა და რომელზეც მან მადლიერების სიტყვები გამოთქვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი.

პუტინის განცხადებას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც გამოეხმაურა - მისი შეფასებით პუტინისგან მოისმინა „ძალიან მოსალოდნელი და მანიპულაციური სიტყვები“.

„ის, ფაქტობრივად, უარს ამზადებს. პუტინს, რა თქმა უნდა, ეშინია პრეზიდენტ ტრამპისთვის პირდაპირ იმის თქმა, რომ ამ ომის გაგრძელება და უკრაინელების ხოცვა სურს", - ამბობს ზელენსკი ვიდეომიმართვაში.

მისი შეფასებით, პუტინი ხშირად იქცევა ასე „არ ამბობს „არას“ პირდაპირ, მაგრამ ისე იქცევა რომ პროცესი გაიწელოს, რაც ნორმალური გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ იძლევა.

ამასთან, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრი სიბიჰას 14 მარტის განცხადების თანახმად, უკრაინამ დაიწყო შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სამეთვალყურეო ჯგუფის შექმნა.

„უკვე დავიწყეთ სახელმწიფო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომელიც შეიმუშავებს შესაბამის პროცედურებს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის სათანადო მეთვალყურეობისთვის“, - თქვა სიბიჰამ.


ფორუმი

XS
SM
MD
LG