12 მარტის დილით, რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ფოტო და ვიდეო, რომლებზეც კურსკის ოლქის ქალაქ სუჯის ცენტრში, სავარაუდოდ ადმინისტრაციულ შენობასთან, 7 რუს სამხედროს რუსეთის სახელმწიფო და სხვადასხვა დანაყოფის დროშები აქვთ აღმართული.
საღამოს სუჯაში რუსეთის ჯარის შესვლის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა ტელეარხმა "სუსპილნემაც", რომლის თანახმად, ქალაქში გრძელდება ბრძოლები.
წუხელ ოთხი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა ოდესის პორტში რუსული ბალისტიკური რაკეტით თავდასხმის შედეგად. რაკეტა მოხვდა მარცვლეულით დატვირთულ გემს, რომელიც ალჟირში მიემართებოდა.
იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფლიო ელოდება უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-ისა და რუსეთის მოლაპარაკებებს, რუსეთის ჯარები ფართო ფრონტით განაგრძობენ შეტევას უკრაინის წინააღმდეგ.
"მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლე"
12 მარტს სუჯაში შექმნილ ვითარებაზე როდესაც ჰკითხეს, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პეკსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარები "წარმატებით მიიწევენ წინ" კურსკის ოლქში. სხვა დეტალებზე კრემლის წარმომადგენელს არ უსაუბრია.
მანამდე მთელი დღის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო მედია ავრცელებდა ქალაქ სუჯის ცენტრში, მოედანზე რუსი სამხედროების გადაღებულ ფოტოებსა და ვიდეოებს. რუსული მედიის მტკიცებით, სამხედროებს, რომლებსაც ხელთ უპყრიათ რუსეთის სახელმწიფო, სადესანტო ჯარების, რუსეთის იმპერიისა და ასევე კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერის" დროშები, სწორედ სუჯის ადმინისტრაციულ შენობასთან იმყოფებიან.
უცნობია, თუ როდის არის ეს ფოტოები და ვიდეო გადაღებული, მაგრამ მათზე რომ სწორედ სუჯის ცენტრალური ნაწილია გამოსახული, ამას რუსული ტელეგრამის არხების თანახმად, ადასტურებს მოედნის ფილებიც, რომლებზეც რუსეთის ჯარისკაცები დგანან.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს მოწინააღმდეგის მიერ სუჯის ცენტრის დაკავების შესახებ ცნობებზე კომენტარები არ გაუკეთებია.
მაგრამ რუსი სამხედროების ქალაქ სუჯაში შესვლის შესახებ ინფორმაცია, კურსკში მყოფ უკრაინელ სამხედროზე დაყრდნობით, უკრაინულმა ტელეარხმა "სუსპილნემ" გაავრცელა. ანონიმი უკრაინელი სამხედროს ნაამბობიდან ირკვევა, რომ რუსეთის მოიერიშე ჯგუფებმა მას შემდეგ მოახერხეს კურსკის ცენტრალურ ნაწილამდე მისვლა, რაც საცეცხლე კონტროლს დაუქვემდებარეს იუნაკივკა-სუჯის, სუმის ოლქისა და კურსკის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი მარშრუტი.
ანუ ლოგისტიკის გარეშე დარჩენის საფრთხე დაემუქრა ქალაქ სუჯის დამცველ უკრაინულ დაჯგუფებას, რაზეც ბოლო დღეებში ხშირად წერდნენ როგორც უკრაინული, ისე დასავლური ანალიტიკური პორტალები.
შესაძლო ალყის საფრთხე თავიდან, რომ აეცილებინა, უკრაინის სარდლობამ სუჯის ცენტრალური ნაწილიდან ქვედანაყოფების გაყვანისა და მათი დასავლეთ ნაწილში გადაჯგუფების გადაწყვეტილება მიიღო. თავიანთ ბოლო ანგარიშში ასეთი მანევრის შესახებ იუწყებიან "ომის შემსწავლელი ინსტიტუტი" (ISW) და ანალიტიკური პორტალი DeepState, რომლის დაკვირვებით, ქალაქ სუჯის აღმოსავლეთი ნაწილი გუშინდელი დღიდან მოყოლებული ე.წ. "რუხ ზონას" (ბუფერულ ზონას - რედ.) წარმოადგენს.
მაგრამ, როგორც უკრაინული ტელეარხი "სუსპილნე" წერს, ბრძოლები სუჯაში გრძელდება და უკრაინულ ქვედანაყოფებს საკმაოდ უჭირთ მოწინააღმდეგის მძლავრი შეტევების შეკავება, რაზეც 12 მარტს მედიასთან შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც არაორაზროვნად მიანიშნა.
"ჩვენი ჯარები კურსკის ტერიტორიაზე თავიანთ ამოცანებს ასრულებენ. რუსები ცდილობენ, რომ ერთმნიშვნელოვნად, მაქსიმალურად შეავიწროონ ჩვენი ჯარები. [უკრაინის] სამხედრო სარდლობა აკეთებს ყველაფერს, რაც უნდა გააკეთოს: მაქსიმალურად იცავს ჩვენი მეომრების სიცოცხლეს", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მაგრამ, უკრაინული მედია წერს, რომ ზელენსკი არ უნდა იყოს კმაყოფილი კურსკის ოლქის ოპერაციაზე პასუხისმგებელი სარდლობის მოქმედებით.
იმავე ტელეარხ "სუსპილნეს" 12 მარტის ცნობით უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ თანამდებობიდან გადააყენა ოპერატიული დაჯგუფება "სევერის" სარდალი, გენერალ-მაიორი დმიტრო კრასილნიკოვი. გენერალმა, რომლის პასუხისმგებლობის ზონაში კურსკის ოლქიც შედიოდა, უკრაინულ ტელეარხს უთხრა, რომ მისთვის უცნობია თანამდებობიდან მისი გადაყენების მიზეზი.
რუსეთი ფართო ფრონტით უტევს
რუსეთის ამ იერიშების ფონზე 11 მარტს საუდის არაბეთში გაიმართა უკრაინისა და აშშ-ის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა. ამ მოლაპარაკებების შემდეგ კიევი დათანხმდა აშშ-ის წინადადებას 30 დღით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შესახებ, თუ რუსეთიც იმავეს გააკეთებს.
უკრაინის სარდლობაში აცხადებენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებამდე რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება მეტ ტერიტორიაზე დაამყაროს კონტროლი, მათ შორის ხელთ იგდოს თუნდაც ერთი სოფელი მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე, ხერსონის ოლქში.
ბრიტანული "გარდიანი" წერს, რომ ხერსონის ოლქი სტრატეგიულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, რადგან ის მდებარეობს უკრაინის მთავარი მდინარის, დნეპრის შესართავთან. ომამდე ოლქის მოსახლეობა დაახლოებით მილიონი ადამიანი იყო. ამჟამად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მხოლოდ 155 ათასი ადამიანია დარჩენილი. ამავე დროს, რუსული ჯარები მუდმივად უტევენ სანაპირო ტერიტორიებს დრონებით და სხვადასხვა ტიპის რაკეტებით.
რუსეთის არმია უკრაინის ტერიტორიაზე 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. პრეზიდენტმა პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია".
უკრაინაში რუსული არმიის ფართომასშტაბიან შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების, „დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს.
ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო ლინეცკიმ რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურს განუცხადა, რომ რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე უსაფრთხოების მდგომარეობა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკიდურესად რთული რჩება. რუსეთის ჯარის მხრიდან დაბომბვა არათუ მცირდება, არამედ პირიქით - მატულობს. რამდენჯერმე დივერსიულმა ჯგუფებმა სცადეს დესანტირება დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე. ისინი აღმოაჩინეს და უკუაგდეს, მათი ნაწილი კი გაანადგურეს. სამხედრო ადმინისტრაციამ დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე სხვადასხვა დამცავი კონსტრუქცია აღმართა.
2022 წლის ნოემბერში რუსეთის სამხედრო ნაწილებმა 10-თვიანი ოკუპაციის შემდეგ უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების მაშინდელმა სარდალმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა რუსეთის მაშინდელ თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხერსონის ოლქში ჯარების მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე გადაყვანა შესთავაზა.
ეს ნიშნავდა ქალაქ ხერსონის ჩაბარებას. შოიგუ დათანხმდა ამ წინადადებას და ჯარების დნეპრის მეორე მხარეზე გადაყვანის განკარგულება გასცა.
2023 წლის აპრილში გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის არმიამ განაგრძო წინსვლა ხერსონის ოლქში და, დიდი ალბათობით, ცალკეულმა ნაწილებმა ხერსონის ოლქის მარცხენა (აღმოსავლეთ) სანაპიროზე შესვლა მოახერხეს.
იმავე წლის ივნისში გავრცელდა ცნობა ხერსონის ოლქში მდებარე უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის, კახოვკის ჰესის აფეთქების შესახებ, რაშიც კიევმა დაადანაშაულა რუსეთის საოკუპაციო ძალები, რომელთაც სურდათ, აღეკვეთათ უკრაინის არმიის წინსვლა ხერსონის მარცხენა სანაპიროზე.
თავის მხრივ, მოსკოვმა ბრალი დასდო კიევს. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ კახოვკის ჰესის აფეთქებაში კიევის კიდევ ერთ სავარაუდო მიზნად დაასახელა ყირიმის მოსახლეობაზე შურისძიება. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის წყლით მომარაგება სწორედ კახოვკის ჰესზე იყო დამოკიდებული.
ფორუმი