"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებით, მათ კომპანია "ჯორჯიან მანგანეზთან" შეთანხმებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოებს აღარ განაახლებს.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" დირექტორის, მაქსიმ მაზურენკოს განმარტებით, შესაბამისი გადაწყვეტილება აუდიტორის, DMT-ის მიერ მომზადებული დასკვნის შედეგების გაცნობის შემდეგ მიიღეს. მისი თქმით, დასკვნა ჭიათურაში მიწისქვეშა მოპოვების ფინანსურად წამგებიანობას ოფიციალურად ადასტურებს.
"ბოლო წლის განმავლობაში საწარმოების ფინანსური მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა მოსახლეობის მხრიდან მაღაროების პარალიზების გამო. გაჩერებული საწარმოების პირობებშიც კი გვიწევდა, თანამშრომლებისთვის ხელფასის 100% გადაგვეხადა.
ამ დროის განმავლობაში ხელფასებს ვიხდიდით მოძიებული სესხებით, ეს თანხა ჯამში 83 მილიონამდე ლარს შეადგენს.
სწორედ ამ ყველაფერმა მიგვიყვანა კოლოსალურ ზარალამდე, რასაც დაემატა ის, რომ ბანკებმა ახალი სესხების გაცემაზე უკვე უარი გვითხრეს. ეს გახდა მთავარი ფაქტორი, რის გამოც ხელფასების გაცემა ვერ მოვახერხეთ.
მინდა განვმარტო, რომ CMC პასუხისმგებელი იყო ჭიათურის საწარმოების მართვაზე და მოპოვების თვითღირებულების შემცირებაზე. ამ მიზნების მისაღწევად, ჩვენი მხრიდან ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მცდელობას თან დაერთო სოციალური წინააღმდეგობა და შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მასშტაბური საპროტესტო გამოსვლები, რის გამოც გასული წლის ნოემბრიდან წარმოების სრული გაჩერება მოგვიწია", - ამბობს მაქსიმ მაზურენკო, რომლის ციტატასაც "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" ავრცელებს.
კომპანია, ასევე, ავრცელებს გერმანული საკონსულტაციო კომპანიის DMT GmbH & Co. KG-ის დასკვნის შედეგებს, რომელმაც, მათივე თქმით, ჭიათურის საბადოებში ტექნიკური გეოლოგიური და ფინანსური მონაცემები შეისწავლა.
"DMT-ის დასკვნით დასტურდება, რომ მიწისქვეშა მოპოვება ფინანსურად წამგებიანია, რაც გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით:
1. მადნის დაბალი ხარისხი და აქედან გამომდინარე, გადამუშავების შედეგების დაბალი ეფექტიანობა;
2. მანგანუმის კონცენტრატის ფასების სტაგნაცია და ბაზრის არასტაბილურობა;
3. შრომით ბაზარზე და ხარჯვით მასალებზე ფასების ზრდის პირობებში ძალიან მაღალი საოპერაციო ხარჯები (OPEX), განსაკუთრებით გადამუშავებისა და მიწისქვეშა მოპოვების კუთხით;
4. ინვესტიციების განხორციელება არაეფექტიანია".
კომპანია, ასევე, განმარტავს, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების კიდევ ერთი საფუძველი გახდა პროფკავშირის მხრიდან კომპანიისთვის კოლექტიური ხელშეკრულებით დაკისრებული სოციალური ვალდებულებები, "რამაც ფინანსური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმებას შეუწყო ხელი".
"შუქრუთის მოსახლეობის მხრიდან მაღაროების 70%-ის პარალიზებისა და ფაქტობრივად სრულად გაჩერებული წარმოების პირობებში, კომპანია CMC-ი დასაქმებულებს ხელფასის 100%-ს უხდიდა და უნარჩუნებდა საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. ხოლო საწარმოს სრულად გაჩერების პირობებში, უხდიდა ხელფასის 60%-ს.
ჯამში, გაჩერებული წარმოების პერიოდში, ბანკებიდან კრედიტების საშუალებით, კომპანიამ დასაქმებულებზე ხელფასის სახით 82,6 მილიონი ლარი გასცა. კრიზისის პირობებში, კომპანია დასაქმებულებს სრულად უნარჩუნებდა სოციალურ სარგებელსა და უხდიდა ხელფასს, რაც მძიმედ აისახა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
28 თებერვლიდან ათობით მაღაროელი აქციას მართავს და ითხოვს, სახელმწიფომ მანგანეზის მომპოვებელ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზთან“ დასაქმებულებისა და ადგილობრივების უფლებები დაიცვას.
„სახელმწიფოსთან გვაქვს მიმართვა - ეს კომპანია, რომელიც 2006 წლიდან არის, არ ასრულებს თავის ვალდებულებებს არც მოსახლეობასთან და არც დასაქმებულებთან. უნდა გადაიხედოს კონტრაქტი, რაც გაფორმდა...
ჩვენ ყველანაირი საშუალება გამოვიყენეთ, რაც კი შეიძლებოდა. 2023 წელს მედიაციით დანიშნულ კომისიის სხდომებზე ვიყავით ერთ-ერთი მხარე, ვიჯექით კომპანიასთან მოლაპარაკების მაგიდასთან - ვუხსნიდით, რა იყო პრობლემები, რა იწვევდა და როგორ მოგვარდებოდა. ამ პრობლემებზე ყური არ გვიგდეს, აგრძელებდნენ ოპერირებას“, - უთხრა რადიო თავისუფლებას საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, დათო ჩინჩალაძემ.
ჭიათურაში მომპოვებელი პროცესის ძირითადი ნაწილი 2024 წლის 1 ნოემბრიდან შეჩერებულია - მაშინ თანამშრომლებმა მიიღეს დაპირება, რომ 2025 წლის 1 მარტამდე ხელფასის 60% დაერიცხებოდათ. როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი ამბობს, წლების წინ ჭიათურაში მანგანუმის მოპოვებაში მხოლოდ ერთი კომპანია იყო ჩართული, ახლა კი ქვეკომპანიები შეიქმნა, რამაც საწარმოო ხარჯი გაზარდა, უკვე ორი კვირა გავიდა და მათ კი კუთვნილი ანაზღაურება არ მიუღიათ:
„ერთი დიდი საწარმო იყო, ერქვა "ჭიათურ მანგანეზი", ყველაფერი მას ემსახურებოდა - ახლა დაიყვნენ სხვადასხვა კომპანიად - მოპოვება ცალკეა, ტექნიკა ცალკე, სამრეცხი, საწყობი. შესაბამისად, ამათ ყველას ცალკე დირექტორი და მოადგილეები ჰყავთ. გაიბერა შტატები“.
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში ყველაზე დიდი დამსაქმებელია. სწორედ ამ საწარმოს გამართულ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული მუნიციპალიტეტის ეკონომიკური აქტივობა.
ფორუმი