Accessibility links

მზია ამაღლობელის საქმე
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
„მიზანია ტელეფონის არდაბრუნება” - ადვოკატები მზია ამაღლობელის საქმეში გაჩენილ „დაგეგმილ თავდასხმაზე”

„მიზანია ტელეფონის არდაბრუნება” - ადვოკატები მზია ამაღლობელის საქმეში გაჩენილ „დაგეგმილ თავდასხმაზე”


6 მარტს ბათუმის სასამართლო მზია ამაღლობელის კიდევ ერთ საქმეს განიხილავს.
6 მარტს ბათუმის სასამართლო მზია ამაღლობელის კიდევ ერთ საქმეს განიხილავს.

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის განხილვისას მოსამართლემ დაცვის მხარის თითქმის ყველა მტკიცებულება დაუშვებლად ცნო და ჟურნალისტსა და მედიამენეჯერს, რომელიც კვლავ პატიმრობაში დატოვა, ადვოკატების შეფასებით, დაცვის უფლება ჩამოართვა.

4 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოულოდნელად გამოიკვეთა, რომ ბრალდება მუშაობს იმ ვერსიაზეც, თითქოს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი 11 იანვარს „პოლიციელზე თავდასხმას” გეგმავდა „სხვებთან კომუნიკაციით” და ამ მოტივით მზია ამაღლობელის ტელეფონზე წვდომა მოითხოვა.

ჟურნალისტის ადვოკატი, ჯუბო ქათამაძე ამბობს, რომ გამოძიება ამ ვერსიის წამოყენებით საკუთარ თავს ეწინააღმდეგება. საბრალდებო ჩანაწერში აღნიშნულია, რომ მზიამ პოლიციელს დაარტყა არა წინასწარ დაგეგმილად, არამედ შურისძიების გამო. იმ დღეს მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს, პირველად - პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, როცა ღობეზე საპროტესტო სტიკერს აკრავდა.

მზია ამაღლობელის ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ეს ახალი ვერსია, - მით უმეტეს, გამოძიება უკვე დასრულებულია, - ვერ შეცვლის მათი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას, მაგრამ პოლიციას ჟურნალისტის ტელეფონზე წვდომის უფლებას მისცემს.

„[გამოძიების] მიზანია ტელეფონის არდაბრუნება. ჩვენ ვითხოვდით ტელეფონის დაბრუნებას, საქმესთან ამას არანაირი შემხებლობა არ აქვს, იქ უამრავი ინფორმაციაა, როგორც პირადი, ისე სამსახურებრივი და უნდათ ყველაფერს ჩახედონ”, - ეუბნება მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი რადიო თავისუფლებას.

იმავეს ამბობს მზია ამაღლობელის მეორე ადვოკატი, ჯუბო ქათამაძეც:

„ტელეფონი ამოღებული აქვთ დაკავების დღიდან. 15 თებერვალს დაუწერია პატაკი [პოლიციელ] ვლადიმერ ჩიტაიას, რომლითაც ითხოვდა ნივთმტკიცებად მის [მობილური ტელეფონის - რ.თ.] დართვას, ამ პატაკამდე კანონიერად არ ჰქონდათ უფლება ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების და ახლა უკვე, როცა სასამართლომ მისცა ამის უფლება, უკვე კანონის სახელით შეუძლიათ ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა ამ ტელეფონიდან: იქნება ეს შემავალი და გამავალი ზარები, მიმოწერა, აპლიკაციებში დაცული ინფორმაცია, კონტაქტები და ა.შ…. მზიას დაკავებიდან თვე-ნახევრის მერე ამ პატაკის ავტორი წერს, რომ მისთვის ცნობილი გახდა მისთვის დაუდგენელი წყაროებიდან, რომ დაუდგენელი ადამიანებიდან იღებდა ინსტრუქციას და ეს ინსტრუქცია უნდა იყოს მის ტელეფონში…“

4 მარტს სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დაცვის მხარის მოწმედ დასაკითხ პირთა ნუსხიდან ამოიღო:

  • 17 მოწმე, რომლების დაკავების ღამეს მზიას შეხვდნენ აქციაზე ან პოლიციის შენობაში;
  • 18 ვიდეომტკიცებულება, სადაც ასახული იყო არა მხოლოდ დაკავების კადრები, არამედ ის მოვლენები, რაც წინ უძღოდა მზიას დაკავებას;
  • 13 დათვალიერების ოქმი, სადაც თვითმხილველები აღწერდნენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც შემთხვევის ადგილისა და დაკავების ეპიზოდის შესახებ დამატებით ცნობებს იძლეოდა;
  • 14 წერილობითი მტკიცებულება, რომელთა შორის იყო სამედიცინო დოკუმენტაცია და ექსპერტის დადგენილება, რომელიც ამბობდა, რომ ტკივილი არა მხოლოდ სუბიექტური, ობიექტური კატეგორიაა და მისი ზომის განსაზღვრა შეუძლია კონკრეტულ შემთხვევებში სხვადასხვა ნიშნით.
  • დაუშვებლად ცნობილი მტკიცებულებების ნაწილია ვიდეოკადრებიც, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის აჭარის პოლიციის უფროსის, დაზარალებულ ირაკლი დგებუაძის ჩვენებასთან, რომ თითქოს მას მზიასგან ხელის გარტყმის შემდეგ ტკივილთან ერთად ლოყაც გაუწითლდა - კადრებში, რომელიც ინციდენტიდან რამდენიმე წამშია გადაღებული და სადაც დგებუაძე ორივე მხრიდან ჩნდება, მას არც ერთ ლოყაზე სიწითლე არ ეტყობა.

„…უკანონობებშიც ხომ არის ზღვარი - ამ შემთხვევაში სასამართლომ თქვა, მზიას არ აქვს უფლება, რაიმე პოზიცია ჰქონდეს, არ აქვს უფლება დაცვის - მზიასგან სასამართლო მოისმენს მხოლოდ მის განმარტებას მტკიცებულებების გარეშე. ასეთი ამ ურცხვ სასამართლოშიც კი, არასოდეს არაფერი მომხდარა”, - ეუბნება მზია მწარიაშვილი გაუქმებულ მტკიცებულებებზე საუბრისას რადიო თავისუფლებას.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ დაცვის მხარეს ყველა მტკიცებულება გაუბათილა, ადვოკატების შეფასებით, ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა დაცვაც და სიმართლის დადგენაც. მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მტკიცებულებებისგან განსხვავებით, მოსამართლემ პროკურატურის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო და ყველა შუამდგომლობაც დააკმაყოფილა.

„აზრი დაეკარგა სასამართლოში მისვლას საერთოდ - ცირკის საყურებლად უნდა ვიაროთ შემდეგ სხდომებზე”, - ეუბნება მაია მწარიაშვილი რადიო თავისუფლებას. „ეგენი თვლიან, მტკიცებულება მარტო ის 44 წამია, სადაც სილის გაწვნა ჩანს - ფაქტია, რომ არ უნდათ სრული სურათი დაიდოს და ეს დაინახოს სასამართლომაც და საზოგადოებამაც“, - ამატებს ჯუბო ქათამაძე, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება საკმარისი იქნება ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოში იმის სამტკიცებლად, რომ მზია ამაღლობელს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება არ მიეცა.

მოსამართლე, რომელიც მზია ამაღლობელის საქმეს განიხილავს, 39 წლის ვიქტორ მეტრეველია. ის მოსამართლედ 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა და მზია ამაღლობელის საქმე ერთ-ერთი პირველია, რომელსაც განიხილავს.

ჟურნალისტს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში არსებობს არაერთი შემთხვევა, სადაც პოლიციელებისადმი უფრო უხეში მოპყრობა არ ჩათვლილა „პოლიციელზე თავდასხმად“, ან ასეთ საქმეებზე ბრალდებულისთვის არ შეუფარდებიათ წინასწარი პატიმრობა.

მზია ამაღლობელი, რომელიც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.

6 მარტს ბათუმის სასამართლო მზიას კიდევ ერთ საქმეს განიხილავს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას - სისხლის სამართლის წესით დაკავებას 11 იანვრის ღამეს წინ უსწრებდა მისი დაკავება შენობაზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG