Accessibility links

თავისუფალი სივრცე – თქვენი პუბლიკაციებისთვის
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
პროტესტი და აპათია

პროტესტი და აპათია


ავტორი: მარიამ მელქაძე

ბავშვობიდან ჩვენ სამართლიანობის მოლოდინით ვცხოვრობთ. სამყაროსგან ველოდებით, რომ აუცილებლად უნდა დადგეს კანონზომიერება, სადაც სიკეთე ამარცხებს ბოროტებას, სადაც ჩვენი ძალისხმევა გამოიღებს შედეგს და ძალადობას შესაბამისი პასუხი ექნება. ჩვენ ველოდებით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლის ხმას გაიგებენ, განსაკუთრებით ისინი, ვისთანაც საერთო ღირებულებები გვაკავშირებს. შესაძლოა სამყაროს თავისი ლოგიკა და წესრიგი აქვს, შესაძლოა რაღაც სახის კარმაც არსებობს, მაგრამ ადამიანთა სამყაროში ეს არ მუშაობს. ჩვენ ვიბრძვით, ვაპროტესტებთ, ვწირავთ ჩვენთვის მნიშვნელოვანს, კეთილდღეობას, თავისუფლებას და ზოგჯერ სიცოცხლეს, ყველაფერი კი სხვადასხვა ფორმის კაბინეტებში, მეტი ფულის და ძალაუფლების მქონე ადამიანების მიერ წყდება.

ჩვენ ყოველდღე ვუყურებთ რეპრესიებს ჩვენს ქვეყანაში: აკავებენ ადამიანებს, პროტესტის იგნორირებას ახდენენ, ხალხს აჯარიმებენ, ამცირებენ, ხოლო მოძალადეებს აჯილდოებენ. ფსიქიკურ დონეზე ჩვენი ცნობიერება ვერ ეგუება ამ წინააღმდეგობას და შესაძლოა უიმედო, პასიურ მდგომარეობამდე - აპათიამდე მიგვიყვანოს.

როდესაც სამყაროში ამდენად ძალადობრივი, არასამართლიანი და რეპრესიული მოვლენები მიმდინარეობს, შეუძლებელია რომ ემოციურად არ შეგეხოს. უსამართლობაზე ფსიქიკური პასუხი კი სხვადასხვა შეიძლება იყოს:

მორჩილება - პიროვნება იღებს სისტემას, როგორიც არის და უძებნის გამართლებას, რაშიც გულმოდგინედ ეხმარება პროპაგანდა.

აპათია - ამ დროს ადამიანს აქვს განცდა, რომ ის მაინც ვერ შეცვლის ვერაფერს, ბრძოლას აზრი არ აქვს და ნებდება, რაზეც მიზანმიმართულად მოქმედებს ხელისუფლება.

პროტესტი - ადამიანი საკუთარი ძალისხმევით ცდილობს აღადგინოს სამართლიანობა და უპირისპირდება სისტემას.

სხვადასხვა განცხადებებიდან თუ ქცევებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ჩვენი ხელისუფლება კარგად მანიპულირებს მოქალაქეების ამ ფსიქოლოგიური განწყობებით: პროპაგანდისტული წყაროების საშუალებით, ფაქტობრივად ალტერნატიულ რეალობაში ამყოფებს თავის მხარდამჭერებს. აპათიას თესავს ადამიანებში იგნორირებით და რეპრესიებით. პროტესტის მონაწილეებს კი ინდივიდუალურად კარზე უკაკუნებს, ემუქრება და ცდილობს ბოლომდე ჩაახშოს წინააღმდეგობა. მმართველი ძალის მთავარი იარაღია, დააჯეროს ადამიანები, თითქოს ისინი უსუსურები არიან და არაფრის შეცვლა შეუძლიათ. დღეს ხელისუფლება ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ადამიანებზე. უპასუხოდ არ ტოვებს პროტესტის სიმბოლურ გამოხატულებასაც კი, როგორიცაა სოციალურ ქსელებში აქტიურობა, მარშებში მონაწილეობა და სხვა, რომ არაფერი ვთქვათ ქმედებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალებს სისტემას, როგორიცაა გაფიცვა, საჯარო მოხელეების პროტესტი, პიკეტირება, მაგისტრალის გადაკეტვა და სხვა.

სისტემა მუშაობს და რეპრესიებისგან გამოფიტული საზოგადოების დიდი ნაწილი აპათიის ზღვარზეა. ადამიანებში სხვადასხვა დღეს ერთმანეთს ცვლის ფრუსტრაცია და გაურკვევლობა, შემართება და იმედი. და ეს ბუნებრივია, ადამიანისთვის დამახასიათებელი მოსალოდნელი ფსიქიკური რეაქციაა, თუმცა ეს არის ის, რაზეც დღეს ხელისუფლება ამყარებს იმედს და რაც კიდევ უფრო მეტ უსამართლობას გაუხსნის გზას. მთავრობას საზოგადოების „დასწავლილი უმწეობის“ სჯერა, მე კი მჯერა, რომ მოქალაქეთა ზუსტად ეს ნაწილი გათავისუფლდება მცდარი აზრისგან, რომ გავლენის მოხდენა არ შეუძლია და სწორედ ის ჩამოშლის სტატუს-კვოს ადრე თუ გვიან.

როგორც სარტრი ამბობს, ადამიანი განწირულია თავისუფლებისთვის: თუ დუმილს ირჩევ, ესეც შენი არჩევანია და ამ დროს უბრალოდ სხვებს აძლევ უფლებას განსაზღვრონ შენი რეალობა. დღეს ადამიანი შეეკამათებოდა სარტრის და ეტყოდა, რომ თუ ყველაფერი სხვადასხვა ფორმის კაბინეტებში წყდება რომელ თავისუფლებაზე ლაპარაკობო, თუმცა ის ნამდვილად არ უპასუხებდა პატივი ეცი კაბინეტსო და ეტყოდა, რომ შეინარჩუნო თავისუფლების იდეა არ ნიშნავს, მხოლოდ იმას, რომ შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ, ზოგჯერ ეს იმას ნიშნავს, რომ თავად ამ სამყარომ არ შეგცვალოს შენ.

დღეს პროტესტი 94-ე დღეა ინარჩუნებს თავისუფლების იდეას.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG