Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რა მოხდება, როცა სიტყვა „გენდერი“ კანონმდებლობიდან გაქრება?

რა მოხდება, როცა სიტყვა „გენდერი“ კანონმდებლობიდან გაქრება?


საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად გაქრება სიტყვა „გენდერი".
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობიდან სრულად გაქრება სიტყვა „გენდერი".

საქართველოს კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერი“ სრულად ქრება. ამ ინიციატივის ავტორები, „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები, ამბობენ, რომ ეს ტერმინი უცხოური გავლენითა და ლობირებით, ხელოვნურად დაინერგა ქართულ კანონმდებლობაში და ახლა ის სიტყვებმა „ქალმა და კაცმა“ უნდა ჩაანაცვლონ.

განმარტებით ბარათში, რომელიც კანონპროექტს ახლავს თან, წერია, რომ ქართულ კანონმდებლობაში სიტყვა „გენდერის“ დანერგვა გლობალური ტენდენციების ანარეკლი იყო, „ოცნების“ დეპუტატები კი ამ ტენდენციის წინააღმდეგ პრინციპულ პოზიციის იკავებენ.

იქვე წერია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ ღიად ითქვა, რომ ხელოვნურ, მართულ პროცესს არაკეთილსინდისიერი მოტივები ამოძრავებდა და „ცხადი გახდა, რომ აღნიშნული იდეოლოგიის ლობირების უკან იდგა არა ადამიანის უფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი, არამედ სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევისა და მათზე გავლენის მოპოვების პრაგმატული გათვლა“.

2025 წლის 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს, დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამიერიდან აშშ-ის სახელმწიფო პოლიტიკა აღიარებს მხოლოდ ორ სქესს - მამაკაცს და ქალს. ერთ-ერთი პირველი განკარგულებით, რომელსაც პრეზიდენტმა ტრამპმა ხელი თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე მოაწერა, ტრანსგენდერებს არმიაში სამსახური აეკრძალათ. მანვე მოაწერა ხელი განკარგულებას, რომლითაც ტრანსგენდერ ქალ სპორტსმენებს ეკრძალებათ ქალთა შეჯიბრებებში მონაწილეობა.

სადავო პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ სრულად ამოღებას ითვალისწინებს, თებერვალში დაარეგისტრირეს. მისი საკომიტეტო განხილვები თებერვლის მიწურულს გაიმართა, ახლა კი პლენარული მოსმენების ჯერია.

სქესს გააჩნია ორი კატეგორია - ბიოლოგიური (sex) და სოციალური (gender). სქესი დაკავშირებულია ქალსა და მამაკაცს შორის ფიზიკურ, ანატომიურ განსხვავებებთან. მას ასევე ბიოლოგიურ სქესს ან დაბადებისას მინიჭებულ სქესს უწოდებენ. „გენდერი” მიუთითებს ადამიანების ფსიქოლოგიურ, სოციალურ და კულტურულ როლებზე. სქესი ბიოლოგიურად არის განსაზღვრული, გენდერი - სოციალური და კულტურული ფაქტორებით არის განპირობებული და აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის სოციალურად ნასწავლი ქცევების, თვისებებისა და დამოკიდებულებების ნაკრებს.

ვინ არიან კანონპროექტის ავტორები?

დეპუტატები - არჩილ გორდულაძე - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; თორნიკე ჭეიშვილი - იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, ვიქტორ ჯაფარიძე, სოზარ სუბარი, ნოდარ ტურძელაძე, ირმა ზავრადაშვილი, ლევან მაჭავარიანი, რამინა ბერაძე, ირაკლი კირცხალია, სალომე ჯინჯოლავა, თორნიკე ბერეკაშვილი, გენრიეტა წიწავა, მამუკა მდინარაძე.

რომელი კანონებიდან გაქრება სიტყვა „გენდერი“?

სადავო პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის დამტკიცების შემთხვევაში, სიტყვა „გენდერს“ ამოიღებს 15 კანონიდან. ანუ ყველა იმ კანონიდან, სადაც კი აქამდე სიტყვა „გენდერი“ ეწერა:

  • „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“
  • „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვის და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონი
  • „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი
  • „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“

რა სიტყვები ჩაანაცვლებს „გენდერს”?

სიტყვა „გენდერს“ საქართველოს კანონმდებლობაში ჩაანაცვლებენ სიტყვები „კაცი და ქალი“, „სქესი“.

მაგალითად:

  • „გენდერული თანასწორობა“ – „ქალისა და მამაკაცის თანასწორობა“
  • „გენდერული ფაქტორი“ – „სქესის ფაქტორი“
  • „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა“ - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობა“
  • „გენდერული საკითხები“ - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხები“
  • „გენდერული თანასწორობის პრინციპები“ - „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპები“


კანონმდებლობიდან ქრება ცნება „გენდერული იდენტობაც“. მაგალითად, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებში წერია, რომ ამ კანონის პირველი მუხლიდან ამოიღებენ ფორმულირებას „გენდერული იდენტობა“.

ანუ, იმ შემთხვევაში, თუკი ცვლილებები დამტკიცდება, კანონის პირველი მუხლი ასეთი გახდება:

„ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად“.

მოქმედი რედაქციით, ამ ჩამონათვალში დისკრიმინაციის ერთ-ერთი ნიშანი სწორედ „გენდერული იდენტობაა“.

რას ამბობენ გენდერის მკვლევრები და იურისტები?

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლაში, არაერთხელ დახვეწა პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩო.

მაგალითად, 1994 წელს საქართველო შეუერთდა „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციას (CEDAW).

1995 წელს პეკინის კონფერენციაზე საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად ქალთა პირობების გაუმჯობესებისთვის სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე შეთანხმდა.

2017 წელს სახელმწიფომ მოახდინა „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) რატიფიცირება, გატარდა სხვა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზაციის მიზნით.

ქვეყანამ დაამტკიცა მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), რაც გულისხმობს 17 მიზნის, სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, მშვიდობის, სამართლიანობისა და სხვა გამოწვევებზე რეაგირებას. მათ შორის, ერთ-ერთი, მეხუთე მიზანი ეხება გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალებისა და გოგოების გაძლიერებას, აგრეთვე ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საჯარო თუ კერძო სივრცეში.

გენდერის მკვლევრები და ქალთა უფლებებზე მომუშავე იურისტები ამბობენ, რომ ქართული კანონმდებლობიდან სიტყვა „გენდერის“ გაქრობა უკან გადადგმული ნაბიჯია. ეწინააღმდეგება ყველა იმ საერთაშორისო კონვენციას, მათ შორის, სტამბოლის კონვენციას „ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლებსაც საქართველო, როგორც სახელმწიფო შეუერთდა და კონკრეტული ვალდებულებები იკისრა.

ამ კონვენციების რატიფიცირებით, ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება, რომ გენდერული თანასწორობისა თუ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიან პოლიტიკას შეიმუშავებდა და დაცვის გარანტიებს შექმნიდა.

„დაგეგმილი ცვლილებები, ფაქტობრივად, ყველაფრის ჩამოშლაა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას იურისტი და უფლებადამცველი გოგა ხატიაშვილი, რომელიც წლებია ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე მუშაობს და ზედმიწევნით იცნობს ყველა კანონსა თუ გამოწვევას, რომლებიც ამ მიმართულებით არსებობს:

გოგა ხატიაშვილი, იურისტი
გოგა ხატიაშვილი, იურისტი

„სიტყვა „გენდერი“ ქართულ კანონმდებლობაში შემთხვევით არ ჩაიწერა. ეს არის მთავარი განსაზღვრება, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს ქალების ჩაგვრის თუ მათზე ძალადობის საფუძვლებს. ამ სიტყვის გაქრობა შემდგომში, პრაქტიკაში, კიდევ უფრო დაამძიმებს ქალთა უფლებრივ მდგომარეობას.

ფაქტობრივად, შემიძლია ვთქვა, რომ ამ სიტყვის ამოღება, ეს არის ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის თუ ქალების წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის უგულებელყოფა და ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი.

არ შეიძლება კანონმდებლობაში მხოლოდ ბიოლოგიურ სქესზე აქცენტის გაკეთება. ეს სრულად აცლის საფუძველს თანასწორობის პოლიტიკას. ქალებზე ძალადობის მთავარი მიზეზი ყოველთვის გენდერული მოტივია და როდესაც საკანონმდებლო საფუძვლიდან იღებ ამ ტერმინს, ე.ი. ფაქტობრივად, არ აღიარებ ძალადობის არც მთავარ მიზეზს“, - ამბობს გოგა ხატიაშვილი.

მისი თქმით, ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორია „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ტერმინი „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა“ იცვლება „ქალისა და მამაკაცის თანასწორობისადმი შეუწყნარებლობით“.

მოქმედი რედაქციის თანახმად, „გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობა“, ეს არის დამამძიმებელი გარემოება, როდესაც დანაშაული ხდება რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით.

„გარდა სხვა პრობლემებისა, სიტყვა „გენდერის“ სამართლებრივი ენიდან გაქრობა ნიშნავს, რომ, მაგალითად, ტრანსგენდერი, არაბინარული და გენდერულად არაკომფორმული ადამიანები მთლიანად ქრებიან სამართლებრივი სივრციდან. აღარ იარსებებს არცერთი სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინახავს მათ“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გენდერის მკვლევარი ანა ილურიძე.

ცვლილებათა კანონპროექტში წერია, რომ „გენდერული იდენტობის“ ამოღება არ ნიშნავს, რომ „გენდერული იდენტობის“ ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენა აღარ ჩაითვლება პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად“.

ანა ილურიძის თქმითვე, სიტყვა „გენდერის“ ამოღებით, სახელმწიფო მთლიანად ცვლის პოლიტიკას, საკითხი მხოლოდ ქალისა და კაცის სქესის ბიოლოგიურ მოცემულობამდე დაჰყავს და აქრობს თანასწორობის პოლიტიკის საფუძველს:

„რადგან თანასწორობის პოლიტიკის საფუძველია ქალის და კაცის როლების სოციალური, პოლიტიკური, ისტორიული ასპექტების აღიარება, კონტექსტების კვლევა და შემდეგ ამ უთანასწორობის გასწორება.

თუ ჩვენ ქალებს და კაცებს მხოლოდ სქესის კატეგორიად განვიხილავთ და ბიოლოგიურ სქესამდე დავიყვანთ, მაშინ ნებისმიერი ტიპის პოლიტიკური ინტერვენცია იქნება ფუჭი. როგორ შეიძლება გენდერულ ძალადობასთან ბრძოლის პოლიტიკა დაყვანილი იყოს ქალებსა და კაცებს შორის ბრძოლის პოლიტიკამდე“, - ამბობს ანა ილურიძე.

ეკა აღდგომელაშვილი, გენდერის მკვლევარი
ეკა აღდგომელაშვილი, გენდერის მკვლევარი


ამავეს ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას გენდერის კიდევ ერთი მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი, რომლის თქმითაც, გენდერული თანასწორობა იმაზე გაცილებით ფართო ცნებაა, ვიდრე მხოლოდ ქალისა და მამაკაცის უფლებრივი თანასწორობა.

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ გენდერულ უთანასწორობაზე, ეს უთანასწორობა მხოლოდ ბიოლოგიურ განსხვავებაზე არ დადის და მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ის უკავშირდება ქალისა და მამაკაცის სოციალურ როლებს, რომლებიც პატრიარქალურ საზოგადოებაში ნაკვებია იმ სტერეოტიპული მოლოდინებით, რაც ამ საზოგადოებაში არსებობს. თუკი ასე დავაკნინებთ და შევამცირებთ ამ თვალსაწიერს, ძნელი გახდება მთლიანი სურათის დანახვა“, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი, რომლის თქმითაც, ცვლილებების ინიციატორებმა კარგად იციან, რა განსხვავებაა გენდერსა და სქესს შორის და რომ ამ ცვლილებებს ახლა კონკრეტული მიზანი აქვს:

„ეს ისეთივე ფორმალური ხარკია ულტრამემარჯვენე ამომრჩევლისთვის, როგორც, ვთქვათ, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის კანონი, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მიიღო „ქართულმა ოცნებამ“. ამასთანავე, ამგვარად ცდილობენ კანონპროექტის ინიციატორები, სინქრონიზებულნი იყვნენ ე.წ. მსოფლიო ტრენდებთან, რომელიც გულისხმობს სიტყვა „გენდერის“ გაქრობას“, - ამბობს ეკა აღდგომელაშვილი.

„ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატების ინიციატივის თანახმად, ცვლილებები შევა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტშიც“, რომლის თანახმადაც გაუქმდება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო.

ამასთანავე, გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის ვალდებულება აღარ ექნებათ აღარც მუნიციპალიტეტებს.

ნინო წილოსანი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, 4 მარტს, პლენარულ სხდომაზე, საკანონმდებლო ცვლილებების პირველი მოსმენისას, ასე გამოეხმაურა კოლეგების ინიციატივას:

ნინო წილოსანი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე
ნინო წილოსანი, გენდერული საბჭოს თავმჯდომარე

„ჩვენ, გენდერული საბჭოს ფარგლებშიც არაერთხელ დაგვიზუსტებია, რომ ჩვენი კანონის მიზნებისთვის გენდერული თანასწორობა აქამდეც იყო ქალსა და კაცს შორის თანასწორობა და ამაში არანაირი ინტერპრეტაციის სივრცე არ გვქონდა დატოვებული, თუმცა, რა თქმა უნდა, ვემხრობით და მხარს ვუჭერთ იმას, რომ კიდევ უფრო მკაფიოდ გაიწეროს ეს, განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად, გენდერების ნაირსახეობასთან დისკუსიები დასრულდა და არის ორი სქესი - ქალი და კაცი".

რაც შეეხება გენდერული საბჭოების შექმნის ვალდებულების გაუქმებას მუნიციპალიტეტებში, ნინო წილოსანი ამბობს:

„მაქვს სურვილი, რომ კანონმდებლობაში ან მინიშნება, ან რაღაც ფორმულირება მოვიფიქროთ, რომ ადგილობრივ დონეზე ქალთა და კაცთა შორის თანასწორობის ან სქესთა შორის თანასწორობის, ამ დასახელებაზე შეგვიძლია ვიმუშაოთ ან, მაგალითად, ქალების გაძლიერებისთვის შექმნილი სტრუქტურა არსებობდეს და იმედი მაქვს, მივაღწევთ ამ თემაზე კონსენსუსს“.

4 მარტს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი ცვლილებათა პაკეტს „გენდერული თანასწორობის შესახებ“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG