როგორც კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, კანონპროექტები "ნაჩქარევად", შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გარეშე მიიღეს, რაც "ძირს უთხრის ამ ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ მასობრივი საპროტესტო აქციების ფართო პოლიტიკურ კონტექსტს".
კომისიის შეფასებით, კანონშემოქმედებითი პროცესი იყო ფუნდამენტურად ხარვეზიანი.
"ცვლილებებით, ახალი წესები უამრავ ბუნდოვან დებულებას შეიცავს, რაც ხელისუფლებას ზედმეტად ფართო დისკრეციას ანიჭებს მათ გამოყენებაში. კანონმდებლობაში სიცხადის ნაკლებობა ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს.
მეტიც, ცვლილებებში არ არის სათანადოდ დასაბუთებული სხვადასხვა შემაკავებელი ზომის შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა", - ვკითხულობთ დასკვნაში.
ვენეციის კომისია წერს, რომ ახალი მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, "გადაჭარბებულია".
"ასეთ ზომებს მსუსხავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე".
ვენეციის კომისიის შეფასებით, ფინანსური ჯარიმები უნდა იყოს დანაშაულის პროპორციული და, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სამართალდამრღვევის სოციალურ-ეკონომიკური კონტექსტიც.
"ჯარიმები ისეთ წვრილმან დარღვევაზე, რითაც საზოგადოებრივ წესრიგს ან სხვათა უფლებებსა და თავისუფლებებს მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგება, უნდა იყოს შესაბამისად დაბალი და იგივე, როგორიც არის სხვა ისეთ წვრილმან დარღვევებზე, რომლებიც შეკრებასთან დაკავშირებული არაა", - წერია ანგარიშში.
საკანონმდებლო ცვლილებები "ქართული ოცნების" დეპუტატებმა დაჩქარებული წესით განიხილეს და მიიღეს.
საკანონმდებლო ცვლილებები ერთდროულად რვა კანონში შევიდა, თუმცა ძირითადი ცვლილებები სამ კანონს ეხება. ესენია:
- შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი;
- სისხლის სამართლის კოდექსი.
კანონის ცვლილება შეეხო წვრილმანი ხულიგნობის მუხლს, რომელიც აქამდე ისჯებოდა 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 15 დღემდე.
ახლა ჯარიმის ზედა ზღვარი სამჯერ გაიზარდა - ცვლილებით, თანხა განისაზღვრება 500-დან 3000 ლარამდე; ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა კი ამ კონკრეტულ მუხლზე 20 დღემდე იზრდება.
ასევე, ვანდალიზმი კვლავ დაისჯება პირველ შემთხვევაში 1000 ლარით, მეორე შემთხვევაში კი - 2000 ლარით.
მაგრამ განმეორების შემთხვევაში, პატიმრობის მაქსიმალური ვადა 5 დღიდან 60 დღემდე იზრდება.
- პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა დაისჯება 2000-დან 5000-მდე ლარით ან 60 დღემდე პატიმრობით; აქამდე 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმით ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯებოდა.
- პოლიციელის „სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით“ დაისჯება ასევე 2000-დან 5000-მდე ლარით ან ადმინისტრაციული პატიმრობით 60 დღემდე.
- განმეორების შემთხვევაში, გადაცდომები დაისჯება 3500-დან 6000 ლარამდე ოდენობის ჯარიმით. აქამდე განმეორება 3500-დან 4500 ლარამდე ჯარიმით ან 7-15-დღიანი პატიმრობით ისჯებოდა.
შეზღუდვა ვრცელდება სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა ვრცელ ჩამონათვალზე. ესენია:
- სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი;
- სამხედრო მოსამსახურე;
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელი;
- აღსრულების პოლიციელი;
- „სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურე ან მასთან გათანაბრებული პირი“.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლს ემატება 173-ე სექსტა-დეციმა (მე-16) მუხლი და კრძალავს პოლიტიკოსების/თანამდებობის პირების შეურაცხყოფას.
კანონმა განსაზღვრა სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნებაც, თუ „შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს“. დემონსტრანტებმა გაფრთხილება „მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში“ უნდა შეიტანონ, სულ მცირე, ხუთი დღით ადრე.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
ახალი ცვლილებები კრძალავს ასევე აქციით სასამართლოს შესასვლელის ბლოკირებას. კრძალავს მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის ჩატარებას. კრძალავს „შეკრების ან მანიფესტაციის საერთო სასამართლოში ჩატარებასაც“. ყველაფერი ეს დაისჯება 5000 ლარამდე ჯარიმით ან 60 დღემდე პატიმრობით.
იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
ფორუმი