Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბა იმარჯვებს - წინასწარი მონაცემები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ბადრა გუნბა იმარჯვებს - წინასწარი მონაცემები


ბადრა გუნბა
ბადრა გუნბა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიაზე, აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმების 54.73%-ით ბადრა გუნბა იმარჯვებს. წინასწარი შედეგები ე.წ. ცესკოს თავმჯდომარემ გამოცხადა.

გუნბას კონკურენტმა ადგურ არძინბამ ხმების 41.54% მიიღო.

ბადრა გუნბამ მხარდამჭერებს წინასწარი შედეგების გამოქვეყნებამდე მიმართა:

„წინასწარი შედეგები ყველასთვის ცნობილია... ეს შედეგი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი გუნდის ნდობის წყალობით დადგა და, რაც მთავარია, ეს იყო ჩვენი ხალხის ხმის მიცემის შედეგი. ეს უნდა იყოს აფხაზეთის ხალხის გამარჯვება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ“.

გუშინ, 1 მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. მასში პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი მონაწილეობდა: ადგურ არძინბა (36.92%) და ბადრა გუნბა (46.38%).

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი აცხადებს, რომ ე.წ. არჩევნების ჩატარება „ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მორიგ უხეშ დარღვევას წარმოადგენს“.

  • აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური ოკუპირებულ აფხაზეთში 15 თებერვალს ჩატარდა. დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა გადაწყვეტილება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც 2024 წლის 19 ნოემბერს, სოხუმში მიმდინარე მრავალდღიანი საპროტესტო აქციების გამო, თანამდებობა დატოვა 2020 წელს „არჩეულმა“ ასლან ბჟანიამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG