პროკურატურა მას პროტოკოლის გვერდის ავლით მკურნალობაში სდებს ბრალს. სისხლის სამართლის კოდექსით (220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით), სამსახურებრივი გულგრილობისთვის მას ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„კლინიკის თერაპიული განყოფილების ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა“, - წერია პროკურატურის განცხადებაში.
ამავე საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო უფროსი ექთანი თეა ბეგიაშვილი - მას ბრალი წაყენებული ჰქონდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების გამო.
20 წლის ფეხბურთელი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ზუსტად ერთი თვის თავზე, აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან შეიყვანა.
გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალური პროკურატურისგან გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარალელურად, საქმის მოკვლევის განცხადებით მან მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსაც.
მალე გენერალურმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გაიოზ ჩარკვიანს კი დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა. გაიოზ ჩარკვიანი მიიჩნევს, რომ მისი შვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოში არასათანადო მკურნალობას ემსხვერპლა.
ფორუმი