ამასობაში, კრემლის პროპაგანდა ზეიმობს და შესაძლოა, მალე ომში გამარჯვებაც გამოაცხადოს.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი „საშუალოდ წარმატებული კომიკოსი" და “დიქტატორია არჩევნების გარეშე“. მას სამი წელი ჰქონდა იმისთვის, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები დაეწყო, მაგრამ “ვერაფერი გააკეთა”.
ეს არ არის ვლადიმირ პუტინის, ან დიმიტრი მედვედევის, ან კრემლის რომელიმე პროპაგანდისტის სიტყვები.
ამას ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
ბოლო რამდენიმე დღეა, ის ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინას ხშირად აკრიტიკებს.
მაგალითად, მან თქვა, რომ უკრაინას “[რუსეთთან] უნდა მორიგებულიყო და ომი არასდროს უნდა დაეწყო”.
უკრაინის ომი დაიწყო 2022 წლის 24 თებერვალს, მას შემდეგ რაც რუსულმა ჯარებმა უკრაინის საზღვარი რამდენიმე მხრიდან გადაკვეთეს.
უკრაინაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა, რა დროსაც კანონით აკრძალულია არჩევნების ჩატარება.
კრემლს ტრამპი ეიმედებოდა, მაგრამ მისგან ასეთ სიხისტესაც არ ელოდნენ, წერს გამოცემა "ბლუმბერგი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
მოსკოვი ცდილობს, ტრამპის ადმინისტრაციას “უკრაინაში ომის საკუთარი ხედვა თავს მოახვიოს”, მაგრამ მისმა “ხისტმა ტონმა… ყველა მოლოდინს გადააჭარბა”, - ამბობს "ბლუმბერგის" წყარო.
მან ასევე დაამატა, რომ კრემლში ბოლომდე არ ესმით ტრამპის სტრატეგიის და მის “შესაძლო ხაფანგებს” უფრთხიან.
ურთიერთობები უკრაინასა და აშშ-ის შორის თებერვალში დაიძაბა. 3 თებერვალს დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სურს, უკრაინის დახმარების სანაცვლოდ მისგან მიიღოს იშვიათი ლითონები.
15 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ არ მოაწერს ხელს შეთანხმებას, რადგან ვერ მიიღო უსაფრთხოების გარანტიები.
მოგვიანებით, მან გააკრიტიკა აშშ იმისთვის, რომ რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის გარეშე დაიწყეს.
თავდასხმები ევროპაზე
ტრამპი აკრიტიკებს არამხოლოდ უკრაინას, არამედ ევროპასაც.
საფრანგეთის პრეზიდენტმა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა “არაფერი არ გააკეთეს” ომის შესაჩერებლად, - უთხრა ტრამპმა ტელეკომპანია “ფოქს ნიუსის” ჟურნალისტს 21 თებერვალს.
მასზე კიდევ უფრო მწვავეა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
მთავარი საფრთხე ევროპისთვის მოდის არა რუსეთიდან, ან ჩინეთიდან, არამედ ევროპის შიგნიდანვე, - თქვა ვენსმა 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე.
მან ასევე დაადანაშაულა ევროპის ქვეყნები მასობრივი მიგრაციის ხელშეწყობაში და თქვა, რომ რუმინეთსა და გერმანიაში ულტრამემარჯვენე ძალებს არადემოკრატიული გზებით ებრძვიან.
“მედიის დახურვა, [რუმინეთში] არჩევნების [შედეგების] გაუქმება… არაფერს იცავს. ეს დემოკრატიის გასანადგურებლად ყველაზე ნაღდი გზაა… თუკი თქვენს ამომრჩევლებს შეშინებულები გაურბიხართ, ამერიკა თქვენთვის ვერაფერს გააკეთებს”, - თქვა ვენსმა.
დიდი "გამარჯვება”
მოსკოვში არ მალავენ, რომ დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელი განცხადებები ძალიან მოსწონთ.
ვლადიმირ პუტინმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ ტელეფონით ელაპარაკა, ის “თავშეკავებულობისთვის” შეაქო.
“გაკვირვებული ვარ… ტრამპის თავშეკავებულობით მის მოკავშირეებთან მიმართებაში. ეს მოკავშირეები კი, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, თავხედურად ექცეოდნენ”, - უთხრა პუტინმა 19 თებერვალს სახელმწიფო სააგენტო “ტასს-ს”.
ამასობაში, კრემლის პროპაგანდა ზეიმობს.
კრემლის პროპაგანდის ბოსი, ვლადიმირ სოლოვიოვი თავის გადაცემაში ამტკიცებს, რომ ვლადიმირ პუტინმა საკუთარ სიმართლეში დაარწმუნა დონალდ ტრამპი.
უკრაინაში არჩევნების მოთხოვნა, ზელენსკის დადანაშაულება იმაში, რომ პუტინს ტერიტორიები არ დაუთმო… ტრამპის ეს და სხვა ნარატივები “დიდ წილად მოვიდა [პუტინთან] საუბრის შემდეგ”, - კმაყოფილი სახით თქვა მან 20 თებერვლის გადაცემაში.
ბოლო რამდენიმე დღეა, კრემლის პროპაგანდა რუსებს ეუბნება, რომ ახლა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.
უკრაინისა და ვაშინგტონის დაპირისპირება “მოსკოვის უზარმაზარი დიპლომატიური გამარჯვებაა”, - წერს ტელეგრამში სამხედრო პროპაგანდისტი, იური პოდოლიაკა.
კიდევ ერთ პოსტში იგი ამტკიცებს, რომ ტრამპთან ხელშეკრულების არგაფორმებით, ზელენსკიმ “საკუთარ განაჩენზე მოაწერა ხელი”.
აღტაცებულ ტექსტებს აქვეყნებს პროკრემლისტური პრესაც.
"ერთი რამე ეჭვგარეშეა: რუსეთი ყველა მიმართულებით იმარჯვებს,” - წერს გაზეთი „კომსომოლსკაია პრავდა“.
20 თებერვალს, კიდევ ერთმა პროკრემლისტურმა გაზეთმა, “იზვესტიამ” პირველ გვერდზე გამოიტანა ვლადიმირ პუტინის კმაყოფილი სახე.
კრემლში “მოსწონთ იმის მოსმენა, როგორ აკრიტიკებს ტრამპი ზელენსკის…” - თქვა იმავე დღეს “ბი-ბი-სის” ეთერში კორესპონდენტმა სტივ როზენბერგმა.
“ბაიდენი პუტინს ეძახდა მკვლელ დიქტატორს, ახლა კი ტრამპი დიქტატორს უკრაინის პრეზიდენტს ეძახის… რა გასაკვირია, რომ პუტინი იღიმის”, - დაამატა მან.
შესაძლოა, პროპაგანდისტები უბრალოდ ნიადაგს ამზადებენ კიდევ უფრო დიდი “გამარჯვებისთვის”.
21 თებერვალს უკრაინის დაზვერვის სამსახურმა თქვა, რომ კრემლის პროპაგანდა ომის სამი წლისთავისთვის ემზადება და აპირებს, 24 თებერვალს გამოაცხადოს, რომ უკრაინასთან ომში გაიმარჯვა.
“შესაძლოა, ასევე გამოაცხადოს ნატოზე გამარჯვებაც”, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.
ფორუმი