ავტორი: გეგა ფრიდონიშვილი
რა გასაკვირია, რომ ეს კითხვა, რომელიც სათაურში გამოვიყენე, დილანმა საკუთარ თავს მას შემდეგ დაუსვა, რაც ნობელის კომიტეტმა გადაწყვიტა, მისთვის მწერლებისთვის განკუთვნილი უმაღლესი პრემია მიენიჭებინა. ცერემონიაზე, სადაც ის ვერ ჩავიდა, მისი წერილი წაიკითხეს. ვის არ ახარებს ნობელის პრემია სამყაროს ყველაზე უნივერსალურ დარგში, მაგრამ დილანის წერილს მადლიერებისა და სიხარულის გამოხატვის შემდეგ ოდნავი გაკვირვება ეტყობოდა. გაკვირვება არა იმით, რომ მისი შემოქმედება ნობელის ღირსად ჩათვალეს, არამედ იმით, რომ საერთოდ ლიტერატურად განიხილავდნენ.
ევფრატის პირას, თიხის ფირფიტებზე დაწერილი ტექსტებიდან მოყოლებული ბევრი დაიწერა. ზოგი იმასაც ამბობს, ვერაფერს იტყვი ახალს, რაც იმ ფირფიტებზე არ ყოფილაო და შეძლება, ასეც იყოს, თუმცა ვიცი, რომ მაშინ არავის უფიქრია ლიტერატურის ცნებაზე. ახლა, როცა ამდენი დაიწერა, დაწერილი აზრები კი ყველაზე უნივერსალურ სახელოვნებო საშალებად იქცა, ადამიანებმა დაახლოებით განსაზღვრეს რა არის ლიტერატურა. მე თუ მკითხავთ, ეს არის ყველაფერი, რასაც ადამიანი საკუთარი გრძნობებისა და იდეების წერილობით გადმოსაცემად იყენებს. ტომას ელიოტმაც ეგ თქვა: „ლიტერატურის დანიშნულება სისხლის მელნად გადაქცევააო.“
ადამიანები ენის ტყვეები გავხდით. ეს საშუალება, რომელიც ყველაზე დიდი მიგნება უნდა ყოფილიყო ადამიანური ურთიერთობების სამყაროში, თუკი კარგად დავაკვირდებით, მივხვდებით, რომ დაბრკოლებად იქცა. დედამიწაზე, ამდენ ადამიანში, ვერ ვიპოვით ვერავის, ვინც იტყვის, ერთხელ მაინც არ განმიცდია იმედგაცრუება იმის გამო, რომ სიტყვებით ვერ ვთქვი ის, რასაც ვგრძნობდი ან ვფიქრობდიო. ზუსტად ამიტომ, ადამიანებმა გადაწყვიტეს უნივერსალური ენით ესაუბრათ ერთმანეთთან. გონების ხვეულებში ღრმად, კარგად დაფარულ გრძნობებს, რომლებსაც სიტყვები ვერასოდეს გადმოსცემს, ადამიანებმა ახალი გზა უპოვნეს მზის სინათლეზე გამოსასვლელად და ეს გზა ლიტერატურაა. ალბათ, ეს აზრი უკეთ დაგვეხმარება იმის გააზრებაში, თუ რატომ შეიძლება ჩაეთვალა ნობელის კომიტეტს ბობ დილანის შემოქმედება ლიტერატურის დარგში პრემიის ღირსად.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბობ დილანი ამერიკელია და, როდესაც ამერიკელ ნობელიანტებს ვუყურებთ, ის ისეთი ტიტანების გვერდით დგება, რომელთა შემოქმედებამაც ლიტერატურა რევოლუციურად შეცვალა. მაშ, რა აქვს საერთო დილანს იმ ტიტანებთან, რომელთაც ღმერთებივით შეუძლიათ მას ზემოდან უყურონ. ეს არის ამერიკული ხელოვნებისა და ლიტერატურის მთავარი საფიქრალის დამსახურება. დილანი, ისევე როგორც ამერიკელ მწერალთა უმეტესობა, ადამიანის შინაგანი ენერგიის, ამბოხის და ცვლილებებისაკენ მუდმივი სწრაფვის თემებზე წერს. ასეთები იყვნენ ამერიკული ლიტერატურის გიგანტები. მათი ამოსავალი წერტილი ყოველთვის ადამიანი იყო, ადამიანი, რომელსაც სულში ქარიშხალი უდგას.
როგორც მუსიკოსი, დილანი ამერიკული ფოლკის ნამდვილი ოსტატია. ვერავინ იტყვის, ამ კაცს სტანდარტულად სასიამოვნოდ მოსასმენი ხმა აქვს ან გიტარაზე რაიმე განსაკუთრებულს აკეთებსო. ჯერ ერთი, ის არ დაბადებულა სამხრეთში, ჯაზისა და ბლუზის მელოდიურ სამყაროში, სადაც შავკანიანთა გენიამ ამერიკული მუსიკის აკვანი დაარწია. ის ჩრდილოეთში დაიბადა და ალბათ ამიტომაცაა, ასეთი უცნაური და უნიკალური სტილის პატრონი რომაა. არაერთი გრემისა და სხვა მუსიკალური ჯილდოს მფლობელზე, როგორც მუსიკოსზე, ცუდს რას ვიტყვით, ნამდვილად დიდებული ვინმეა, მაგრამ კითხვა, - „განა ეს ლიტერატურაა?!“ ისევ პასუხგაუცემელია.
მოდით, წარმოვიდგინოთ სამოციანი წლების ამერიკა. მსოფლიო ომის შემდეგ მისი ოქროს ხანა დგას. საშუალო კლასის წარმომადგენელს შეუძლია, რამდენიმე წლის პატიოსანი შრომით სახლი იყიდოს, ამერიკული ოცნება იმაზე ცოცხალია ვიდრე ოდესმე და ამ დროს პატარა ბიჭი დიდი ოცნებებით მუსიკოსობას გადაწყვეტს. განა ვერ შეძლებდა, პირიქით, ყველაზე დიდი შესაძლებლობა სწორედ ამ დროს შეიძლებოდა ჰქონოდა, მაგრამ მას მხოლოდ მუსიკოსობა ჰქონდა აზრად. ჯერ ბარებში უკრავდა და ალბომის ჩაწერაზე ოცნებობდა, როცა პირველი ალბომი ჩაწერა, დიდი კონცერტი და მეორე ალბომი ჰქონდა მიზნად და ბოლოს, როდესაც სრულიად მოულოდნელად, ნობელის კომიტეტიდან დაურეკეს, ალბათ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კითხვა დასვა, კითხვა, რომელიც სათაურად გამოვიყენეთ.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ რამდენი კითხვაც არ უნდა დავსვათ, მსმენელი ყოველთვის უგდებს ყურს ტექსტს მუსიკაში, რომელსაც ისმენს. უხარისხო, დაბალი დონის, უინტერესო ტექსტები არავის სჭირდება. ხარისხიანი მუსიკის ერთ-ერთი კრიტერიუმი კიდევაც არის ხარისხიანი ტექსტი, მაგრამ ყველაფერი ლიტერატურა ხომ ვერ იქნება. სულ ცოტა ნობელს მაინც ვერ დაიმსახურებს.
როდესაც დილანს ნობელი გადასცეს და მისმა წარმომადგენელმა წერილი წაიკითხა, დილანმა მნიშვნელოვანი პარალელი გაავლო. მან აღნიშნა, რომ საკუთარ ოთახში მჯდომი შექსპირი, რომელიც „ჰამლეტზე“ მუშაობდა, ვერ იფიქრებდა იმაზე, არის თუ არა ეს ყველაფერი ლიტერატურაო. ის საკუთარ შემოქმედებას დრამატურგიად აღიქვამდა და არასოდეს დაფიქრებულა იმაზე, რომ ოდესმე ვინმე დაჯდებოდა და მის ნაწერებს წაიკითხავდა. ასე იქცეოდა ბობ დილანიც. თავადაც ხომ ამბობს წერილში, ნობელზე ალბათ ყველა ფიქრობს გულის სიღრმეში, ვისაც მწერლობისთვის თავი გადაუდიაო, მაგრამ მე ვერც კი გავბედავდი ამაზე მეფიქრა, რადგან მე საკუთარი თავი მწერლად არასოდეს დამინახავსო.
სხვა რა შეგვიძლია ვთქვათ. დილანის ამბავმა ყურადღება ზუსტად იმიტომ მიიქცია, რომ უცნაური შემთხვევაა. არც დილანს და არც მის რომელიმე მსმენელს, არც ერთ ადამიანს დედამიწაზე, არ უფიქრია მისი შემოქმედების შესახებ ლიტერატურის რანგში, სანამ ნობელის კომიტეტმა არ იფიქრა იმ კითხვაზე, რომელიც სათაურში დავსვით. თუმცა, ვინ იცის, იქნებ მომავალში კიდევ გვყავდეს სხვა მუსიკოსები, რომელთა შემოქმედებასაც ლიტერატურად აღვიქვამთ და ზოგიერთი ნობელსაც დაიმსახურებს. ყველაფერი იცვლება, მათ შორის ალბათ ლიტერატურის გაგებაც. როგორც დილანმა თქვა - “the times they are a-changin’.”
ფორუმი