Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ტრამპმა დაითხოვა არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი და კიდევ 5 თანამდებობის პირი

ტრამპმა დაითხოვა არმიის შტაბების მეთაურთა კომიტეტის ხელმძღვანელი და კიდევ 5 თანამდებობის პირი


ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ პენტაგონიდან უნდა ამოიძირკვოს „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანამონაწილეობის“ (DEI) „ვოუკური“ პროგრამები
ახალი ადმინისტრაცია ამბობს, რომ პენტაგონიდან უნდა ამოიძირკვოს „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანამონაწილეობის“ (DEI) „ვოუკური“ პროგრამები

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოსტიდან გაათავისუფლა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი, ჩარლზ ბრაუნი, მის ნაცვლად კი პოსტზე CIA-ის ყოფილი დირექტორის მოადგილე დენ კეინი წარადგინა.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპმა მადლობა გადაუხადა გენერალ ბრაუნს ქვეყნის 40-წლიანი მსახურებისათვის.

მანამდე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ გენერალი ბრაუნი უნდა გათავისუფლებულიყო მისი „ვოუკური“ ფოკუსისათვის „მრავალფეროვნების, თანასწორობისა და თანამონაწილეობის“ (DEI) პროგრამებზე შეიარაღებულ ძალებში.

სიტყვა „ვოუკი“ ამერიკულ სლენგში ისეთ ადამიანებს აღწერს, რომლებიც კარგად არიან გათვითცნობიერებული სოციალური სამართლიანობის საკითხებში, აქვთ მგრძნობელობა რასის, ლბგტქ+ უფლებების, სოციალური უთანასწორობისა თუ სხვა საკითხების მიმართ. კონსერვატორულ წრეებში ამ ტერმინს სალანძღავად იყენებენ.

პენტაგონის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ტრამპი გეგმავს, ჩარლზ ბრაუნის პოზიციაზე წარადგინოს ლეიტენანტ-გენერალი დენ „რეიზინ“ კეინი.

კეინი არის CIA-ის დირექტორის ყოფილი მოადგილე. წარსულში ის ასევე იყო რეაქტიული გამანადგურებელი თვითმფრინავის, F-16-ის პილოტი.

ტრამპმა თანამდებობიდან გაათავისუფლა კიდევ ხუთი ფიგურა, მათ შორის:

  • აშშ-ის საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი ლაიზა ფრანჩეტი, - პირველი ქალი, რომელიც ამ პოზიციაზე მუშაობდა;
  • აშშ-ის საზღვაო ძალების შტაბის ხელმძღვანელის მოადგილე ჯიმ სლაიფი;
  • ასევე, არმიის, საზღვაო ძალებისა და საჰაერო ძალების „მოსამართლე-ადვოკატები“ - ამ პოზიციაზე დასაქმებულები ასრულებენ არმიაში სამართლებრივი მრჩევლის ფუნქციას.

პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰეგსეთმა მანამდე ასევე განაცხადა, რომ ილონ მასკის მეთაურობით შექმნილ „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტს“, DOGE-ს ექნება „ფართო წვდომა“, რათა პენტაგონიდან DEI პროგრამები ამოძირკვოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG