Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორი 2500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ „ტვ პირველის“ ოპერატორი 2500 ლარით დააჯარიმა


ლაშა ჯიოშვილი დააჯარიმეს.
ლაშა ჯიოშვილი დააჯარიმეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი 2500 ლარით დააჯარიმა. საქმე მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა განიხილა.

მანამდე ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წერდა, რომ ჯიოშვილი სასამართლოში ისე მიიყვანეს, რომ მისი ინტერესების დამცველებისათვის არ შეუტყობინებიათ, სასამართლოში გადაყვანის შემდეგ კი ჯიოშვილმა თავად მოითხოვა ადვოკატი. პროცესი მიგინეიშვილის მისვლის შემდეგ დაიწყო.

პროკურატურის წარმომადგენელმა სასამართლოში ტელეკომპანია „პირველს“ უთხრა, რომ „ადვოკატი ინფორმირებული იყო, რომ ბატონი ლაშა დაკავებული იყო და შესაბამისად, შეეძლო დროულად უზრუნველეყო მონაწილეობის მიღებაზე“.

ლაშა ჯიოშვილი 18 თებერვალს დააკავეს.

18 თებერვალს, - ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეს, - ათასობით დემონსტრანტი შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე. დაკავებამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, ლაშა ჯიოშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა:

„ის, რაც დღეს ხდება, არის საშინელება, შეუძლიათ, ამ ბანერის გამო აქ დამაკავონ არჩადენილ დანაშაულზე“.

მას აქციაზე მიტანილი ჰქონდა ბანერი წარწერით: „დღეს ყველა ვთანხმდებით პრეზერვატივის მნიშვნელობაზე“.

ადვოკატის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი პროცედურული დარღვევა შსს-ის მხრიდან:

  • „უფლებები არ გააცნეს;
  • სამმართველოში მიყვანამდე არ იცოდა, რატომ იყო დაკავებული და ვის მიერ;
  • არ დაარეკვინეს ადვოკატთან ან/და ოჯახთან;
  • მოსთხოვეს ტელეფონის გახსნა“.

თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ოქმში დააფიქსირა, რომ იყო სამართალდამცავების მუქარა ლაშას მისამართით.

„დაკავებისას არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო მარცხენა ხელზე აქვს სისხლჩაქცევა“, - განაცხადა ადვოკატმა 19 თებერვალს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG