Accessibility links

რუსეთ-უკრაინის ომი
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
როგორ ქირაობს რუსეთი კუბელებს უკრაინაში საომრად? – „სქემების“ გამოძიება

როგორ ქირაობს რუსეთი კუბელებს უკრაინაში საომრად? – „სქემების“ გამოძიება


კუბელი დაქირავებული მებრძოლები რუსეთის საწვრთნელ ბაზებზე
კუბელი დაქირავებული მებრძოლები რუსეთის საწვრთნელ ბაზებზე

რუსეთი აგრძელებს უკრაინაში საომრად კუბელთა დაქირავებას, რაზეც ჯერ კიდევ 2023 წლის გაზაფხულზე გახდა ცნობილი.

იმავე წლის შემოდგომაზე კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინაში საომრად ადგილობრივ მცხოვრებთა დაქირავების მთელი ქსელი გამოააშკარავა.

მკვლევარი ორლანდო გუტერეშ-ბორონატი ვარაუდობს, რომ ამჟამად რუსეთის მხარეზე დაახლოებით 5000 კუბელი უნდა იბრძოდეს.

საგამოძიებო პროექტმა „სქემებმა“ შეძლო დაედგინა ზოგიერთი კუბელი დაქირავებულის ადგილსამყოფელი. ჟურნალისტები ასევე ესაუბრნენ იმ კუბელს, რომელიც ტყვედ ჩაუვარდა უკრაინელ სამხედროებს. ის საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს, რომ გაცვალონ და დაეხმარონ წასვლაში, მაგრამ განცდილის გამო არც რუსეთსა და არც სამშობლოში, კუბაში, დაბრუნება აღარ სურს.

„გვეუბნებოდნენ, რომ ხელში იარაღი აგვეღო და გვესროლა, რადგან უკრაინელები ჩვენ დაგვხოცავდნენ“

ფრანკ დარიო იაროსეი მანფუგა კუბელია. სამშობლოში ის გუანტანამოში მუშაობდა გეოგრაფიის მასწავლებლად, იყო ასევე მუსიკოსიც. მანფუგა ამტკიცებს, რომ რუსეთის არმიაში მოტყუებით მოხვდა: მას რუსეთში სამუშაო შესთავაზეს, მაგრამ როდესაც ქვეყანაში ჩაიყვანეს, პრაქტიკულად თვითმფრინავიდანვე ჯერ პოლიგონზე უკრეს თავი, შემდეგ კი უკრაინაში (ეს მოხდა 2024 წლის იანვარში). უკვე მარტში ის ტყვედ ჩაიგდეს უკრაინელმა სამხედროებმა.

ომის პირობებში პროექტმა „სქემებმა“ ვერ შეძლო დამოუკიდებლად გადაემოწმებინა კუბელის ისტორია, გამომძიებელ ჟურნალისტებს ესმით, რომ ტყვემ ეს განცხადება გააკეთა იმ დროს, როდესაც თავისუფლებაზე არ იმყოფებოდა, ამიტომ მისი მონაყოლი შესაძლოა არ ასახავდეს მის ნამდვილ შეხედულებებს. მაგრამ მაინც ვთხოვეთ კუბელ მამაკაცს, რომ ეამბა, რაც თავს გადახდა და განემარტა თავისი მოტივაცია.

კუბელი ფრანკ დარიო იაროსეი მანფუგა
კუბელი ფრანკ დარიო იაროსეი მანფუგა

მანფუგამ გვიამბო, რომ კუბიდან იმიტომ წავიდა, რომ სამუშაო ეშოვა: მასწავლებლის პროფესია მას არ აძლევდა საკმარის შემოსავალს. როგორც ამბობს, რუსეთში სამუშაოს მსურველთა შესახებ რეკლამიდან შეიტყო და განმცხადებელს დაუკავშირდა. პასუხად მას „ვათსაფით" გაუგზავნეს ანკეტა.

„რეკლამა შეეხებოდა სამუშაოს რუსეთში. ეს რეკლამა მე სხვა ქვეყანაზე რომ მენახა, მაგალითად, აშშ-ზე ან რომელიმე ახლომდებარე ქვეყანაზე და არჩევანის შესაძლებლობა რომ მქონოდა, მაშინ სხვა ქვეყანაში წავიდოდი. ჩემთან ბევრი კონტაქტი არ ჰქონიათ. გიგზავნიან ანკეტას, შენ უკან უგზავნი შევსებულს, შემდეგ გზავნი საპასპორტო ფოტოსურათს. შეუძლებელი იყო იმის გარკვევა, რუსი მიკავშირდებოდა, ესპანელი თუ ლათინოამერიკელი“, - ამბობს მანფუგა და დასძენს, რომ რუსეთში მას მშენებლად მუშაობა შესთავაზეს.

რუსეთის აეროპორტში მას დახვდა ესპანელი, რომელმაც დარიოს მისი პასპორტის ფოტო აჩვენა: ასე იცნეს ერთმანეთი.

„ადამიანმა, რომელმაც მე აეროპორტიდან წამიყვანა, მაჩვენა ჩემი და თვითმფრინავში ჩემთან ერთად მყოფი კიდევ ოთხი სხვა კუბელის დოკუმენტები. ჩაგვსხა საკუთარ მანქანაში და ჩაგვიყვანა როსტოვში. გზაში ის გვეუბნებოდა, რომ არაფერზე გვენერვიულა, რომ ყველაფერი იქნებოდა კარგად. ომის თაობაზე არაფერი უთქვამს. გზაში მან გვიყიდა საჭმელი, რადგან გრძელი გზა გვქონდა. როსტოვში ჩვენ საწყობში დაგვტოვეს“, - ჰყვება მანფუგა.

შემდეგ, კუბელის თქმით, მან ხელი მოაწერა კონტრაქტს რუსულ ენაზე: იმ დროს ის ჯერ კიდევ ფიქრობდა, რომ სამშენებლო მოედანზე იმუშავებდა. მაგრამ ამის შემდეგ დაუყოვნებლივ გადაიყვანეს როსტოვიდან რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში, უკრაინაში.

„იქ იყო კიდევ 4 კუბელი... მაშინ დავიწყე იმის გაგება, თუ რა ხდებოდა ჩვენს თავს. დაგვირიგეს ჩაფხუტები, სამხედრო აღჭურვილობა. ჩვენ უარი ვთქვით მასზე, დავიწყეთ ამბოხი, ვიძახდით, რომ ეს არ გვინდა, რომ აქ ამისთვის არ ჩამოვსულვართ, არ გვინდა სროლა! მე სამხედრო მომზადება არასოდეს გამივლია, არ ვიცი, როგორ გამოვიყენო იარაღი, - ამბობს ფრანკ დარიო.

მისი თქმით, რუსი სამხედროები აიძულებდნენ ამის გაკეთებას, ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში სცემდნენ და არ აძლევდნენ საჭმელს.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ ვყავდით. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ უნდა გავიდეთ ბრძოლის ველზე, ხელში ავიღოთ იარაღი და ვისროლოთ. რადგან უკრაინელები მოვლენ და დაგვხოცავენ“, - ამბობს კუბელი.

"ვთვლი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება"

მარტის პირველ რიცხვებში კუბელი პირველად წავიდა საბრძოლო დავალებაზე, როგორც ამბობს, დამტენი მოწყობილობა უნდა მიეტანა კავშირგაბმულობის ერთ-ერთი დანაყოფისთვის. მაგრამ მისი ჯგუფი ცეცხლის ქვეშ მოყვა, ხოლო რუსი სამხედრო, რომელსაც იგი მიჰყვებოდა, სხვების მსგავსად გაიქცა, თავად კი ტყვედ ჩავარდა.

„არ ვიცი, ცოცხლები არიან ისინი თუ მკვდრები. მე ტყვედ ამიყვანეს. თან არ მქონდა სამხედრო აღჭურვილობა. არასოდეს ვემზადებოდი ომისთვის. არაფერი ვიცოდი ომზე“, - ამტკიცებს დარიო. ის ცალკე აღნიშნავს, რომ არ ესმის, თუ რაში სჭირდებოდა მისნაირი ადამიანი რუსეთის არმიას, რაც რუს სამხედროებს მისთვის არ აუხსნიათ.

შეკითხვაზე, იცოდა თუ არა უკრაინის არსებობა, როდესაც კუბაში ცხოვრობდა და იცოდა თუ არა იმ ომის შესახებ, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, დარიო ამბობს, რომ კუბაში ამ ომის შესახებ მწირი ინფორმაცია არსებობს,

„სადღაც ერთი წლის წინ მოვისმინე ჩვენი ტელევიზიით ინფორმაცია უკრაინასა და რუსეთს შორის ომის შესახებ. მე არ ვიცოდი, რა ხდებოდა ამ ომთან დაკავშირებით, რადგან კუბაში მასზე არ კეთდება აქცენტი, ტელევიზიები არ ლაპარაკობენ ომის შედეგზე. ისინი ამბობდნენ, რომ არსებობს შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. სხვა დეტალურ ინფორმაციას არ გასცემდნენ, რომლითაც შეიძლებოდა გაგეგო, თუ რა ხდება“, - ამბობს კუბელი და დასძენს, რომ ახლა ყველაფერი ესმის. ვთვლი, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება“.

„ამას ვთვლი ყველა იმ ადამიანის მოვალეობად, ვისაც ნაციზმი სძულს“

„სქემების“ გამოძიებამ აჩვენა, რომ არცთუ ბევრია იმ კუბელების რაოდენობა, რომლებიც, როგორც დარიო, რუსეთის არმიისთვის მოტყუების გზით დაიქირავეს. უფრო ხშირად ამ ქვეყნის მოქალაქეები რუსეთში გაემგზავრნენ შეგნებულად, მკაფიო მიზნით - ებრძოლათ უკრაინის წინააღმდეგ.

კუბელებს შორის ბევრია ისეთი, ვინც იდეოლოგიურად უჭერს მხარს პუტინსა და მის პოლიტიკას, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე რუსეთის დამპყრობლურ ომს.

„სქემების“ ჟურნალისტებმა უკრაინის შეიარაღებული ძალების ანონიმი წყაროებისგან მოიპოვეს რამდენიმე იმ კუბელის დოკუმენტების ასლები, რომლებიც რუსეთის ქვედანაყოფების რიგებში იბრძვიან.

ერთ-ერთი მათგანია 38 წლის ხულიო პელაესი. რუსეთში გამგზავრებამდე, 2024 წლის სექტემბერში კუბელმა შეავსო ანკეტა, რომელშიც მკაფიოდ აღწერა თავისი მოტივაცია: „ამას ვთვლი ყველა თავისუფალი ადამიანის მოვალეობად, ვისაც სძულს ნაციზმი“.

ხულიო პელაესის სტატუსი იმის თაობაზე, რომ რუსეთისათვის საომრად მიემგზავრება
ხულიო პელაესის სტატუსი იმის თაობაზე, რომ რუსეთისათვის საომრად მიემგზავრება

კუბელი ხულიოს ანკეტაში აღნიშნულია, რომ მას 10 კლასის განათლება აქვს მიღებული. 20 წლის წინ მსახურობდა არმიაში საზენიტო ბაზაზე, შემდეგ კი მუშაობდა სასტუმროში და საზღვარგარეთ არასოდეს ყოფილა.

კუბელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთში იგი სავარაუდოდ 2024 წლის სექტემბერში გაემგზავრა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა ფოტო Z-სიმბოლოიანი სამხედრო აღჭურვილობით, კუბის შევრონითა და რუსეთის ფედერაციის პასპორტით.

ხულიო პელაესის ზურგჩანთა და რუსული პასპორტი
ხულიო პელაესის ზურგჩანთა და რუსული პასპორტი

2023 წელს ქალაქ ტულაში 200 კუბელმა მოაწერა ხელი რუსეთის არმიაში სამსახურის შესახებ შედგენილ კონტრაქტებს. ამას მოწმობს მათი პასპორტების ასლები, რომლებიც გასულ წელს საიტ InformNapalm-ის გამომძიებელმა ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს.

ძირითადად დაქირავებული კუბელები რუსეთში როცა მიემგზავრებოდნენ, დოკუმენტებში ვიზიტის მიზნად მიუთითებდნენ „ტურიზმს“. ერთწლიანი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მათ ყოველთვიურად 2000 დოლარის ანაზღაურებას ჰპირდებოდნენ.

„სქემებმა“ სოციალური ქსელების შესწავლის შედეგად 41 წლის კუბელი დაქირავებული მებრძოლის, მეტსახელად „ჩიკის“ დაღუპვის ინფორმაციას მიაგნეს.

41 წლის კუბელი დაქირავებული მებრძოლის, მეტსახელად „ჩიკის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა
41 წლის კუბელი დაქირავებული მებრძოლის, მეტსახელად „ჩიკის“ დაღუპვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა

კიდევ ერთ კუბელ დაქირავებულს ჰქვია ალიესკი ანაჩე. რუსეთში მოსვლისთანავე მან სოციალურ ქსელ „ვკონტაკტეში“ შექმნა საკუთარი გვერდი და აქტიურად დაიწყო ფოტოების გამოქვეყნება. ერთ-ერთი ფოტოს შესწავლის შემდეგ „სქემებმა“ დაადგინეს, რომ ალიესკი ანაჩე ტულაში მდებარე 106-ე სადესანტო დივიზიის 51-ე საპარაშუტო-სადესანტო პოლკში ირიცხება, სამხედრო ნაწილის ყაზარმაში ცხოვრობს და სატრენაჟორო დარბაზში ვარჯიშობს.

ალიესკი ანაჩე "სელფის" გადაღების დროს
ალიესკი ანაჩე "სელფის" გადაღების დროს

იმის წყალობით, რომ კუბელ დაქირავებულებს მჭიდრო კავშირი აქვთ სოციალურ ქსელებთან, „სქემებმა“ დაადგინეს ამავე დივიზიის რიგებში მყოფი კიდევ რამდენიმე კუბელი. მათ გამოაქვეყნეს პოზიციაზე ყოფნის დროს გადაღებული ფოტოები და ღიად ახდენენ თავიანთი პრორუსული შეხედულებების დემონსტრირებას.

კუბელი დაქირავებული რუსი თანამებრძოლების გარემოცვაში
კუბელი დაქირავებული რუსი თანამებრძოლების გარემოცვაში

"Hasta la vista, baby"

ჟურნალისტების მიერ დადგენილ თითქმის ყველა კუბელ დაქირავებულს აქვს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების განმასხვავებელი ნიშნები. ამასთანვე, ბევრი სამოსზე კუბასთან დაკავშირებულ სიმბოლოებსაც ატარებს.

ერთ-ერთი კუბელი, მეტსახელად „ჩიკი“, რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხ „ზვეზდას“ სიუჟეტშიც კი მოხვდა. ვიდეოზე ჩანს, რომ უკრაინული ჯარის პოზიციებისათვის განკუთვნილ ჭურვს იგი უკეთებს წარწერას Hasta la vista, baby (ესპანურად ნიშნავს „მშვიდობით, ტურფავ“) და ჰყვება, თუ როგორ შეიყვარა წიწიბურა.

პროპაგანდისტულ ტელეარხ "ზვეზდას" სიუჟეტის სქრინშოთი
პროპაგანდისტულ ტელეარხ "ზვეზდას" სიუჟეტის სქრინშოთი

სინამდვილეში „ჩიკის“ სახელია რაფაელი. პირად გვერდზე ის აღნიშნავს, რომ რუსეთის მხარეზე იბრძვის 2023 წლიდან და საკუთარ თავს „მოიერიშე და ამფეთქებელი ოცეულის კუბელ ჯარისკაცს“ უწოდებს. „ჩიკის“ უყვარს „ვაგნერის“ სიმბოლიკა და სელფის გადაღება ავტომატით ხელში

„ჩიკის“ უყვარს „ვაგნერის“ სიმბოლიკა და სელფის გადაღება ავტომატით ხელში
„ჩიკის“ უყვარს „ვაგნერის“ სიმბოლიკა და სელფის გადაღება ავტომატით ხელში

2024 წლის აგვისტოში სოციალურ ქსელებში გავრცელდა „ჩიკისა“ და რამდენიმე სხვა კუბელი დაქირავებულის ჯგუფური ფოტო, რომელზეც ისინი ჯერ ტულის სასწავლო პოლიგონზე, მოგვიანებით კი ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს საბრძოლო პოზიციებზე იმყოფებიან.

დეკემბრის ბოლოს „ჩიკიმ“, რუსეთის არმიის სხვა სამხედროებთან ერთად მიიღო სახელმწიფო ჯილდო, მედალი „საბრძოლო წარმატებებისთვის“.

„ჩიკი“ მედლით „საბრძოლო წარმატებებისთვის“
„ჩიკი“ მედლით „საბრძოლო წარმატებებისთვის“

როგორც ზემოთ ითქვა, კუბელი დაქირავებულების მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ფოტოების შესწავლით, „სქემებმა“ დაადგინეს, რომ კუბელთა ძირითადი საწვრთნელი პოლიგონი 106-ე სადესანტო დივიზიის ბაზაზე მდებარეობს.

ამ სამხედრო ნაწილის გვერდზე გადის ავტომაგისტრალი М2, რომელიც რუსულ წყაროებში აღნიშნულია, როგორც ტრასა „ყირიმი“.

ავტომაგისტრალი М2 რუსულ წყაროებში აღნიშნულია, როგორც ტრასა „ყირიმი“
ავტომაგისტრალი М2 რუსულ წყაროებში აღნიშნულია, როგორც ტრასა „ყირიმი“

ჟურნალისტებმა დაადგინეს კიდევ ათამდე კუბელი დაქირავებული, რომლებსაც ფოტოები ამ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე აქვთ გადაღებული. ერთ-ერთი მათგანია დანიელ სილვერიო-კასტრო

სურათზე ქვემოთ მარჯვნივ დანიელ სილვერიო-კასტრო
სურათზე ქვემოთ მარჯვნივ დანიელ სილვერიო-კასტრო

იმის მიხედვით, თუ როგორაა მოწყობილი ტერიტორია, ამ ბაზაზე დაქირავებულებს შესაძლებლობა აქვთ შეისწავლონ იერიშის წარმოება და პოზიციების შენარჩუნება, ასევე შვეულმფრენებიდან დესანტირების უნარები.

ტულის ოლქში წვრთნების გავლის შემდეგ კუბელ დაქირავებულებს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, კერძოდ, ხერსონის ოლქში და დონეცკში გზავნიან საბრძოლო დავალებების შესასრულებლად. ერთ-ერთმა კორეელმა, დენი ოლუგომ გამოაქვეყნა ბახმუტში გადაღებული ფოტო, ქალაქის ოკუპაციიდან მესამე თვეს, დამწვარი სახლებისა და აუფეთქებელი რუსული საავიაციო ბომბების ფონზე.

კუბელი დენი ოლუგო ქალაქ ბახმუტში დამწვარი სახლებისა და აუფეთქებელი რუსული საავიაციო ბომბების ფონზე პოზირებს
კუბელი დენი ოლუგო ქალაქ ბახმუტში დამწვარი სახლებისა და აუფეთქებელი რუსული საავიაციო ბომბების ფონზე პოზირებს

"კომუნიზმმა კუბაში ხალხი გააღატაკა"

რუსეთი კუბელებს არმიისათვის მასობრივად ქირაობს. და თუ ბევრი კუბელი ომში ფულის შოვნის იმედით ერთვება, ზოგიერთი, მაგალითად, ალიესკი ინაჩე, ოდინ რივასი და დენი ალუგო, რუსეთის მხარეზე მიზანმიმართულად და იდეოლოგიური მიზეზით იბრძვის.

ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში კუბა კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამხედრო მოკავშირე იყო, იხსენებს ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კიევის ნაციონალური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია შევჩენკო. 2000 წელს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ვლადიმირ პუტინმა იგივე პოლიტიკა განაგრძო: მისი ერთ-ერთი პირველი ვიზიტი კუბაში გაიმართა.

„კუბა (მოსკოვისგან) სესხებსა და პროდუქციას იღებდა. 2010-იანი წლების დასაწყისში მისმა ვალმა 34 მილიარდ დოლარს მიაღწია. მაგრამ უკვე 2014 წელს, პუტინის დროს, მან ჩამოწერა ამ ვალის 90%, უბრალოდ აჩუქა ეს თანხა კუბას“, - ამბობს შევჩენკო.

ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი (მარცხნივ), 2024 წელი
ვლადიმირ პუტინი (მარჯვნივ) და კუბის პრეზიდენტი მიგელ დიას-კანელი (მარცხნივ), 2024 წელი

ცხოვრება კუბაში უბრალო მოქალაქეს ძალიან უჭირს. „როცა მუსიკოსად ვმუშაობდი, თვეში 1500 კუბურ პესოს ვიღებდი და რამდენიმე თვე უნდა დამეზოგა ფული, რომ ჩემთვის ტელეფონი მეყიდა“, - ამბობს დარიო მანფუგა, კუბელი დაქირავებული მებრძოლი, რომელიც ამჟამად უკრაინელი სამხედროების ტყვეობაში იმყოფება.

„მაღალ ხელფასად კუბაში ითვლება თვეში 20 $. ამას ემატება ჰიპერინფლაცია. კომუნიზმმა კუბაში ადამიანები გააღატაკა“, - ამბობს ორლანდო გუტერეშ-ბორონატი, რომელიც აშშ-ში 1970-იანი წლებიდან წავიდა და კუბის დემოკრატიული დირექტორატის წარმომადგენელია. ესაა ორგანიზაცია, რომელიც რესპუბლიკაში დემოკრატიულ ცვლილებებს უჭერს მხარს. „კუბის რეჟიმი დამოკიდებულია რუსეთის ნავთობზე, სამხედრო და დიპლომატიურ დაცვაზე. ის ძალიან ჰგავს ასადის რეჟიმს სირიაში, რომელიც ასევე იყო დამოკიდებული პუტინზე“, - დასძენს გუტერეშ-ბორონატი, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვას დღემდე აქვს ბაზები კუბაში.

კუბის ხელისუფლება თავის განცხადებებში ეწინააღმდეგება „უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას უკრაინაში“, ასევე ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს.

2023 წელს, როდესაც პირველი ცნობები გაჩნდა რუსეთის მხარეზე უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი კუბელი დაქირავებულის შესახებ, კუბის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ წინააღმდეგია ასეთი დაქირავებისა.

კუბის ხელისუფლების განცხადების არ სჯერა ორლანდო გუტერეშ-ბორონატს, რომელიც ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ოფიციალურად კუბაში არ არის გამოვლენილი დამქირავებელთა ქსელი და არ აღძრულა სისხლის სამართლის საქმე მათ წინააღმდეგ, რადგან ისინი „რეჟიმზე მუშაობენ“.

„ჩვენ გვაქვს ვიდეო, რომელზეც ჩანს, თუ როგორც ბრუნდება სახლში და აწყობს წვეულებებს ზოგიერთი ის ადამიანი, რომლებიც პირველად დაიქირავეს“, - ამბობს გუტერეშ-ბორონატი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG