ავტორი: ბერდია ბუსქანძე.
ეს პატარა, ჩვეულებრივი, ნამდვილი ამბავი გადამხდა ერთ ჩვეულებრივ დღეს.
დღეს როცა მსოფლიო არაპროგნოზირებადია, როცა ერთი ქვეყანა ესხმის თავს და ხოცავს მეორე ქვეყნის მოქალაქეებს და იკავებს სხვა ქვეყნის ტერიტორიებს, როცა ერთი ქვეყნის პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა მეორე ქვეყნის ტერიტორიის მისი ქვეყნისთვის შეერთება, დღეს, როცა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ადამიანების ნაწილის მანიპულირება, დღეს, როცა ხელოვნური ინტელექტით შეიძლება ნაშრომების, თემების დაწერა და სხვა, ადამიანებს ვერაფრით გააკვირვებ, მითუმეტეს ამ პატარა, ჩვეულებრივი ამბით, რომელიც შეიძლება სხვასაც გაუგია ან უშუალო მონაწილე იყო.
ერთ ქალაქში, ერთ დღეს, როცა ძალიან კარგ გუნებაზე ვიყავი გადავწყვიტე მეყიდა თაფლი ერთ-ერთი რელიგიური ორგანიზაციის ტაძრის ეზოში მდებარე მაღაზიაში, (ვინმე უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავაყენო, არ ვასახელებ რელიგიურ ორგანიზაციას. მაგრამ, სავარაუდოდ მხატვრულ ფილმ „რეკორდში“ და საბჭოთა პერიოდის ანეკდოტში რომ არის ისე გამომდის - იმ თქვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარეს გვარს არ დავასახელებ ...).
როცა კარგი ამინდია ავტომობილით არ გადავადგილდები, ვცდილობ ფეხით ვიარო, გზაში ვინც მხვდება მეკითხება: ფეხით რატომ ხარ, მანქანით რატომ არ ხარ, მე კიდევ ხუმრობით ვპასუხობ: ვებრძვი რუსეთის ეკონომიკას, არ ვხარჯავ საწვავს, შესაბამისად, რუსეთი ვერ ყიდის საწვავს, არ აქვს შემოსავალი, ვერ იყენებს თანხებს ომისთვის, თანაც თუ, ნაკლები საწვავი დაიხარჯება გარემოს ნაკლები ზიანი მიადგება, სინამდვილეში ჩემი ოჯახის ბიუჯეტს ვუფრთხილდები და ფეხით სიარული ჩემი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
იმ დღეს რატომღაც ავტომობილით მომინდა წასვლა. ავტომობილი ტაძრის შორიახლოს გავაჩერე. ავტომობილიდან რომ გადმოვედი, მოხუცი შავებში ჩაცმული ბებო დავინახე, რომელიც გარდაცვლილ დედაჩემს და ბებიას მივამსგავსე. უცბად გული დამწყდა, სინდისმა შემაწუხა, როცა დედაჩემი და ბებია ცოცხლები იყვნენ, ხშირად არ ვკითხულობდი, არადა ცხოვრება ხანმოკლეა, სანამ ადამიანები ცოცხლები არიან, უნდა მოვიკითხოთ, თბილი სიტყვები ვუთხრათ.
ტაძრის ეზოს წინ სავარაუდოდ ახალდაქორწინებულები და მათი ახლობლები იდგნენ, მათ შორის ფოტოგრაფი, რომელიც დიდი ხანია არ მინახავს, გავუღიმე მივესალმე, მოვიკითხე, ასეთი ჩვევა მაქვს ოდნავ ნაცნობსაც უნდა მივესალმო. რა ჯობია შენს ქალაქში, როცა ქუჩაში მიდიხარ ნაცნობებს ესალმები, მოიკითხავ და რაღაც სიამოვნებას გრძნობ.
შევედი მაღაზიაში, მესანთლეს და თაფლის გამყიდველს ვუთხარი, რომ მინდოდა თაფლის შეძენა, ამ დროს გარედან შემოვიდა ნაცნობი ფოტოგრაფი, მე, რა თქმა უნდა ხელით ვანიშნე და დავუთმე ადგილი, მან მესანთლეს უთხრა, რაღაც ნივთის კურთხევა მინდაო, მესანთლემ მკაცრი ტონით უთხრა ფოტოგრაფს,
-სად არის ის მეჯვარე ბიჭი, არ იცის ქორწინების რიტუალი 25 ლარი რომ არ ღირს, დაუძახე ერთი სიძეს, მოვიდეს აქ!
ფოტოგრაფი გაწითლდა, არაფერი უთქვამს, ისევ ნივთის კურთხევაზე კითხა, მესანთლემ მკაცრი ტონით უთხრა მოიტანე ნივთი აკურთხებენ და წაიღე, ფოტოგრაფი გავიდა, მე თაფლი შევიძინე, რადგან თაფლი უფრო ნაკლები ფასი ღირდა ვიდრე ვვარაუდობდი ტაძრის ეზოდან გამოსვლისას იქვე მჯდომ ხეიბარს ქაღალდის ფული მივეცი, თანაც მხარზე ხელით შევეხე პატივისცემისა და რაღაცნაირად სითბოს გამოსახატად. რატომღაც ჩვევა მაქვს ყოველ ხელფასზე მცირედი ფული ვაჩუქო იმას ვინც ფულს ითხოვს, არა იმიტომ რომ იმ ქვეყნად ვინმე ამის გამო შეღავათს გამიწევს, ან კარმას გავასუფთავებ, არამედ ფულის მიცემის შემდეგ რაღაც სიამოვნებას ვიღებ, ყოფილა შემთხვევა როცა ვიცი ადამიანს ფული სჭირდება, შავ მეტალს აგროვებს, მივსულვარ ფული მიმიწოდებია და მითქვამს: ბოდიში თქვენ ფული დაგივარდათ, აიღეთ, იმასაც მადლობა უთქვამს...მოკლედ ადამიანს რაღაცით იმიტომ უნდა დაეხმარო, რომ იმ ადამიანსაც ასიამოვნო და შენც კმაყოფილი და ბედნიერი იყო. ჩვევა მაქვს თუ, ადამიანი ცუდს გამიკეთებს, იმ ადამიანზე ვილოცო და თუ, შანსი მომეცა სიკეთით გადავუხადო, ამას რომ გავაკეთებ სიამოვნებას ვიღებ, მოკლედ თუ, წარმატება გინდა ცხოვრებაში და თუ, ვინმემ ცუდი გაგიკეთა, დალოცე, შეუნდე და ეცადე კარგი გაუკეთო, მაშინ წარმატება თავისით მოვა. დამიჯერეთ საკუთარ თავზე არაერთხელ გამოვცადე.
მოკლედ მთავარ ამბავს დავუბრუნდეთ, მივედი ჩემს ავტომობილთან და დავინახე ისევ ის შავებში ჩაცმული მოხუცი, რომელიც დედას და ბებიას მივამსგავსე. რატომღაც რაღაც ძალამ მათქმევინა ბებოზე, ბებო დაბრძანდით ავტომობილით მოგემსახურებით, სადაც მეტყვით იქ წაგიყვანთ, ბებომ მიპასუხა, არა შორს ვცხოვრობ ვერ შეგაწუხებ, მე ისევ გავუმეორე ნათქვამი და ავტომობილის კარი გავუღე. ბებო ავტომობილში დაბრძანდა.
ერთხელ 90-იან წლებში, სამოქალაქო ომის დროს ავტომობილი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი რომ არ მოძრაობდა ერთმა ავტომობილი გამიჩერა და წამიყვანა. მერე დაახლოებით 25-30 წლის შემდეგ ეს პიროვნება, ვნახე, სავარაუდოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს ელოდებოდა, გავუჩერე ავტომობილი, ვუთხარი მოგემსახურები წაგიყვან სადაც მეტყვი, ავტომობილში რომ დაჯდა, გავახსენე 25-30 წლის წინ, შენ ავტომობილი გამიჩერე და წამიყვანე, ეტყობა ჩემი გახსენებული ამბავი ესიამოვნა, მეც წავიყვანე დანიშნულ ადგილას. მოკლედ იმის თქმა მინდა, სიკეთე არ იკარგება, ალბათ 25-30 წლის მერე დაუბრუნდა მას გაკეთებული სიკეთე.
ავტომობილი რომ დავძარი ცოტა ხანი სიჩუმე ჩამოვარდა, ცოტა ხნის შემდეგ ბებომ ამოიხვნეშა, თითქოს მთელი დარდი ამოატანა და თქვა:
-შვილი მყავდა 54 წლის, არ ვიცი თავი რატომ მოიკლა, დავდივარ ტაძარში, სასულიერო პირმა მითხრა, თავი ვინც მოიკლა, წესის აგება არ შეიძლებაო, რა ვქნა არ ვიცი…
ამ დროს რაღაც ძალა მომაწვა და ამალაპარაკა:
-ღმერთს ბებო ყველა უყვარს მათ შორის თქვენი შვილი, თუ ავაზაკს შეუნდო, ცუდი ყოფაქცევის ქალს შეუნდო, თქვენს შვილსაც შეუნდობს, ის ახლა ღმერთთანაა, თქვენ იარეთ ტაძარში, მთავარია ღმერთს ყველა უყვარს, თქვენი შვილიც, ღმერთი თქვენ შვილს შეუნდობს დარწმუნებული ვარ. სასულიერო პირმა რაც, უნდა ის ილაპარაკოს, ის მათი აქაური წესია.
ბებომ კონკრეტული შემთხვევა დამისახელა როცა თვითმკვლელობის შემდეგ სასულიერო პირმა წესი აუგო გარდაცვლილს, მეც ჩემებურად შევალამაზე სასულიერო პირის ქმედება, წესის აგება დასაშვებია ალბათ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თუ, მოიკლა ადამიანმა თავი და ყველა ვინც თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს ჯანმრთელობის გამო აკეთებს, თქვენმა შვილმაც ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო გააკეთა, მაგრამ, რაც, მთავარია ღმერთს ყველა უყვარს, მათ შორის თქვენი შვილი, ასე რომ ღმერთი შეუნდობს თქვენს შვილს. შვილიშვილები თუ, გყავთ, ვკითხე ბებოს, კი სამი შვილიშვილი, სამივე წარმატებული მიპასუხა ბებომ, პოზიტიური განწყობა რომ შემექმნა ამიტომ ვუთხარი- კარგია ბავშვები რომ კარგად არიან, წარმატებული იყვნენ მუდამ.....
არ ვიცი ასე ვფიქრობ ბებომ ჩვენი საუბრის შემდეგ შვება იგრძნო, მეც მივიყვანე ის დანიშნულების ადგილას, ბებომ მადლობა გადამიხადა და ბოდიში მომიხადა შეწუხებისთვის, მე ვუთხარი:
- ბებო რა შეწუხებაა, დედაჩემი და ბებიაჩემი რომ ყოფილიყო ხომ უნდა წამომეყვანა!
ოღონდ ის არ მითქვამს ბებია და დედა დიდი ხნის გარდაცვლილები რომ იყვნენ.
ბებოსგან რომ ვბრუნდებოდი რაღაც უცნაურად ვგრძნობდი თავს, გულში მადლობას ვეუბნებოდი ღმერთს ყველაფრისთვის.
რამდენიმე დღის შემდეგ, ისევ იმ ადგილას, ჩემს ავტომობილთან ისევ ის შავებში ჩაცმული ბებო ვნახე, მე, თითქოს არ ვიცნობდი მას, ისე ჩავჯექი ავტომობილში და წავედი.
ფორუმი